ხელოვნება

დოკუმენტური კინოფესტივალი „მონანიების სიმღერებით“ გაიხსნა

16 ოქტომბერი, 2013 •
დოკუმენტური კინოფესტივალი „მონანიების სიმღერებით“ გაიხსნა

ფილმი, რომელიც 2007 წელსაა გადაღებული, იამაიკის ყველაზე დიდ ციხესა და პატიმრების რეაბილიტაციის პროცესზე მოგვითხრობს.

 

ამანდა სანი და არჩილ ხეთაგური
ამანდა სანი და არჩილ ხეთაგური

„ფილმის გადაღების ორთვიან პროცესში ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდით. თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ ციხეში ფილმის გადაღების ნებას დაგვრთავდნენ. მუშაობის პროცესშიც ძალიან შებოჭილები ვიყავით ციხის რეგულაციების გამო. ძალიან დავუახლოვდით პატიმრებს. მე დიდი სურვილი მქონდა, ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი, ფილმის პრეზენტაციაზე ჩამომეყვანა, თუმცა ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მომეცა,“ – განაცხადა ამანდა სანიმ, ფილმის რეჟისორმა.

 

„ძალიან საინტერესოა, თუ როგორ შეუვსო პატიმრებს სიცარიელე მუსიკამ და ფსიქოლოგიურად ჩამოაყალიბა ისინი. ემოციურად იმოქმედა პერსონაჟების რეალურმა ისტორიებმა, თუ როგორ სცემდა მამა ელექტროსადენით და შემდეგ ჭრილობებზე მარილს და წიწაკას აყრიდა. ამ სცენის კულმინაცია იყო, როდესაც მიუხედავად მიყენებული ტკივილისა, პატიმარი მამას ცრემლებით გამოუტყდა კამერის წინ სიყვარულში და თავისი საყვარელი მოხუცი უწოდა,“ – განაცხადა ფილმის ნახვის შემდეგ ერთ-ერთმა მაყურებელმა დაჩი ჯაჭვაძემ.

 

ფესტივალის ჟიურის წევრის, შტეენ მიულერის თქმით, ფილმი ემოციურად დატვირთული, დინამიკური იყო:


“გაოცებული ვარ პატიმრების მაღალი ღირებულებებით, მიუხედავად მათში დაბუდებული აგრესიისა“.

 

ფილმის ჩვენების შემდეგ მისი განხილვა მოეწყო, სადაც რეჟისორი ამანდა სანი მაყურებლის კითხვებს პასუხობდა და საუბრობდა პატიმრებზე, რომლებიც, მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, თავის თავში ადამიანს პოულობენ და სიყვარულზე მღერიან.

 

CineDoc პირველი საერთაშორისო ფესტივალია კავკასიის რეგიონში:

 

“ამიტომ ის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის რეჟისორებს და კინოკრიტიკოსებს,“ – აღნიშნა ფესტივალის კოორდინატორმა მარიამ ახალკაცმა.


„დოკუმენტური ფილმის ფესტივალი თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება და მე ვიფიქრე, რატომ საქართველოში არა?!“ – განაცხადა არჩილ ხეთაგურმა, ფესტივალის დირექტორმა.

 

ფესტივალი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორი ორგანიზაცია NOOSFERA FOUNDATION-ია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

დოკუმენტური კინოფესტივალის გახსნა
დოკუმენტური კინოფესტივალის გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი