ხელოვნება

აღმაშენებელზე კულტურული ძეგლების სტატუსს სამინისტრო გადახედავს

9 ოქტომბერი, 2013 • 2140
აღმაშენებელზე კულტურული ძეგლების სტატუსს სამინისტრო გადახედავს

ორგანიზაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ აღმაშენებლის გამზირზე ორ ისტორიულ შენობას დანგრევა ემუქრება. ორგანიზაციის მტკიცებით, აღმაშენებლის გამზირის #58 და #60-ში მდებარე შენობების ადგილას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვა არქიტექტურული სახის და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობების აშენება სურს.

 

აღმაშენებლის გამზირი #60
აღმაშენებლის გამზირი #60

“მემკვიდრეობის კანონში შევიდა ცვლილებები და ქ. თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება აღუდგა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. ამ ცვლილებამ თითქოს გააჩინა იმედი, რომ ამიერიდან სწორად და კანონის ფარგლებში წარიმართებოდა პროცესები თბილისის ისტორიულ ნაწილში. სამწუხაროდ, ცვლილების მიღებიდან პირველივე ინფორმაცია საგანგაშო და შოკისმომგვრელია! აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორ ისტორიულ ძეგლს, როგორც ჩანს, დანგრევა ემუქრება!”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

“რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის” განცხადებით, კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მუხლი 17.) განმარტავს, რომ ძეგლისათვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია „საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.“

 

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ კულტურის სამინისტრომ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრს მიმართა, რათა შენობები შეესწავლა. “რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის” განცხადებით, ცენტრმა დადებითი დასკვნა დადო. 

 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ მათ კვლევა ჩაატარეს და დასკვნა დადეს, რომლის გასაჯაროვება კულტურის სამინისტროს კომპეტენციაა. 

 

აღმაშენებლის გამზირი #58
აღმაშენებლის გამზირი #58

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნა ჯერ არ განუხილავთ კულტურის სამინისტროში და არც სავარაუდო თარიღი იციან ამ საკითხის განხილვის. 

 

“ეს დასკვნა არის მოწოდებული, მაგრამ არ განუხილავს სამინისტროს. როცა განიხილავენ, ყველასთვის გახდება ცნობილი,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი