რეჟოსორი მარლენ ხუციევი წლევანდელი კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის წევრიცაა. ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, ხუციევი საბჭოთა კინოსთვის მნიშვნელოვანი რეჟისორია.
ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე ასულმა ხუციევმა განაცხადა, რომ იგი ქართულ მიწაზე დაიბადა და უხარია, რომ ბათუმში ჩასვლა მისთვის სამშობლოში დაბრუნებაა. მან განაცხადა, რომ რუბენ გევორკიანცისგან განსხვავებით (ჟიურის წევრმა რუბენ გევორკიანცმა სომეხი ხელოვანის მიერ გაკეთებული ჯვარი გადასცა ზვიად ელიზიანს და ისურვა, რომ ეს ჯვარი ყოფილიყო ფესტივალის წარმატების საწინდარი), მან ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს საკუთარი გული აჩუქა.
კინოფესტივალის მენეჯერის თქმით, მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი ქართული კინემატოგრაფიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. “აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ძალიან დროული იქბებოდა ჩვენი მხრიდან ამ პრიზის გადაცემა.
რეზო ჭეიშვილს პრიზი ფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ გადასცა. ჭეიშვილმა მადლობა გადაიხადა ჯილდოსთვის და განაცხადა, რომ ქართული კინო ქართული სიტყვით ცოცხლობს და “რაც არ უნდა ინტერნაციონალურში გადავიდეს”, თვითმყოფადობას ენით შეინარჩუნებს.
ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოებამდე, საღამოს წამყვანმა სცენაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მოიწვია, რომელმაც სტუმრებს სთხოვა კინოფესტივალზე დახურვის დღემდე იარონ, რადგან ფილმების მთავარი შემფასებლები მაყურებლები არიან.
“ჩვენ რამდენიმე რამით ვართ გამორჩეული: ერთია თავისუფლებისაკენ სწრაფვა, მეორეა ჭიდაობა და მესამე არის კინო. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით კინოს ფასი. კინოში იწყებოდა ჩვენი აღზრდა, ჩვენი დაკაცება, ჩვენი ადამიანობა,”- განაცხადა ბერიძემ.
დაჯილდოების შემდეგ ფილმის “კუ! ქინ ძა-ძა” ჩვენება დაიწყო. ზვიად ელიზიანის თქმით, ეს გიორგი დანელიას ერთ-ერთი ბოლო ფილმია. ორგანიზატორებს რეჟისორის ბათუმში ჩამოყვანა სურდათ, თუმცა ასაკის გამო ეს ვერ მოხერხდა.
“რახან ეს ახალი ფილმმი იყო საკმაოდ საინტერესო რეჟისორის მიერ, ამიტომ იყო ეს გახსნის ფილმი,”- განმარტა ელიზიანმა.








