ხელოვნება

თელავში “მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013” გაიმართება

11 სექტემბერი, 2013 • 1389
თელავში “მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013” გაიმართება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ რეგიონებში კულტურული ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

“12 ოქტომბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი იქნება თელავში, ანუ კულტურული დედაქალაქი საქართველოსი იქნება თელავში,”- განაცხადა გურამ ოდიშარიამ. 

2013 წლის ფესტივალი მოიცავს 6 კონცერტს, რომლის უმეტესობა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება. იგი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები უკრავენ. ორკესტრს დირიჟორი არიელ ცუკერმანი უხელმძღვანელებს.

“ჩვენ გთავაზობთ ძალიან მრავალფეროვან პროგრამას. განსხვავება ის არის წელს, რომ გეოგრაფიულად გაიზარდა ჩვენი მონაწილეები. წარმოდგენილია უფრო და უფრო მეტი ქვეყნიდან,”- განაცხადა თამარ ლორთქიფანიძემ, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის გენერალურმა მენეჯერმა. 

თამარ ლორთქიფანიძის თქმით, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ახალი შემსრულებლების აღმოჩენაა. მისი თქმით, ფესტივალზე დასასწრებად საზღვაგარეთიდანაც ჩამოდიან სტუმრები. 

2013 წლის ფესტივალი სოლისტების შემდეგი შემადგენლობით წარსდგება მსმენელის წინაშე: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ და სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.

12 ოქტომბრის კონცერტი 19 საათზე დაიწყება. 13 ოქტომბერს, ოპერის მუსიკის კონცერტზე სოლისტები- მზია ნიორაძე და ტიფანი ობანის წარდგებიან მსმენელის წინაშე. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბელგიელი ფოტოხელოვანის, დერეკ პრაჟერის ფოტოგამოფენა.

 

ფესტივალი ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა სახელწოდებით “ქება ვაზისა”. შემდგომში, საქართველოში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო ფესტივალი აღარ ჩატარებულა.

2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით აღდგა.

ბილეთები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში იყიდება. მერიის მიერ გამოყოფილი ორი ავტობუსით კი, ფესტივალის სტუმრების თბილისიდან თელავში გადაყვანა იქნება შესაძლებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი