კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, იგი მხარს უჭერს რუსთაველის მმართველის თანამდებობაზე დავით საყვარელიძის კანდიდატურას. მისი თქმით, დავით საყვარელიძის კანდიდატურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კანონის შესაბამისად წარადგინა.

სახელმწიფო პროფესიული თეატრების შესახებ კანონის მიხედვით, თეატრის მმართველს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის წარდგინებით კულტურის მინისტრი ნიშნავს. ოდიშარიას თქმით, მან გაიგო, რომ დავით საყვარელიძემ უარი განაცხადა მმართველის თანამდებობაზე.
“როგორც კი წარადგინა, მე თანხმობა განვაცხადე,”- თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ შემდგომი მოლაპარაკება თეატრის მმართველსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის უნდა შედგეს. მინისტრის თქმით, დავით საყვარელიძესთან ჯერ არ უსუბრია.
მოსკოვში მყოფმა დავით სააყვარელიძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მას არ სურს თეატრის მმართველის ხელმძღვანელობაზე მუშაობა. “ნეტგაზეთი” საყვარელიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ თუ დავით საყვარელიძე უარს იტყვის, მაშინ სტურუამ ახალი კანდიდატურა უნდა წარადგინოს.
დავით საყვარელიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი 2004-2013 წლებში იყო. მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 23 იანვარს დაწერა.
