ხელოვნება

თბილისში შუასაუკუნეების ოქროს ბეჭედი აღმოაჩინეს [Video/Photo]

23 აგვისტო, 2013 • 2790
თბილისში შუასაუკუნეების ოქროს ბეჭედი აღმოაჩინეს [Video/Photo]

არქეოლოგ ვაჟა სადრაძის ვარაუდით, მათ აბანოები აღმოაჩინეს. ახლად გათხრილ არქეოლოგიურ ობიექტზე, რომლის მცირე ნაწილია მიწის საფარისგან გათავისუფლებული, ოქროს ბეჭედი და კერამიკის ნატეხები აღმოაჩინეს. არქეოლოგის თქმით, ბეჭედი, რომელიც ალმადინის თვლითაა გაფორმებული, შესაძლოა, ანტიკური ხანისაც იყოს. 

ვაჟა სადრაძე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშრომელი, ამბობს, რომ შენობის მხოლოდ განივი კედელია გადარჩენილი, სიგრძივი კედლები კი განადგურებულია. თუმცა იგი ვარაუდობს, რომ შენობას, რომელიც ხევისკენ ეშვებოდა, 120 კვადრატული მეტრის ფართობი ჰქონდა. 

უკვე აღმოჩენილია სავარაუდო აბანოების იატაკი და კედლების ნაწილი, რომლებიც “ჰიდრავლიკური ხსნარის” შემცველი ნალესით იყო მოპირკეთებული. არქეოლოგის განმარტებით, ეს ხსნარი წყლის შემაკავებელი ნივთიერებაა, რომელიც მათ აფიქრებინებს, რომ გვიან შუასაუკუნეებში აქ აბანოები იყო. თუმცა იმისთვის, რომ მათი ვარაუდი საბოლოოდ დამტკიცდეს, აბანოებისთვის საჭირო გაყვანილობის არსებობაც უნდა დადასტურდეს. 

იტსორიული ძეგლი მირზა შაფის ქუჩის #5-ში მიმდინარე მშენებლობისას აღმოაჩინეს. ტერიტორიაზე “კავკასუს როუდ პროჯექტი” მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. კომპანიის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის თქმით, მშენებლობის პროცესში ძველი შენობის ნაშთები აღმოჩნდა, რის შესახებაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეატყობინეს. 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თბილისში წარმოებული არქეოლოგიური კვლევებისას ოქროს სამკაული აღმოაჩინეს. ძეგლზე მომუშავე არქეოლოგების თქმით, მათ ძალიან ბევრი არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი იყო გამოფენილი დღეს კულტურის მინისტრის მოადგილის ვიზიტისას. აღმოჩენილი არტეფაქტები არქეოლოგიის ცენტრშია გადატანილი, რომლებიც სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. 

აღმოჩენა კულტურის მინისტრის მოადგილემ, მარინე მიზანდარმა მოინახულა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმისათის, რათა ამ ისტორიული ძეგლის კონსერვაცია მოხდეს. მიზანდარის თქმით, ისტორიული შენობა ისე უნდა აღდგეს, რომ დამთვალიერებელს მისი ნახვა შეეძლოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი