ხელოვნება

კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველსაყოფად ფონდი შეიქმნა

15 აგვისტო, 2013 • 1684
კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველსაყოფად ფონდი შეიქმნა

ფონდის მისია ქართული კულტურის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება და ქართულ და უცხოურ ბაზრებზე ნიშების შერჩევაა, კულტურის სფეროში  მოღვაწე ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, და ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერაა, კულტურის სფეროს პოპულარიზების მიზნით მედიასაშუალებებთან ურთიერთობაა. 

 

მინისტრის ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ საინვესტიციო ფონდი კომერციულად მომგებიან პროექტებს დააფინანსებს; ასევე, კულტურის მენეჯერებისთვის გაცვლით პროგრამებსა და ვორქშოფებს მოაწყობს. 

 

კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ბრძანების მიხედვით, ფონდი განუსაზღვრელი ვადითაა შექმნილი. მას აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში.

 

“ფონდი უფლებამოსილია, თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები,  დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში,”-წერია ბრძანებაში. 

 

საინვესტიციო ფონდს დამოუკიდებლად ექნება გადაწყვეტილების მიღების, შინაგანაწესის, სტრატეგიისა და სამუშაო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების უფლება. სესხის აღება, ქონების შეძენა, გაყიდვა და ვალდებულებით დატვირთვა, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა ფონდს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მოუწევს.

 

ფონდი კულტურის სამინისტროს მისამართზეა დარეგისტრირებული. მას ეყოლება დირექტორი, რომელიც კულტურის მინისტრის ბრძანების მიხედვით დაინიშნება და გათავისუფლდება. კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის ფონდის საქმიანობას კულტურის სამინისტროს გააკონტროლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი