ხელოვნება

“ეროვნულ ძალთა გაერთიანება” საყდრისის მხარდასაჭერად აქციას გამართავს [Photo]

9 აგვისტო, 2013 • 1592
“ეროვნულ ძალთა გაერთიანება” საყდრისის მხარდასაჭერად აქციას გამართავს [Photo]

ეროვნულ ძალთა გაერთიანების ორგანიზებით მოწყობილი შეხვედრა “კინოს სახლში” 12 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე აჩვენეს პროფესორ ირინე ღამბაშიძის მიერ შედგენილი პრეზენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ძეგლის მეგობრის” წევრმა სალომე ჭანტურიძემ საყდრისის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

“მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი წლების წინ, მაგრამ დღეს კულტურის მინისტრის ბრძანებით ჩამოერთვა. შედეგად დაიკარგება კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, რომელსაც აქვს შანსი მოხვდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში,”- განაცხადა ჭანტურიძემ. 


“ეროვნულ ძალთა გაერთანების” წევრები მიიჩნევენ, რომ საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს იმსახურებს და რესპუბლიკის მასშტაბით საინფორმაციო კანპანიის ჩატარებას გეგმავენ. გაერთიანების წევრების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მეცნიერებთან შეხვედრებს გამართავენ და კამპანიაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩართავენ.


“ეს არის მცდელობა, განადგურდეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კაცობრიობის ისტორიისათვის უნიკალური ძეგლი. გვინდა ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხსიმგებლობა ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც იმ კომპანიებმა [RMG Gold] ჩაიდინეს ამ წლების განმავლობაში,”- განაცხადა მირიან ფირცხალავამ, “ეროვნულ ძალთა გაერთიანების” წევრმა. 


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 13 აგვისტოს, 1 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მიმართავენ, რომ გააუქმოს მისი ბრძანება საყდრისისთვის კუტურული მემკვიდროების სტატუსის მოხსნის შესახებ. ისინი მოელიან, რომ საყდრისი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლას იმსახურებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი