ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ვარძიის ტერასები ბეტონით 1950-იან წლებში გაამაგრეს

5 აგვისტო, 2013 • 2239
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ვარძიის ტერასები ბეტონით 1950-იან წლებში გაამაგრეს

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ბეტონით გამაგრებული ვარძიის ზედა ტერასები იყო აღბეჭდილი. მომხმარებლების თქმით, ეს სამუშაოები მართლმადიდებელი სამღვდელო პირების მიერ იყო შესრულებული. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფოტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა:

 

“კულტურული მემკვდრეობის დარგში საზოაგადოების ჩართულობა და აქტივობა სფეროს განვითარების საფუძველია.
ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ზედა ტერასების ბეტონის მასებით გამაგრება დაახლოებით გასული საუკუნის 50-იან წლებში განხორციელდა, იმ პერიოდში, როდესაც ქართველი სპეციალისტებისთვის ეს იყო ერთადერთი გამოსავალი ჩამოშლისა და დანგრევის პირას მყოფი, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ქვაბულების გადასარჩენად. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიზანია, ქვეყანაში სარესტავრაციო/სამშენებლო პროცესები განხორციელდეს სიძველეთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული კანონისა და საერთაშორისო კონვენციით დადგენილი წესების დაცვით. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის – შესრულებული, მიმდინარე და შესასრულებელი სამუშაოების მიმართ საზოაგადოების მაღალი ინტერესი დასაფასებელია. სიძველეთა დაცვის თემამ უკანასკნელ წლებში გაარღვია სამეცნიერო საზოგადოების ჩარჩოები და დღეს სხავდასხვა პროფესიის ადამიანების ინტერესის და ზრუნვის საგანი გახდა. ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს სიძველეების დაცვის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ეტაპობრივ ამაღლებას.

ეროვნული სააგენტო ძეგლების რეაბილიტაციით დაინტერესებული საზოგადეობისთვის შემეცნებითი ხასიათის სემინარების გამართვას გეგმავს, სადაც დამატებით იქნება განმარტებული ის აუცილებელი საკითხები, რომელიც ძეგლზე სამუშაობის წარმოებამდე არის გასათვალისიწნებელი,”- ნათქვამია განცხადებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი