ხელოვნება

საყდრისი: კულტურული მემკვდირეობის ძეგლი თუ არქეოლოგიური ობიექტი

16 ივლისი, 2013 • 5218
საყდრისი: კულტურული მემკვდირეობის ძეგლი თუ არქეოლოგიური ობიექტი

კულტურის სამინისტრო მის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით იუწყება, რომ 2006 წელს საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს ძეგლის სტატუსი კომისიის გადაწყვეტილების გარეშე მიენიჭა, რაც მაშინ მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევა იყო. 

 

2013 წლის 26 აპრილს კომპანიამ “RMG”, რომელიც მიმდებარე ტერიტიორიაზე ოქროს მოიპოვებს, მიმართა კულტურის სამინისტროს, საყდრისის საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მართებულობა შეესწავლა. გადაწყვტილების შესწავლის მომხრე იყო საქართველოს მთავრობაც. 2013 წლის 28 მაისს ოდიშარიას ბრძანებით შეიქმნა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც დაევალა აღნიშნული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა.

 

“დარღვეულია იმ დროს მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც გულისხმობს, რომ ძეგლის სტატუსი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უნდა მინიჭებოდა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. სამინისტროში არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.  

 

კულტურის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აღნიშნული ძეგლი იყო სპილენძის და არ ოქროს მომპოვებელი საბადო. კომიისის დადგენილებით, ის იარაღები, რომლებიც აღმოჩენილია საბადოში, იყო უფრო მყიფე, ვიდრე ნიადაგი, რომლის დასამუშავებლადაც ის იყო განკუთვნილი. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება უნდა მომხადრიყო, სამინისტროში არ მოიძებნა. 

 

“კომისიის სხდომებზე წარდგენილი იქნა გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, მეტალურგიული და მასალათა გამძლეობის დასკვნები, რომელთა მსგავსი შინაარსიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ გეოლოგიური კუთხით, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება,”–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

ირინა ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვინც 2004 წლიდან იკვლევს საყდრისის საბადოს, ამბობს, რომ მან დოკუმენტაცია სამინისტროში მიიტანა. ის არ გამორიცხავს, რომ ეს დოკუმენტაცია სამინისტროდან დაიკრგა. ირინას თქმით, საქმე გვაქვს ოქროს მომპოვებელ უძველეს საბადოსთან, რომელიც 5400 წელს ითვლის. არქეოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ძეგლი სპილენძის მომპოვებელი საბადოც რომ ყოფილიყო, ამით მისი მნიშვნელობა მაინც არ მცირდება. 

 

ღამბაშიძის თქმით, არქეოლოგიურ ძეგლზე 10 ათასამდე ქვის იარაღია აღმოჩენილი და კიდევ ბევრია აღმოსაჩენი, რადგან ძეგლის ძალიან მცირე ნაწილია შესწავლილი. ირინა ღამბაშიძეს მინისტრის ბრძანების ის ჩანაწერი აკვირვებს, რომლის მიხედვითაც საბადოს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. მან არ იცის, როგორ არის შესაძლებელი მთის მასივის გადატანა სხვა ადგილას ისე, რომ არ დაზიანდეს. 

 

მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდება მუზეუმი, სადაც საყდრის–ყაჩაღიანის საბადოზე აღმოჩენილი მასალა განთავსდება. მინისტრის ბრძანების მიხედვით, 15 სექტემნბრამდე უნდა დასრულდეს ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა. სამეცნიერო ლაბორატორიაში უკვირთ, როგორ უნდა მოხდეს ძეგლის შესწავლა ასეთ მცირე პერიოდში. 

 

კომპანიამ “RMG”, რომელიც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებს, მოპოვებითი სამუშაოები შეწყვეტილი აქვს, რადგან “კულტურული მემკვირეობის შესახებ საქართველოს კანონით” ძეგლის სიახლოვეს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება არ აქვს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნას იშველიებს და აცხადებს, რომ საყდრისის ტერიტორიაზე დაწყებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა უპირობოდ გამოიწვევს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების არაკონტროლირებად ეფექტებს. 

‘ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2013 წლის 5 ივლისს გამოცემული იქნა №03/108 ბრძანება, რომელიც გულისხმობს არქეოლოგიური ობიექტისათვის კანონის დარღვევით მინიჭებული ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობას. ამავე ბრძანების საფუძველზე, დაიწყო მუშაობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუზეუმის აშენების საკითხზე, სადაც განთავსდება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მოპოვებული კულტურული ღირებულების მქონე არტეფაქტები,

„საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის“ ტერიტორია ინარჩუნებს არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსს, შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას, ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას“. აქედან გამომდინარე, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებამდე და არქეოლოგიური დაცვის ზონის არსებობის პირობებში, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უსაფრთხოება კანონით არის სრულყოფილად დაცული,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი