ხელოვნება

“Misterika Festival” ასურეთის ნაცვლად თბილისის ზღვაზე ჩატარდება

16 ივლისი, 2013 • 1245
“Misterika Festival” ასურეთის ნაცვლად თბილისის ზღვაზე ჩატარდება

“სამწუხაროდ, ასურეთში ვერ ჩავატარეთ, პრობლემები შეგვექმნა და მოგვიწია ადგილის შეცვლა,” – განაცხადა თემურ ბესელიამ, ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი მღვდლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთთან ღია ცის ქვეშ ფესტივალის ჩატარებას შეეწინააღმდეგნენ. ჩვენს შეკითხვაზე, პრობლემების მიზეზი მართლმადიდებელი სამღვდელო პირები ხომ არ იყვნენ, თემურმა გვიპასუხა:

 

“ამაზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ალბათ, ფესტივალის დამთავრების მერე… ჯერ ვერ გეტყვით. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ უსაფრთხოების გამო, ჯერ არავითარ ოფიციალურ ინფორმაციას არ გავავრცელებთ.”

 

თემურ ბესელიას თქმით, ყველაფერი იგივე რჩება, მხოლოდ ფესტივალის ჩატარების ადგილი შეიცვლება. მისივე თქმით, ფესტივალი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ნებართვით ჩატარდება. ღონისძიების ადგილამდე ტრანსპორტი სარაჯიშვილის მეტროდან გავა. “მისტერიკა ფესტივალის” ორგანიზატორია “ქრონო”, რომელიც, ბესელიას თქმით, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას წელს პირველად მართავს. 

 

Asureti OPEN Air “Misterika Festival” ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ასურეთში უნდა გამართულიყო. მასში  ქართველი, უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი 18–22 ივლისს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი