ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია დაუცველი მემკვიდრეობისთვის

8 ივლისი, 2013 • 2973
კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია დაუცველი მემკვიდრეობისთვის

კონცეფციის შექმნის მიზეზები სრულად აღუნუსხავი ისტორიული ძეგლები, კულტურის აღნუსხულ ძეგლებს შორის ტიპოლოგიური და რეგიონული დისბალანსი, ეროვნული უმცირესობების ძეგლებისადმი უყურადღებობა, ადგილზე ძეგლების მოუვლელობაა, განაცხადა იკომოს–საქართველოს გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ, კულტურის სამინისტროში გამართული პრეზენტაციის მომხსენებლმა.

 

დღეს გამართულ პრეზენტაციას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები -მარინე მიზანდარი და ალექსანდრე მარგიშვილი ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, “ტფილისის ჰამქრის” წევრები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები.

 

კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია იკომოს–საქართველომ შეიმუშავა. იკომოსი (კულტურულ ძეგლთა საერთაშორისო საბჭო) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ძეგლთა დაცვის მეთოდებზე მუშაობს. მასში გაწვერიანებულია დარგის სპეციალისტები მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გაეროს კულტურისა და განათლების ორგანიზაცია იუნესკო ითვალისწინებს. 

 

კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის ნაწილია. მას კულტურის სამინისტრო ახორციელებს. ამას გარდა, საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ამუშავებს. კულტურული მემკვიდრეობის მართვის კონცეფცია თვითმმართველობებისთვის უფლებების დელეგირების საკითხში დეცენტრალიზების სახელმწიფო პოლიტიკას კვეთს. ნატო ცინცაბაძის თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია მხოლოდ იდეაა და 2013 წლის ოქტომბერში სამუშაო დოკუმენტი შეიქმნება. სამუშაო დოკუმენტში გაითვალისიწინებენ იმ სამინისტროების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დეცენტრალიზაციის პროცესში მონაწილე მხარეები არიან. 

 

კონცეფცია ევროკავშირის აღმოსავლეთ თანაშმრომლობის კულტურული პროგრამის ფარგლებში მუშავდება. ევროკავშირთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი გურამ ოდიშარიამ. მინისტრის თქმით, “რეგიონებში მუშაობა რის ერთ–ერთი პრიორიტეტი კულტურის სამინისტროსი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან.”

 

მემკვიდრეობის წარმომადგენლობითობა, მრავალფეროვნება

იკომოს–საქართველოს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში 6 803 ძეგლია თავმოყრილი. ნატო ცინცაბაძე განმარტავს, რომ კიდევ ბევრი ძეგლია აღუნუსხავი და საჭიროა მათი დამატება. პრეზენტაციის მიხედვით, მთელ რიგ მუნიციპალიეტეტებში კულტურის ძეგლთა ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული.

 

ცინცაბაძემ ყურადღება გაამახვილა აღნუსხული ძეგლების რეგიონებს შორის არაპროპორციულ გადანაწილებაზე. ყველაზე მეტი ძეგლი თბილისშია აღნუსხული (1753). თბილისს კახეთის მხარე (849) მოსდევს, შემდეგ სამცხე–ჯავაძეთი (715),  შიდა ქართლში 617 ძეგლია აღნუსხული, სამეგრელო–ზემო სვანეთში- 633, იმერეთში- 591, მცხეთა–მთიანეთში 501, ქვემო ქართლში 458, რაჭა–ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში–383, აჭარაში–159, გურიაში–34, აფხაზეთში–71.

 

დისპროპორცია არის ტოპოლოგიური თვალსაზრისითაც. 6 803 ძეგლიდან 2 732 საცხოვრებელი–მემორიალური ძეგლებია, საკულტო და კომპლექსის სტატუსის მქონე ძეგლია – 2 485. დანარჩენი სამოქალაქო, ურბანული, კლდეში ნაკვეთი, არქეოლოგიური ნანგრევები, საინჟინრო, საბაღო–საპარკო, საფორტიფიკაციო, მცირე არქიტექტურული ფორმები, ნასოფლარი, სასოფლო- სამეურნეო, პრეისტორიული, სამრეწველო–სამეცნიერო ტიპის ძეგლებად არიან აღნუსხული.

 

ისტორიული გავითარებისადმი უყურადღებობა

იკომოს–საქართველოს გენერალურ დირეტორს მიაჩნია, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ გეგმაში სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნული უმცირესობების შექმნილ მატერიალური კულტურის ძეგლებს. ნატო ცინცაბაძემ მაგალითად მოიყვანა ბოლნისის რაიონში გერმანელების მიერ მე–19 საუკუნეში შექმნილი დასახლება, რომელსაც, მისი თქმით, ამ ბოლო პერიოდში ყურადღება მიექცა. მას მიაჩნია, უნდა გაგრძელდეს ეროვნული უმცირესობების კულტურის ძეგლთა აღნუსხვა და შენარჩუნება.

  

პრეზენტაციაში მოხმობილი იყო ნორვეგიის მაგალითი. ცინცაბაძის თქმით, ნორვეგიაში, რომელსაც აქვს მე–12 საუკუნეში ხით ნაგები ეკლესიები, მათ გვერდით იცავენ გვიანდელ, მე–20 საუკუნის ძეგლებსაც: მაგ. ნახშირის გადამზიდავი საბაგირო ხაზი (მე–20 საუკუნის დასაწყისი) და ტელეგრაფის გადამცემი ხაზი ოსლოდან ბერგენამდე. ნატო ცინცაბაძის თქმით, ამგვარი მეთოდით ისტორიის განვითარების ეტაპები ასახულია.

 

ცინცაბაძის თქმით, ამ ძეგლებიდან უმეტესობა შუა საუკუნეების ძეგლებია. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლებზეა გამახვილებული.

 

“ბოლო პერიოდის გაფართოება კულტურული მემკვიდრეობის ცნებისა უკვე სახეზეა მთელ მსოფლიოში. კლასიკური მონუმენტებიდან ყურადღება გადასულია ხალხური, ინდუსტრიული, სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვისკენ, შესაბამისად, სილამაზის დაცვიდან ისტორიის განვითარების ეტაპების წარმომადგნელობითობის დაცვაზე. ეს მომენტი ძალიან სერიოზულად პრობლემურია ქართული მემკვიდრეობის ეროვნულ პოლიტიკაში,”– ნატო ცინცაბაძე. 

 

ძეგლების ადგილზე დაცვის პრობლემა


რეგიონული სტატუსის მქონე ჭობისხევის კომპლექსი ბორჯომიდან რამდენიმე კილომენტრში მდებარეობს. ცინცაბაძის თქმით, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან გვიან შუა საუკუნეებამდე განვითარების უწყვეტი ხაზია შენარჩუნებული. ძეგლის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ცინცაბაძის თქმით, უცნობია.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არის ის ორგანო, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან გადაცემული აქვს უძრავი და მოძრავი ძეგლების ზრუნვა და პოპულარიზაცია. შესაბამისად, სააგენტო არის პასუხისმგებელი ორგანო ძეგლების მოვლის პროცესში. ნატო ცინცაბაძის თქმით, სააგენტოს ბალანსზე არსებულმა მუზეუმ–ნაკრძალების წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ მონიტორინგი იმ რეგიონში არსებულ ძეგლებზე, რომლებშიც ეს ძეგლები არსებობენ.

 

იკომოსმა შეისწავლა ორი–უფლისციხისა (გორის მუნიციპალიტეტი) და ნოქალქევის (სენაკის მუნიციპალიტეტი) მუზუმ–ნაკრძალების წლიური ბიუჯეტი და საშტატო ერთეული. აღმოჩნდა, რომ ის საშტატო ერთეული და გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის

 

“სხვა სახარჯი სამეცნიერო ან დოკუმენტაციის შედეგნისა არაფერი არ გააჩნია. 16 ადამიანი კიდევ არაუშავს ამ ერთი ძეგლისთვის (უფლისციხისთვის), მაგრამ თუ ვიგულისხმებთ, რომ ფორმალურად მათ მონიტორინგი უნდა გაუწიონ შიდა ქართლის მხარეში 617 ძეგლს, ჩვენ უნდა ვაღიროთ, რომ ვერ ვახორციელებთ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა–პატრონობას,”– ნატო ცინცაბაძე. 

 

ძეგლების სტატუსის ახალი კატეგორიზაცია

 

იკომოსმა კულტურის სამინისტროს მისცა რეკომენდაცია, რომ კულტურის ძეგლების სტატუსის კლასიფიკაცია სამი კატეგორიის მიხედვით უნდა მოხდეს: ეროვნული, რომელთა შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც იქნება, რეგიონული და ადგილობირივი.

ძეგლების დაცვაზე პასუხისმგებლობა გადანაწილდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის: ეროვნულ ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო დაიცავს, რეგიონულ ძეგლებს – სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობირივი მნიშვნელობის ძეგლებს– მუნიციპალიტეტები.

 

ცინცაბაძის თქმით, საქართველო “კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა და საზოგადოების შესახებ “კონვენციის ხელმომწერია, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ძეგლთა დაცვით დაინტერესებული არასპეციალისტების აზრიც უნდა გაითვალისწინონ.

 

“ეს [კულტურის ძეგლები] არის რესურსის ჯგუფი, რომელსაც ხალხი მიიჩნევს ღირებულად და პროფესიონალებს არ გამოყოფს ცალკე. მსოფლიო ნელ-ნელა აღიარებს, რომ არსებობს საზოგადოება, რომელიც მემკვიდრეობით არის დაინტერესებული და მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული,”– ნატო ცინცაბაძე.

 

კიდევ ერთი კატგორია არის სათემო–ლოკალური მნიშვნელობის ძეგლების სტატუსი, რომელსაც შესაძლოა კანონი არ იცავდეს ისე, როგორც ეროვნული თუ ადგილობრივი სტატუსის მქონე ძეგლებს, თუმცა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მოსახლეობა იცავდეს საკუთარი ინტერესიდან გამომდნარე. ცინცაბაძის თქმით, სათემო–ლოკალური ძეგლები მისი იდეაა და სამუშაო დოკუმენტში არ შევა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამაზეც იმსჯელონ, რადგან ამგვარი კლასიფიკაციის ძეგლების პრაქტიკაში არსებობს.

 

სამინისტროს როლი

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს, მარინე მიზანდარს გაესაუბრა. მიზანდარის თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიეტეტბს უნდა ჰქონდეთ გადაცემული კულტურის ძეგლთა მოვლისა და მონიტორინგის ფუნქცია.

 

“საბოლოო მიზანი ეს არის, ყველაზე კარგად მართავს ადგილობრივი. როგორ შეიძლება ჩვენ აქედან, ან სააგენტომ ჯეროვნად მართოს, მაგალითად, ბორჯომის ხეობის ძეგლი. ბორჯომი უკეთ მართავს მას, მაგრამ [მუნიციპალიტეტს] ინსტიტუციური მზაობა უნდა ჰქონდეს,”– მარინე მიზანდარი.

 

ჩვენს შეკითხვაზე, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროს გადაეცემა თბილისში არსებული კულტურის ძეგლების მონიტორინგის უფლება, ხომ არ ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პოლიტიკას, მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ დეცენტრალიზებულ ქვეყნებშიც კი უზენაესი უფლებამოსილება რჩება ცენტრალურ ხელისუფლებას  და თვითმმართველობის ორგანოებს დელეგირებით გადაეცემა. მისი თქმით, თბილისის შემთხვევაში სამინისტროს ნებისმიერი უფლებამოსილება წაერთვა და გადაეცა თბილისის მერიას. ხოლო ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მერიას კულტურის სამინისტროსგან ექნება დელეგირებული უფლება–მოვალეობები.

 

“ჩვენ კი არ გვინდა მართვა მთლიანად შევინარჩუნოთ. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში, სადავო საკითხებზე… უზენაესი უფლებამოსილება ჩვენ უნდა გვქონდეს,”– მარინე მიზანდარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი