ხელოვნება

ნგრევა გუდიაშვილის მოედანზე და დაზარალებული მოსახლეობა

27 ივნისი, 2013 • 1510
ნგრევა გუდიაშვილის მოედანზე და დაზარალებული მოსახლეობა

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თბილისის მერიამ 400 ლარის ოდენობით თანხა გამოუყოს ბინის საქირავებლად. შენობა გუდიაშვილის მოედანსა და ახოსპირელის ქუჩებს შორის დგას. მისი ერთი ნაწილი გუდიაშვილის მოედანზე, მეორე ნაწილი კი ახოსპირელის ქუჩაზე გადის.

მცხოვრებლების თქმით, შენობაში ახლა 6 ოჯახი ცხოვრობს. ახოსპირელის ქუჩაზე გამავალ სადარბაზოში – 2 ოჯახი, გუდიაშვილის მოედანზე გამავალ სადარბაზოში კი 4 ოჯახი ცხოვრობს. ბინადრების თქმით, 23 ივნისს ახოსპირელის ქუჩის მხარეს ჭერის ნაწილი, აივანი და კიბე ჩამოინგრა, რომელიც სამსართულიან შენობას ეზოს მხრიდან მიუყვებოდა.

 

“23 ივლისს, ღამის ორ საათზე ვიგრძენით, რომ რაღაც წკაპაწკუპი ისმოდა, ქვების ჩამოყრა. გამოვასწარით, ასე შეიძლება ითქვას. ჩვენი გამოსვლა და სამი სართულის ჩამონგრევა ერთი იყო,” – ამბობს ლამარა მჟავანაძე, გუდიაშვილის #2/7 მცხოვრები.

 

“უცბად ჩამოინგრა ჩემი სამზარეულოს უკან, სამი სართული ჩაიხრიალა დაბლა. რომ წამოვდექი და მინდოდა გამოქცევა, ახლა სადარბაზო ჩამოიქცა. ჩამოვარდა ეს ნალესები. მერე ქვემოდან დაგვიძახეს, “ჩქარა, ინგრევა, ჩქარა!” და ჩამოვედით მერე,” – ამბობს თამარ ბექიშვილი, ახოსპირელის ქუჩა #4 მცხოვრები.

 

მისი თქმით, იმ ღამესვე მოვიდა მაშველი და კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი. ბინადრები გამგებელს შეხვდნენ. გამგებელი მათ შეჰპირდა, რომ შენობის რეაბილიტაცია მოხდება, მანამდე კი ქირით გაიყვანენ და ამისთვის 200 ლარი შესთავაზა.

 

ლამარა მჟავანაძე ამბობს, რომ მისთვის 200 ლარი საკმარისი თანხა არ არის, რადგან მერია ბინის ქირას ხელზე არ აძლევს, არამედ ანგარიშზე ჩაურიცხავს იმ პიროვნებას, რომელიც დაზარალებულებს ბინას მიაქირავებს: 200 ლარიდან 40 ლარი დაიბეგრება. 160 ლარად, ლამარა მჟავანაძის თქმით, ის ბინას ვერ იქირავებს. თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ხათუნა ბერძენიშვილმა თბილისის საკრებულოს დადგენილება მოიშველია და მათ განუცხადა, რომ 200 ლარზე მეტი თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი არ არის.

 

“გვინდა ქირა 400 ლარი მაინც, რომ ვიპოვოთ ნორმალურად ბინა,”– ამბობს თამარ ბექიშვილი.

 

“თანაც, ქალბატონი ხათუნა გვეუბნება, რომ თუ არ გინდათ 200 ლარი, მთელი დღედაღამე ნათესავთან გაათიეთო,”–ამბობს ლამარა მჟავანაძე.

 

შენობის ნაწილი 2008 წელს “თბილისის განვითარების ფონდს” გადაეცა. მცხოვრებლების ინფორმაციით, იმ ოჯახებს, ვისგანაც ბინები იყიდეს, ერთი კვადრატულ მეტრში 1500 დოლარი გადაუხადეს. თუმცა ექვსმა ოჯახმა ბინების გაყიდვა არ ისურვა.

 

მათ შორისაა ლამარა მჟავანაძე, რომელიც ამბობს, რომ შემოთავაზებულმა პირობებმა არ დააკმაყოფილა: “როცა შენს გვერდით მეზობელი აბსოლუტურად ყველაფერში, სხვენის სართულიდან დაწყებული, ღებულობს 1500 დოლარს და გეუბნება, თქვენი სხვენი არის დაბალი და ამიტომ მე ვერაფერს გადაგიხდი, არის ძალიან ძნელი გასაგები. ვერ შევთანხმდით და მივედით ამ დრომდე…” 


“დავდივარ ხან ვისთან, ხან – ვისთან. წუხელის შორეულ ნათესავთან ვიყავი. დღე აქა ვარ,”– ამბობს ცირა სიხარულიძე.

 

ხათუნა ბერძენიშვილი, კრწანისის რაიონის გამგებელი, ადასტურებს რომ 24 ივნისს 4 თუ 5 ოჯახს შეხვდა. მისი თქმით, ამ ადამიანების ნაწილმა მიღებული ბინები დააგირავა, ნაწილმა კი აღებული თანხა დახარჯა და ახლა ხელმეორედ შესახლდნენ დაზიანებულ სახლში. ბერძენიშვილის თქმით, იქ კიდევ არიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც ფული არ აუღიათ და  მშენებლობის დასრულებას ელიან.

 

ჩვენს შეკითხვაზე, იმ ოჯახებს შორის, ვისაც შეხვდა, რამდენს ეკუთვნის დახმარება, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის:

 

“მიუხედავად იმისა, რომ არც მერიას, არც ფონდს მათ წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს, მე მაინც შევედი ამ ადამიანების მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდით შევთავაზე დახმარება, რაც გამგეობის მხრიდან იყო კეთილშობილური ნაბიჯი,” – ამბობს ხათუნა ბერძენიშვილი. 

 

კრწანისის გამგებლის თქმით, სტანდარტული თანხა ორასი ლარია, რომელსაც მერია იმ შემთხვევაში გაზრდის, თუ ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი იქნებიან, ან ოჯახი მრავალსულიანი (შვიდსულიანი) იქნება. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, თანხა არ გაიზრდება.

 

“ნეტგაზეთი” დავით ავალიანს, “თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელს, ესაუბრა. ავალიანის ინფორმაციით, ამ სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს მისი წარმომადგენელი აწარმოებს: 

 

“ჩემი თანამშრომელი აწარმოებს მოლაპარაკებას მაგ მოსახლეობასთან. მივალთ მაგ შეთანხმებაზე, რომ ის ხალხი კმაყოფილი იქნება.”

 

ავალიანის თქმით, ინვესტორმა შპს “ირაო მაგნატ გუდიაშვილმა” შეთანხმება დაარღვია და ახლა თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს პროექტირებას:

 

“მზადდება პროექტები ამ სახლების რეაბილიტაციისთვის. პროექტების დასრულების შემდეგ მოხდება მათი სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ეს ადამიანები მიიღებენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში საცხოვრებელ ფართებს.”

 

დავით ავალიანის თქმით, მთელი ამ სამუშაოების დასრულებას ერთი თვე ან თვენახევარი დასჭირდება:

 

“ჯერ უნდა მივიღოთ პროექტები. პროექტების შემდგომ ჩატარდება ამ პროექტების ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება რეალობას და გამოდგება თუ არა ეს პროექტები. ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, მოხდება სამშენებლო სამუშაოების დაწყება.”

 

არქიტექტორ თამარ ამაშუკელს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” წევრს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების აქციაზე იყო მისული, მიაჩნია, რომ ივლისის დასაწყისიდანვე უნდა გაამაგრონ შენობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ძეგლები დაინგრევა:

 

“ჯერ თუ დავიწყეთ პროექტების გაკეთება და მერე გამაგრება, ამასობაში ეს შენობებიც დაინგრევა და გასამაგრებელიც არაფერი იქნება.”

 

ამაშუკელი თბილისის განვითარების ფონდისთვის შენობის ჩამორთმევას და კულტურის სამინისტროსთვის გადაცემას უჭერს მხარს. მისი თქმით, რისი გაკეთებაც თბილისის განვითარების ფონდმა შეძლო, ეს შენობის დანგრევაა:

 

“კულტურის სამინისტროს ჯერჯერობით ბერკეტი არ აქვს, არც სააგენტოს არ აქვს ბერკეტი, მერიას ამისთვის არ სცალია, განვითარების ფონდი მუდმივად რაღაც გაურკვეველ პროექტებს აკეთებს. ამ დროს ეს შენობები ინგრევა,” – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

 

თბილისის კულტურულ მემკვიდრეობაზე მონიტორინგის უფლება კულტურის სამინისტროს ამჟამად არ აქვს. იგი მთლიანად ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოს, თბილისის მერიას აქვს გადაცემული. პარლამენტში მიმდინარეობს კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტროს მერიასთან ერთად კულტურულ ძეგლებზე მონიტორინგის განხორციელების უფლება მიეცემა.

 

ამაშუკელს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს მალე მიიღებენ და კულტურის სამინისტრო შენობების რესტავრაციისთვის თანხას მოიძიებს. სანამ ეს მოხდება, ადგილობრივ მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მერია მათ მოთხოვნილი თანხით დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი