ხელოვნება

კოპროდუქცია–კავშირი უცხოელ კინემატოგრაფისტებთან

22 ივნისი, 2013 • 2254
კოპროდუქცია–კავშირი უცხოელ კინემატოგრაფისტებთან

კინოცენტრში აცხადებენ, რომ 2013 წლის აპრილში ჩატარებულ კონკურსში მხოლოდ ერთმა ფილმმა გაიმარჯვა და თავდაპირველად გამოყოფილი 500 ათასიდან გამარჯვებულმა ფილმმა თანხის ნახევარი- 250 ათასი მიიღო.

 

დარჩენილ თანხას კინოცენტრი კიდევ მინიმუმ ერთი ფილმის დასაფინანსებლად გაიღებს. კონკურსში განაცხადი ჯერ არ შესულა, თუმცა საბოლოო ვადა 5 ივლისსაა დათქმული.

 

ნინო კუხალაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე, არ გამორიცხავს, რომ ორი თვის წინ ჩატარებული კონკურსიდან ასეთი მცირე ინტერვალის შემდეგ კვლავ არ გამოჩნდეს სასურველი ფილმი, თუმცა კოპროდუქციის შექმნას, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს და კონკურსის ჩატარება ღირს:

“კოპროდუქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქვეყანაში შემოდის უცხოური ინვესტიცია. პირველ რიგში, კონტაქტებისთვის. იქაურ პროდიუსერებს უფრო დიდი გასაქანი აქვთ იგივე დისტრიბუციისთვის. დიდი პოტენაციალი აქვს ესეთ პროექტს, ამდენი ქვეყანა მონაწილეობს.”

 

“კინემატოგრაფიული კოპროდუქცია” ნიშნავს ისეთ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს, რომლის შექმნაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ამგვარ ურთიერთობებს კინემატორგრაფიული კოპროდუქციის ევროპული კონვენცია არეგულირებს. საქართველო კონვენციას 2002 წლის 7 მაისს მიუერთდა.

 

სწორედ აღნიშნულ კონვენციაზე მიუთითებს ნინო კუხალაშვილი ჩვენთან საუბარში და აცხადებს, რომ კოპროდუსერებს შორის წერილობითი შეთანხმება, რასაც კინემატოგრაფიული კოპროდუქციის შესახებ ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, პროექტის შესრულებას უფრო რეალისტურსა და შესაძლებელს ხდის.

მისი თქმით,  კინემატოგრაფიული კოპროდუქციის ევროპული კონვენცია პროექტისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს განსაზღვრავს, რაც ქმნის ნიადაგს იმისთვის, რომ კოპროდუქციის მხარეებმა სამართლებრივი სტატუსი მიიღონ, რაც მათ კინოცენტრთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს.

 

“ამ კონკურსში სტატუსის საკითხიც შემოვიტანეთ. იმ ქვეყნიდანაც [კოპროდუქციის მონაწილე] სტატუსს რომ მოგიტანს შენი კონკურსანტი, ძალიან დიდი გარანტიაა, რომ ეს პროექტი შედგება,”– ამბობს ნინო კუხალაშვილი.

 

ნინო კუხალაშვილი ამბობს, რომ  კოპროდუქცია არაერთ ხელისშემწყობ გარემოს ქმნის ქართველი რეჟისორებითვის, რომლებსაც აქვთ თანხის მოძიების პრობლემა, ფილმების გაქირავება.

 

კინემატოგრაფიული კოპროდუქცია ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აძლიერებს. უცხოელ რეჟისორებს საქართველოს აცნობს.

 

მიმდინარე კონკურსში მონაწილეებს განაცხადი ჯერ არ შემოუტანიათ. კინოცენტრის ხელმძღვანელობა ელის, რომ როგორც წინა წლებში, ახლაც განმცხადებლების დიდი ნაწილი ბოლო დღეებში შეიტანენ განაცხადს.

რაც შეეხება კონკურსს, იგი ორ ტურად ტარდება. სპეციალურად შექმნილი ჟიური, რომლის შემადგენლობა და რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის, საუკეთესოს შეარჩევს. კონკურსის პირობების მიხედვით, მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი პროექტი შეირჩევა. კონკურსისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

 

ეროვნული კინოცენტრი მესამედ ატარებს კოპროდუქციის კონკურსს. წინა წლებში განხორციელებულ პროექტებს შორის არის:

 

“თოლია”–სინეტიკის ესპანურ–ქართული პროექტი, “ძმა” სინეტიკის ფრანგულ–ქართული პროექტია, “ფარაჯანოვი.”– ქართველი, სომეხი, ფრანგი და უკრაინელი კინემატოგრაფისტების ნამუშევარი.

 

კოპროდუქციას ეროვნული კინოცენტრი მთლიანად არ აფინანსებს. ორმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში თითო კოპროდუსერის შენატანი არ უნდა იყოს ფილმის ღირებულების 20%-ზე ნაკლები და 80%–ზე მეტი, ხოლო მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში მინიმალური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს ფილმის ღირებულების 10%-ს მაქსიმალური –70%-ს.

 

საკონკურსო პირობის მიხედვით, “მხარეების საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, კოპროდიუსერების შემოქმედებითი, ტექნიკური და სამხატვრო, აგრეთვე, სამსახიობო და აპარატურის წილი პროპორციული უნდა იყოს მათი ინვესტიციის.”

 

კინოცენტრის მოთხოვნაა, რომ მის მიერ გაღებული თანხა საქართველოს ტერიტორიაზე დაიხარჯოს და ფილმის საბოლოო ვარიანტი ან ერთი ასლი ქართულ ენაზე შეიქმნას.  

 

აპრილის თვეში გამართული კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტი, რომელსაც ‘სტუდია ო’ ახორციელებს, პროექტის შექმნას უკვე შეუდგა. სამომავლო ფილმის რეჟისორია ოთარ შამათავა, ხოლო სცენარის ავტორები ოთარ შამათავა და ზაზა ბუაძე არიან. ორივე მათგანი ახლა უკრაინაში იმყოფებიან და კოპროდიუსერებთან საქმეს აწარმოებენ.

 

უკრაინის გარდა ფილმის განხორციელებაში ბულგარელი და გერმანელი კინემატოგრაფისტები არიან ჩართული.

 

ნინოს კუხალაშვილის თქმით, ფილმის გადაღების ვადები ეროვნულ კინოცენტრს  წინასწარ დათქმული არ აქვს. ვადებს პროექტის ავტორებთან პროექტის მოცულობის მიხედვით აწესებენ.

პროექტები თემატურად თუ ჟანრობრივად შეზღუდული არ არის. ნინოს თქმით, მთავარია, მათ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი