კულტურის სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იუნესკოს 37–ე პლენარული სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დარჩება. განახლებული ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების პროცესი დაიწყო.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ გელათის ტაძარიც გამოირიცხოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. თუმცა მანამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს გელათის ტაძრის რენომინაცია, რაც ძეგლის საზღვრების შეცვლას და იუნესკოს წინაშე ძეგლის ხელახალ დასაბუთებას გულისხმობს.
გელათისა და ბაგრატის ტაძრები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში ერთ ძეგლადაა მიჩნეული.
“მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო), მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ.
იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს.
იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან,”– ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯის დედაქალაქი პნომ პენი მასპინძლობს. სესია გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. კომიტეტის სესიაზე დამკვირვებლის სტატუსით ქართულ დელეგაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან “ICOMOS საქართველოს” ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.