ხელოვნება

არტ- გენი: “დღეს მონარქია საუკეთესო ტრადიციაა”

18 ივნისი, 2013 •
არტ- გენი: “დღეს მონარქია საუკეთესო ტრადიციაა”

ფესტივალის მოსამზადებელი გასვლები 4 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, 7 ივლისს კი, დასავლეთ საქართველოში გაიმართება. ფინალურ ღონისძიებას, რომელიც 14–21 ივლისს გაიმართება, ისევ ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს.

 

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია “დღეს მონარქია საუკეთესო ტრადიციაა.”

 

“იმ გაგებით კი არა, მუსულმანურ-ფუნდამენტალისტური. ჩვენი მონარქიული წყობა როგორ ინახავს ტრადიციებს და თუ რამხელა მნიშნელობა აქვს ქვეყნის თვითმყოფადობისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენები იქნება, სამეფო კარმა და თავად–აზნაურობამ რა შემოუნახა საქართველოს,”– განმარტა სოლომონ გოგაშვილმა, არტ-გენის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.

 

ტრადიციული კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ჯგუფებს, არამედ სხვადასხვა დარგის ტრადიციული კულტურის სახეებს უყრის თავს.

 

არტ-გენის წარმომადგენლები 4 ივლისს თელავში, ნადიკვარის პარკში, 7 ივლისს კი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში გამართავენ კონცერტს.

 

მონაწილეობის მსურველებს ფესტივალის ვებგვერდზე დარეგისტრირება შეუძლიათ. ყველა ადამიანსა თუ ადამიანთა ჯგუფს დარეგისტრირება 1 ივლისამდე შეუძლიათ.

 

ფესტივალის სპონსორები კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიასა და ევროკავშირთან ერთად სხვადასხვა ქართული კომპანიები არის. პროექტს ფინანსურად მხარს ევროკავშირი უჭერს. ბილეთის ფასი 3, 5 და 10 ლარია.

 

ფესტივალი “არტ- გენი”, რომლის მიზანიც საოჯახო ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაციაა, 2004 წელიდან მოყოლებული წელს მეათედ იმართება.

 

“2004 წლის დასაწყისში შეიქმნა ჯგუფი “არტ-გენი”, მეგობრების ჯგუფი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული პრობლემების დაფიქსირება და მათი წარმოჩენა. ჩვენი სურვილი იყო აღგვედგინა ხიდი ქალაქსა და სოფელს შორის, ჩამოგვეტანა სოფლიდან ქალაქში ტრადიციული კულტურა, რაც, ერთი მხრივ,  ახალგაზრდობაში გააღვივებდა ინტერესს მათი ისტორიისა და ტრადიციების მიმართ, მეორე მხრივ, დაანახებდა სოფლის მაცხოვრებლებს მათ მიერ შენარჩუნებული ტრადიციებისადმი ინტერესსა და მოთხოვნას,”– წერია ფესტივალის ვებგვერდზე.

ფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით, ფესტივალის ფარგლებში ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება მოეწყო. არტ–გენს ყოველწლიურად საშუალოდ 30 – 40 ათასი ადამიანი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი