ფესტივალი ორი საათის დაგვიანებით, 19:00 საათზე დაიწყო, კონცერტი Kid Jesus-მა გახსნა.
“დინამო არენას| ტერიტორია სხვადასხვა სექციებად იყო დაყოფილი. სცენის წინ, რომელიც მინდორზე იყო მოწყობილი, A სექტორი იყო, რომლის იასამნისფერი სამაჯური 200 ლარი ღირდა. B სექტორში შესაღწევად, რომელიც A სექტორის შემდეგ, სცენის პირდაპირ მდებარეობდა, 120 ლარიანი ბილეთი იყო საჭირო, B სექტორის შემდეგ მდებარე C სექტორის ყვითელი სამაჯური 90 ლარი ღირდა, ბოლო – D სექტორის ცისფერი ბილეთი 60 ლარი ღირდა.
ტრიბუნებზე განლაგებული 40, 55, 70, 90 ლარიანი ადგილების გვერდით 250 ლარად ღირებული VIP სექტორი, რბილი სავარძლებითა და მსუბუქად “დაცული” მინის ტიხრით VIP სტუმრებს მასპინძლობდა. VIP ლოჟა 500 ლარი ღირდა.
ბილეთების გაყიდვა ფესტივალის დასრულებამდე გრძელდებოდა. აჩიკო გულედანის, ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ კონცერტზე სხვადასხვა შემსრულებელი გამოდიოდა და მსმენელს მისთვის სასურველი შემსრულებლის დროს მისვლა და ბილეთის არქონის შემთხვევაში ბილეთის ყიდვა შეეძლო.
კონცერტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მელომანების რიცხვმა უფრო იმატა. ქართული როკ ბენდი Black Strobe-მა შეცვალა. შემდეგ სცენაზე The Subways ავიდა. ორივე ჯგუფმა “პრესის ოთახში” ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ჯგუფმა The Infected Mushroom-მაც, მხოლოდ სცენაზე გამოსვლამდე.
Deep Purple დინამო არენას სარბენ ზოლზე ავტომობილით გამოჩნდა და სცენამდე ასე მივიდა. ამ დროისათვის კონცერტზე ყველაზე მეტი ადამიანი იყო მისული. A, B, C და D სექტორები მსმენელით იყო სავსე. გვერდითა და სცენის მოპირდაპირე ტრიბუნების ქვედა იარუსი, ასევე, მსმენელით იყო სავსე. ბრიტანული როკ ბენდის გამოსვლა 1 საათს გაგრძელდა. მათ ისე დატოვეს დინამო არენას ტერიტორია, რომ ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხიათ.
“პრესის ოთახში” არ ყოფილა Tricky, რომელსაც მცირე აუდიტორიის წინაშე წარდგომა მოუწია. Deep Purpl-ის წასვლის შემდეგ ხალხით სავსე ტრიბუნები და სცენის წინ მდებარე სექტორები თითქმის სულ დაიცალა. გამონაკლისი მხოლოდ A და B სექტორში სცენის წინ თავმოყრილი თრიფ ჰოპის ხუთასამდე მსმენელი იყო, რომელიც Tricky–ის მოსასმენად იყო მისულიყო.
ბრიტანელმა შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს სცენა მიუხმო. მათ ერთად დაიწყეს კონცერტის დასკვნითი ნაწილის შესრულება. “უვერტურის” შემდეგ მსმენელებმა სცენა დატოვეს და Tricky-მ თავის სოლისტთან ერთად განაგრძო გამოსვლა.
ფესტივალი დღეს, 6 ივნისს, დილის 3:30 საათზე დასრულდა.
Tbilisi Open Air წელს მეოთხედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორი “ალთერვიჟენ ჯგუფია”.