მიშა გიორგაძის, “ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორის თქმით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უარი თქვა ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე. ფესტივალის ორგანიზატორებს ერიკ კლეპტონისა და ნატალი კოლის ჩამოყვანა სურდათ, თუმცა შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო მათ ეს ვერ მოახერხეს.
ბიუჯეტის სიმცირის გამო ფესტივალი, რომელიც 7 დღე გრძელდებოდა, წელს მხოლოდ 4 დღე გასტანს. “ისთერნ პრომოუშენმა” კულტურის სამინისტროს მხადაჭერის არქონის გამო უარი თქვა ფესტივალის დღეებში უფასო წარმოდგენებზე, ქუჩაში მოწყობილ კონცერტებზე.
“ელ ჯერომ თავისი ჰონორარის 35–40% მოგვთხოვა მხოლოდ, რათა ფესტივალისთვის ამ სახით დაეჭირა მხარი. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გულშემატკივრობენ ქვეყნის გარეთ ამ ბრენდს,”– ამბობს მიშა გიორგაძე.
ფესტივალის დამფინანსებლად ისევ რჩება TBC ბანკი. TBC სტატუსმა თბილისის ჯაზფესტივალისთვის განკუთვნილი თანხები შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის გამოჰყო. ბანკის ცენტრალურ ფილიალში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადონა წულაიამ განაცხადა, რომ Prime card-ს და Status Card-ს 15–20%–მდე ფასდაკლება იქნება. Prime card–ს აქვს ნულპროცენტიანი განვადება და ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ საკრედიტო ლიმიტის საშუალებით ნაწილ–ნაწილ გადაიხადონ. ამის გარდა, შავი ზღვის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა განვადებით შეეძლებათ. მადონა წულაიას თქმით, განვადება ბილეთების გარდა სასტუმროების საფასურზეც გავრცელდება.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფესტივალზე დასწრება შეძლოს ყველა ადამიანმა, ხოლო სტატუს კლიენტების შემთხვევაში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიიღონ დამატებითი უპირატესობები,”– აცხადებს მადონა წულაია, TBC სტატუსის დირექტორი.
ფესტივალი ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე 20:00 საათზე დაიწყება. ფესტივალი 18–დან 21 ივლისამდე გაგრძელდება.18–დან 20 ივლისამდე ბათუმში, კლუბში Take Five კონცერტების დასრულების შემდეგ Big John & Vienna Soul Siciety გააგრძელებს საღამოებს, 21 ივლისს La rochelle Band დახურავს ფესტივალს.
მიშა გიორგაძის თქმით, მათ მაინც მოახერხეს, რომ ბილეთების ფასი ისეთივე ყოფილიყო, როგორც შარშან. ბილეთები 50–100 ლარამდე ეღირება.
უფასო ნაწილში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სალომე კორკოტაშვილია, რომელიც ნიუ ორლეანის ჯაზფესტივალზე გამოვიდა. იგი ნიუ ორლეანის ფესტივალის დირექტორმა აღმოაჩინა, როცა ის ჩამოსული იყო ბათუმის ჯაზფესტივალზე.

ფესტივალის პროგრამა:
18 ივლის: Al Jarreau
19 ივლისი: Mike Stern/Victor Wooten Band
20 ივლისი: Carmen Souza Quartet
21 ივლისი: Jose James
ფესტივალის მხარდამჭერები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ბათუმის მერიაა. ფესტივალის ორგანიზატორი “ისთერნ ფრომოუშენია”.
“ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის” მიერ სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შპს “ისტერნ პრომოუშენსს” გასულ წელს კულტურის სამინისტრომ 1 356 800 ლარი ჩაურიცხა ახალციხეში კონცერტისთვის; 460 ათასი ევრო – ბათუმში ჯაზფესტივალისთვის, 207 298 დოლარი – 26 მაისს კონცერტის ორგანიზებისთვის, 90 ათასი ლარი – თბილისის ჯაზფესტივალზე ჩიკ კორეას მონაწილეობისთვის, 57 817 დოლარი – კაროლინა კემპბელისთვის.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 2013 წლის 30 აპრილს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს ბათუმის ჯაზფესტივალზეც ისაუბრა:
“…ამავე დროს ვთქვი ისიც, რაც არ მომწონდა და ეს არის მასიურ სანახაობასთან დაკავშირებული, რაც ბათუმში კეთდებოდა, დიდი ჯაზის ფესტივალი, ანდა ვარსკვლავების ჩამოყვანა და ამაზე სახელმწიფო ფულის ხარჯვა. მე ვთვლი, რომ ეს თვითკმარი მიმართულებებია და ჩვენ ამაზე ფულს არ დავხარჯავთ. ის, რაც მოგვწონდა, დავტოვეთ, ხოლო ვაგრძელებთ იმას, რაც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად გასაკეთებელია.”



![Tbilisi Open Air 2023 – ფესტივალის მეორე დღე [ფოტორეპორტაჟი]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/06/Untitled-design-18-3.jpg)



