ხელოვნება

თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალზე რეკორდული რაოდენობის ნამუშევარია წარდგენილი

30 მაისი, 2013 •
თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალზე რეკორდული რაოდენობის ნამუშევარია წარდგენილი

თბილისის სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი”  3–7 ივნისს იმართება. კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წელს განაცხადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 60–მდე ქვეყნის 200–ზე მეტი ფილმი, რომელთა შორის 36 საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს, 30 მაისს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მანანა ბერიკაშვილი – კულტურის მინისტრის მოადგილე, ნეკა სებისკვერაძე– თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე, დათო ჯანელიძე და ჯაბა სიხარულიძე– სტუდენტური კინოფესტივალის “ამირანი” დირექტორები ესწრებოდნენ.

ჯაბა სიხარულიძემ, ფესტივალის დირექტორმა, ჩვენს შეკითხვას თუ რამ განაპირობა ფესტივალის პოპულარობა, უპასუხა, რომ მუშაობითა და საზღვარგარეთის კინოსკოლებთან კავშირების გაძლიერებით საინტერესო გახდა კინოფესტივალი უცხოელი სტუდენტებისთვისაც:

 

“მე პირველად ხუთი წლის წინ რომ გავაკეთე, იყო ძალიან მინიმალისტური, მაქსიმუმ გვყავდა 10–12 ქვეყანა. სამი წლის ძალიან ბევრ ორგანიზაციას მივმართეთ, თვითონ უნივერსიტეტებს წერილობით. ნელ–ნელა ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის, ჯაჭვური რეაქციასავით არის. როცა დავდივართ ფესტივალებზე, ვაკეთებთ პრომოუშენს ჩვენი ფესტივალის, ანუ ყველაფერი მაინც არის კავშირები.”

 

კინოფესტივალი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ზაქარეიშვილის ფილმის “მამა” ჩვენებით 3 ივნისს 8 საათზე გაიხსნება. 4 ივნისს ფესტივალს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს. 5 ივნისს 8 საათზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წარმოადგენენ “მოდა და კინემატოგრაფი”. ჯაბა სიხარულიძის თქმით, ამ პროექტში მონაწილე სტუდენტები წარმოადგენენ ტანსაცმელს, რომელიც სხვადახვა ფილმში იყო გამოყენებული.

 

კინოფესტივალის ფორმატში უცხოელი და ქართველი სტუდენტების თანამშრომლობაც იგეგმება. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერილი პროექტი “One Shot Movie” ერთი უწყვეტი კადრით გადაღებას გულისხმობს, რომელშიც ფესტივალის მონაწილე სტუდენტები ერთად შექმნიან.

 

კინოფესტივალის გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმები, ჟიურის სპეციალური პრიზი– დასახელდებიან. ამ ნომინაციების გარდა ხმის, მონტაჟის, ოპერატორის ნამუშევრებისთვის სპეციალური დიპლომები გაიცემა.

 

კინოფესტივალის ჟურის წევრები ყოველ წელს იცვლებიან. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა ამგვარია:კლაუდია მესსემერ – გერმანიის ბადენ–ვიურტემბერგის კინოაკადემიის დოცენტი; ლესზეკ დავიდი – პოლონელი რეჟისორი ლოძის კინოსკოლიდან; გიულენ ჰარლეი – თურქი კინოხელოვანი მარკეტინგის მიმართულებით; გოგი გვახარია – კინომცოდნე.

 

კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ჟიურის ყველა წევრი კინოფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.

 

ფესტივალის ორგანიზატორები წელს არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი, თბილისის სამხატვრო აკადემია, პოლონეთისა და ისრაელის სალეჩოები, გოეთეს ინსტიტუტი.

 

“დაფინანსება ხდება [კულტურის] სამინისტროს, მერიის, კინოცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, პოლონეთის საელჩოს, ისრაელის სალეჩოს მიერ. დიდი წვლილი შეაქვს თეატრალურ უნივერსიტეტს. გოეთეს ინსტიტუტს ჩამოჰყავს ჟიურის ერთ–ერთი წევრი და აკეთებს ერთ წვეულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელის საელჩო დიდ წვეულებას აკეთებს სტუდენტებისთვის და ჩამოჰყვას სამი სტუდენტი ისრაელიდან,”– აცხადებს ჯაბა სიხარულიძე. 

 

მანანა ბერიკაშვილმა კულტურის მინისტრის მოადგილემ ხაზი გასუვა იმას, რომ წლევანდელი კინოფესტივალი “ამირანი” თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის საიუბილეო წელს ემთხვევა:

 

“თეატრისა  და კინოს უნივერსიტეტს 90 წელი უსრულდება წელს, საიუბილეო თარიღია და ვფიქრობთ რომ ნიშვნელოვნად აღვნიშნავთ ამ წელიწადს. სწორედ ამ საიუბილეო თარიღის ფარგლებში ჩვენი კინო ფაკულტეტის, რომელიც არის ძალიან წარმატებული, ატარებს არაჩვეულებრივ ფესტივალს. ძალიან დატვირთული დღეებია და ძალიან საინტერესო. 3 რიცხვიდან 7 რიცხვამდე ძალიან მნიშვნელოვანი დღეები იქნება ჩვენს ქვეყანაში.”

 

ნეკა სებისკვერაძემ, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარემ, ფესტივალის ხარისხის ყოველწლიურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა:

 

“მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტების განვითარებისათვის, კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. გასახარია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.”

 

კინოფესტივალი “ამირანი” 1978 წელს კინოს კავშირისა და თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის თაოსნობით დაარსდა. სტუდენტური კინოფესტივალის დაარსების ინიციატორები იყვნე: გოდერძი ჩოხელი, ტატო კოტეტიშვილი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, დიტო ცინცაძე, ანდრო ჭიაურელი, გურამ პეტრიაშვილი, დათო ჯანელიძე და სხვები.

 

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, 1990 წელს ფესტივალმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინიციატივით 2007 წელს ისევ აღდგა კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლუირად იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი