„ეტიუდების ფესტივალი“ თეატრის საერთაშორისო დღესთან, 27 მარტთან დაკავშირებით უკვე მეხუთე წელია მარჯანიშვილის თეატრში ტარდება. წელს „ეტიუდების ფესტივალით“ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეც აღინიშნება. ორგანიზატორი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.
ეტიუდები, რომელთაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I, II და III კურსის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დღეს და ხვალ წარმოადგენენ, ხანგრძლივობით 7 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მათში გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია კი – მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ძირითადი ნაწილი დღეს, 26 მარტს იქნება ნაჩვენები. 27 მარტს კი, საკონკურსო ეტიუდების მეორე ნაწილის ხილვის შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს, რომელთაც უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის თეატრისაგან ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
ფესტივალი დღეს საღამოს, 19:00სთ–ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

