ხელოვნება

ოპერის თეატრის მმართველად გიორგი ჟორდანია დაინიშნა

31 იანვარი, 2013 • 1925
ოპერის თეატრის მმართველად გიორგი ჟორდანია დაინიშნა

“საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე არსებული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი თბილისის საოპერო თეატრის განვითარების კონცეფციებს შორის ყველაზე მისაღებად გიორგი ჟორდანიას პროექტი მიიჩნია და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მაესტროს მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ჟორდანიას თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

 

დირიჟორი გიორგი ჟორდანია თბილისის ე. მიქელაძის სახ.  ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის  პედაგოგი და მთავარი კონსულტანტია, თბილისის სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი და სამხატვრო  ხელმძღვანელი, ვ. ჟორდანიას სახ. დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე.

 

ოპერის თეატრის ყოფილმა მმართველმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 23 იანვარს დაწერა. დავით საყვარელიძემ მაშინ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილემ მას სთხოვა თანამდებობის დატოვება და მის შემცვლელად დასახელდა გიორგი ჟორდანიას კანდიდატურა:

 

“მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ახლობელია და ამიტომ”.

 

ოპერის თეატრის ყოფილი მმართველის დავით საყვარელიძის განცხადებებზე დაყრდნობით, გიორგი ჟორდანიას კანდიდატურა ამ პოსტზე თავდაპირველადვე განიხილებოდა. კულტურის სამინისტროში კი მას მიანიშნეს, თანამდებობა გიორგი ჟორდანიას სასარგებლოდ დაეტოვებინა.

 

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი ჟორდანიას კანდიდატურა მოიაზრებოდა, თუმცა რამდენიმე სხვა ფიგურასთან ერთად, რომელთა შორის იყვენ: ცნობილი ბარიტონი, ლადო ათანელი, მუსიკათმცოდნე და მუსიკოსი რეზო ჭეიშვილი და გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე, მაია კობახიძე. თუმცა გიორგი ჟორდანიას კონცეფცია სამინისტროსთვის ყველაზე მომხიბვლელი აღმჩნდა, ჟორდანიას საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად.

 

ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი მმართველი თავისი კონცეფციის წარდგენისას აცხადებს, რომ თეატრში უნდა გაძლიერდეს და თანაბრად განვითარდეს ყველა რგოლი. მისი თქმით, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სარეპერტუარო პოლიტიკს წარმოება, სეზონების მკაცრად დაგეგმარება, მჭიდრო კავშირი ქართულ ვოკალურ სკოლასთან ევროპაში. გიორგი ჟორდანია, აგრეთვე, თეატრის საგანმანათლებლო ფუნქციასა და კონსერვატორიასა და მუსიკალურ სკოლებთან კავშირის გაღრმავების მნიშვნელობას გამოყოფს.

 

კითხვაზე, რა ბედი ელით ჯან–ლუკა მარჩეანოსა და ნინო ანანიაშვილს და განაგრძობს თუ არა მარჩეანო თავის თანამდებობაზე მუშაობას, თეატრის ახალი მმართველი პასუხობს, რომ მათთან იგი ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას აპირებს. რაც შეეხება კონკრეტულად მარჩეანოს:

“სამხატვრო ხელმძღვანელი ის არ გახლავთ, ის არის მთავარი დირიჟორი, და მასთან ვაპირებთ კონტრაქტის შესრულებას ისე, როგორც დაწერილია.”


გურამ ოდიშრია და მანანა ბერიკაშვილი ხაზგასმით აცხადებენ, რომ თეატრის დასთან არაერთხელ ისაუბრეს ოპერის ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, გიორგი ჟორდანიას კანდიდატურა შეთანხმებულია და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი