ხელოვნება

რატომ დატოვეს თანამდებობები რუსთაველისა და ოპერის თეატრების მმართველებმა

24 იანვარი, 2013 • • 1179
რატომ დატოვეს თანამდებობები რუსთაველისა და ოპერის თეატრების მმართველებმა

გურამ ოდიშარიას თქმით, აღნიშნული თეატრის მმართველებსა და კულტურის სამინისტროს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

 

მინისტრის განცხადებით, დავით საყვარელიძეს მან პირადად შესთავაზა სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში  დარჩენა თეატრში, სადაც 9 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, რაზეც საყვარელიძემ უარი განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ოდიშარია ოპერისა და ბალეტის თეატრში სიახლეების განხორციელების საჭიროებას ასახელებს.

 

ჩიქობავას გათავისუფლების მიზეზად კი მინისტრმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელსა და რობერტ სტურუას შორის შეუთანხმებლობა დაასახელა. ოდიშარია აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის პოსტს მალე სწორედ რობერტ სტურუა დაიკავებს.

 

მინისტრი განხორციელებული პროექტებისათვის მადლობას უხდის  დავით საყვარელიძესა და ზაალ ჩიქობავას და ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ისინი ერთად მივიდნენ. ოდიშარიას თქმით, ჩიქობავამ გადაწყვიტა გარიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციას.

 

ზაალ ჩიქობავა უთანხმოებას მასსა და რობერტ სტურუას შორის ადასტურებს. მისი თქმით, ამ უთანხმოების მიზეზით იყო თეატრის შემოქმედებითი პროცესი ოქტომბრის შემდეგ შეჩერებული.

 

ზაალ ჩიქობავას განცხადებით, მიუხედავად  სამხატვრო ხელმძღვანელთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობისა, ეს არ მოხერხდა. მისი უკანსაკნელი გადაწყვეტილება კი გამომდინარეობდა იმ მომენტიდან, როცა სამხატვრო ხელმძღვანელმა მას გაუგზავნა სია მთელი დასისთვის კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით:

 

“მე კი ვიცი, რომ ამ სიაში არიან ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა კახიანი, თათული დოლიძე, ნანა ფაჩუაშვლი და მათთან ერთად ახალმოსულ მსახიობებსაც გავუგრძელო კონტრაქტი და გავიყვანო ერთ კატეგორიაში, ჩემთვის მიუღებელია”.

 

გურამ ოდიშარია ადასტურებს, რომ ოპერის თეატრის ახალი ხელმძღვანელის ერთ–ერთ კანდიდატურად გიორგი ჟორდანია განიხილება. თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, სამშაბათს გახდება ცნობილი. რობერტ სტურუა კი რუსთაველის თეატრის მმართველის მოვალეობის შესრულებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 

მინისტრის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ოპერის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი ამ თანამდებობაზე გიორგი ჟორდანიას დანიშვნის სურვილი იყო, რომელიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ახლობელია. საყვარელიძის თქმით, მას სამინისტროში მინიშნებებით აგრძნობინეს, რომ თანამდებობდა უნდა დაეტოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი