ხელოვნება

ტომ იორკი დევიდ კამერონს სასამართლოთი ემუქრება

18 იანვარი, 2013 • • 2584
ტომ იორკი დევიდ კამერონს სასამართლოთი ემუქრება

ტომ იორკი
ტომ იორკი

“ვერ ვიტყვი, რომ მხიბლავს იდეა, ჩვენი მუსიკა მოსწონდეს ბანკირს, ან თუნდაც დეივიდ კამერონს”– განუცხადა მომღერალმა ჟურნალს Dazed & Confused. “არ მჯერა, რომ მას მოსწონს King of Limbs (ბენდის ბოლო, 2011 წლის ალბომი). მაგრამ ამასთან განა სულერთი არ არის? თუ საარჩევნო კამპანიისთვის არ გამოიყენებს, არ მანაღვლებს, მაგრამ თუ გააკეთებს ამას, სასამართლოში სულსა და განავალს ამოვუღებ”.

 

დევიდ კამერონიცა და ბრიტანეთის ვიცე პრემიერი, ნიკ კლეგიც Radiohead–ის დიდი თაყვანისმცემლები არიან. BBC–ს  რადიო–პროგრამაში, Desert Island Discs, ნიკ კლეგმა ბენდის ერთ–ერთ საყვარელ სიმღერად “Street Spirit” აქვს დასახელებული. კამერონმა კი რამდენიმე წლით ადრე იმავე რადიო–პროგრამაში სტუმრობისას ფავორიტად Fake Plastic Trees შეარჩია. “არც ერთ მათგანს მოუხსენიებია  რომელიმე  სიმღერა Radiohead–ის ბოლო ალბომებიდან, სადაც ბენდის სტილი უფრო ექსპერიმენტული და გამომწვევი ხდება” – წერს politics.co.uk

 

ტომ იორკს ყოველთვის მკაფიო მოსაზრებები და პოზიცია აქვს სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ის იყო დიჯეი  Occupy London–ის კამპანიის დროს და ესწრებოდა გაეროს 2009 წლის კონფერენციას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

თუმცა  Radiohead–ის სოლისტი არ არის პირველი მუსიკოსი, რომელმაც აღშფოთება გამოხატა მისი შემოქმედების პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად გამოყენების წინააღმდეგ. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა 2010 წელს ჯგუფი Keane, როდესაც მათი სიმღერა “Everybody’s Changing” კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთ ლანჩზე დაუკრეს. “შეძრული  ვარ” – წერდა ბენდის დრამერი. “მე მას ხმას არ მივცემ”.

 

ჯგუფს The Rolling Stones კი ანგელა მერკელთან  ჰქონდა მსგავსი კონფლიქტი 2005 წელს, როცა გერმანიის მომავალმა კანცლერმა მათი სიმღერა Angie (რეფრენით “ანჟი, შენ მშვენიერი ხარ”) თავისი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი