ხელოვნება

მოსკოვის თეატრი თბილისში სტურუას სპექტაკლებს წარმოადგენს

29 ნოემბერი, 2012 • 1420
მოსკოვის თეატრი თბილისში სტურუას სპექტაკლებს წარმოადგენს

ET CETERA-ს ხელმძღვანელი თანამედროვე რუსული თეატრის და კინოს მსახიობი ალექსანდრე კალიაგინია, ხოლო 2011 წლიდან თეატრის მთავარ რეჟისორად რობერტ სტურუა დაინიშნა.

სტურუა ხუმრობს, რომ კალიაგინმა მას საკუთარი თანამდებობა გაუნაწილა, კალიაგინის თქმით კი, სტურუას დასათანხმებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან რეჟისორმა რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ უამრავი შეთავაზება მიიღო.

რობერტ სტურუა მოსკოვის თეატრ ET CETERA–ს რეჟისორად რუსთაველის თეატრში დაბრუნების შემთხვევაშიც დარჩება.

დღეს, 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სტურუამ მოსკოვის თეატრის გასტროლის გარდა საკუთარ გეგმებზე და თეატრში დაბრუნებაზეც ისაუბრა.

რობერტ სტურუას თქმით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა თანამდებობას დაიკავებს რუსთაველის თეატრში დაბრუნების შემთხვევაში. მისი თქმით, თეატრიდან გაშვებით მისი რეპუტაცია არ შელახულა:

“მე სულ ვფიქრობდი, როგორ წავიდოდი ამ თეატრიდან, ჩემზე დიდი და გენიალური რეჟისორები გაუგდიათ თეატრიდან და ერთი დახვრიტეს კიდეც, ამიტომ ჩემთვის ეს იყო იდეალური ვარიანტი, ჩემი თავმოყვარეობა აბსოლუტურად შელახული არ იყო. მე მთავრობამ გამაგდო. მსახიობები, მაშინ მეგონა, რომ ჩემს მხარეზე იყვნენ. ახლა სულ ვფიქრობ, რა უნდა შევთავაზო ჩემს თეატრს, ყოფილ ჩემს თეატრს და ჩემს მაყურებელს, ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, ხანდახან გამომეღვიძება და ვფიქრობ, ნეტავ, საერთოდ არ მოაწერონ ბრძანებას ხელი”.

რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას მიერ ET CETERA-ში  დადგმულ ორ სპექტაკლს ითამაშებენ. სტურუა შიშობს, რომ შესაძლოა სპექტაკლი მაყურებელს არ მოეწონოს:

“მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თეატრს, რომ დათანხმდა აქ ჩამოსვლას. თავიდან რომ ვუთხარი, რომ თბილისში მოვდიოდით, ისე გაუხარდათ, ვიფიქრე, ხომ არ თამაშობენ- მეთქი. ისინი ძალიან ნერვიულობენ. თბილისის მაყურებელს შეიძლება არც მოეწონოს ჩვენი ოპუსები”, – აღნიშნა სტურუამ. ქართული საზოგადოებისთვის რეჟისორი განსაკუთრებული სპექტაკლის დადგმას დაბრუნების შემთხვევაში გეგმავს:

“ჯერ არ მინდა ვთქვა, რა სპექტაკლს დავდგამ, თუ თეატრში დავბრუნდი, მაგრამ მინდა, ეს იყოს რაღაც განსხვავებული, რაც ბოლო 20 წელს ასახავს, რა თქმა უნდა, არა – პირდაპირ. ჯერ დამაბრუნონ და შემდეგ ვილაპარაკოთ ამაზე, თუ დავბრუნდი, უნდა დავბრუნდე რაღაც ახლებურად”, – განაცხადა სტურუამ. მისი თქმით, მომავალშიც შეეცდება თავისი სპექტაკლებით მაყურებელი დააფიქროს:

“არის შემთხვევები, როცა რიჩარდ მესამე დარბაზში ზის და უყურებს სპექტაკლს, დარბაზის 60 პროცენტი ასეთი რიჩარდ მესამეები არიან ხოლმე, მე არ ვამბობ, რომ ისინი ხალხს კლავენ, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში ნაკლებ შეცდომებს არ უშვებენ. მათთვის ეს პერსონაჟი ნეგატიურია, ისინი რიჩარდის წინააღმდეგ არიან. სახლში რომ მივლენ, შეიძლება ერთი საათით ან ხუთი წუთით დაფიქრდნენ, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისეთებად რჩებიან. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერს შევცვლით უკეთესობისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ გამოდის”, – აღნიშნა სტურუამ.

რობერტ სტურუა / ალექსანდრ კალიაგინი
რობერტ სტურუა / ალექსანდრ კალიაგინი

თეატრ ET CETERA –ს ხელმძღვანელი ალექსანდრე კალიაგინი თვლის, რომ თეატრის გასტროლი ერთი წვეთია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების მოგვარებაში:

“ჯერ ჩვენ ჩამოვალთ, შემდეგ, ალბათ, თქვენი თეატრი ჩამოვა ჩვენთან საგასტროლოდ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის თანამშრომლობა, ეს არის მეგობრობა და დიდი სიყვარული ქართული კულტურის მიმართ. ჩვენ ვოცნებობდით აქ ჩამოსვლაზე და მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამის განხორციელებაში დაგვეხმარა. რობიკოსთვის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია, მაგრამ მან კარგად იცის, როგორ მართოს თეატრი”, – განაცხადა ალექსანდრე კალიაგინმა.

უილიამ შექსპირის ‘ქარიშხალს’ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ითამაშებენ, ხოლო 5 და 6 დეკემბერს მაყურებელი იხილავს სპექტაკლს ‘კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად’.

მასალების გადაბეჭდვის წესი