ხელოვნება

რუსთაველის თეატრი სტურუას სპექტაკლების მიზანმიმართულ მოხსნას უარყოფს

25 ნოემბერი, 2012 • • 1757
რუსთაველის თეატრი სტურუას სპექტაკლების მიზანმიმართულ  მოხსნას უარყოფს

” სიცრუეა!გასულ სეზონზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა ყველა სპექტაკლი, თუმცა ახალ სეზონზე ვერ ინიშნებოდა ის წარმოდგენები, რომლებშიც მთავარ როლებს ასრულებს ბატონი ზაზა პაპუაშვილი, რადგან, როგორც იცით, ბოლო დროს ეს მსახიობი დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით და თავად ითხოვა გარკვეული პაუზა, რაშიც, რა თქმა უნდა, თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან ქონდა სრული ხელშეწყობა და მხარდაჭერა. და კიდევ, ამ სეზონზე სპექტაკლები მოიხსნა მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის დროს და ამის შესახებ ადმინისტრაციამ წინასწარ გააკეთა ოფიციალური განცხადება”.– აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

 

თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ  მეორე არასწორი ინფორმაციაც გავრცელდა თეატრის დარბაზებით მომსახურეობასთან დაკავშირებით. 

 

” კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თეატრში არასოდეს გამართულა ქორწილები და დაბადების დღეები. ყველა სივრცე ეთმობოდა მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ღონისძიებებს, ისეთებს, როგორებსაც ატარებენ რუსთაველის თეატრის მეგობარი და პარტნიორი, ყველაზე სოლიდური და პრესტიჟული კომპანიები, ასევე, დიპლომატიური კორპუსი. ამავე სივრცეებში ხორციელდება უამრავი პროექტი, იმართება უმნიშვნელოვანესი გამოფენები, რომელთა ინიციატორი და ორგანიზატორი, ძირითად შემთხვევებში, სწორედ რუსთაველის თეატრია. რაც შეეხება მცირე სცენას, იქ ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონცერტები, სპექტაკლები თუ პრეზენტაციები და ეს ყველაფერი მხოლოდ თეატრისთვის მისაღებ ნორმებში. არაერთი წელია ამ სცენაზე რუსთაველის თეატრთან თანაარსებობს ჩრდილების უნიკალური, აფხაზური თეატრი “ბუდრუგანა გაგრა”. ბოლო წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრი დარბაზებს უთმობს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, რომელიც რემონტის გამო დროებით შენობის გარეშეა დარჩენილი. დიდ დარბაზში კი კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, თეატრის დასვენების დღეს, ტარდება მარტო ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მაგალითად “ცეკვავენ ვარსკვლავები”. და ალბათ არავისთვის რთულად გასაგები არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ თეატრში დამატებითი თანხების მოსაზიდად არის საჭირო და ის, ვინც მხოლოდ საპირისპიროს ამტკიცებს, შეიძლება უნებლიეთ, ან იქნებ განგებ, ახდენს რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას”.

 

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ რეჟისორმა რობერტ სტურუამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იგი რუსთაველის თეატრში ბრუნდება, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, რა თანამდებობას დაიკავებს რეჟისორი. რობერტ სტურუა 2011 წლის ზაფხულში მაშინდელი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას გადაწყვეტილებით, ქსეოფობიური განცხადებების გაკეთების გამო  სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი