საინფორმაციო ომი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – ასე ახასიათებენ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა მუშაობას, რომელთა პირადი ნივთები და საარქივო მასალების ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 21 თებერვალს გამოიფინა.
გამოფენა მოიცავს ემიგრანტულ პრესას, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ნინო და კალისტრატე სალიების ჩანაწერებს, თამარ და აკაკი პაპავების პირად ნივთებს, ნინო და კალისტრატე სალიების არქივს, ასევე, საწერი გარნიტურისა და “ბაბინების” წამკითხავს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენების განყოფილების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური გვიყვება, რომ ცენტრში საზოგადო მოღვაწეთა არქივები ცალკე ინახება და ბოლო რამდენიმე წელია ემიგრანტული არქივი ინტენსიურად ივსება.
ამ არქივში უკვე დაცულია ნინო და კალისტრატე სალიების არქივი, გრიგოლ რობაქიძის არქივის ნაწილი, გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების და ცნობილი ქართველი მეცნიერის, ვახტანგ ჯობაძის არქივი. იმის გარდა, რომ ახალი ექსპონატებით შევსებას აგრძელებენ, მიმდინარეობს შემომატებული ექსპონატების დახარისხება და აღწერა, ამბობს ნესტან ბაგაური.
ნესტან ბაგაური გვიყვება, რომ თებერვლის თვეში გამოსული ემიგრანტების პრესა ყოველთვის ეძღვნებოდა საქართველოს ოკუპაციის დღეს -25 თებერვალს, სადაც ძირითადად აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა ჯარების საქართველოში შემოსვლა არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების სურვილს და ეს იყო ოკუპაცია.
“მაშინ, როცა ჩვენ აღვნიშნავდით 25 თებერვალს და ლექსებს ვუმღერდით, ემიგრანტულ პრესას, თვალი რომ მიადევნოთ, “ივერიის”, “ახალი ივერიის”, “ჩვენი დროშის” და სხვა გამოცემების თებერვლის ნომრები აჭრელებულია სათაურებით: “გლოვის დღე”, “შავბნელი დღე”, “უნდა ვიცოდეთ სიმართლე თებერვლის შესახებ”, – ამბობს ნესტან ბაგაური.
მისი თქმით, ემიგრანტული პრესა სისტემატურად გამოდიოდა, მაგრამ მცირე ჩავარდნები ჰქონდა, რადგან მათ გამოცემას სჭირდებოდა ფინანსური რესურსი. გაზეთები ძირითადად ქართულ ენაზე გამოიცემოდა, ასევე, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ამ მხრივ ძირითადად პარიზში მცხოვრები ემიგრანტები აქტიურობდნენ.
“იქაური ქართველები ცდილობდნენ, მაქსიმალურად გაევრცელებინათ ევროპაში. ერთ-ერთი ქართველი სამხედრო ივანე ნანუაშვილი, რომლის ფოტომასალა აქ არის წარმოდგენილი, წერს ამერიკაში მონოგრაფიას, “რა უნდა იცოდეს ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის შესახებ”. ძალიან პოპულარული გამოცემა იყო. ისინი აგრძელებენ საინფორმაციო ომს. ომი წააგო საქართველოში, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველები აგრძელებენ საინფორმაციო ომს, თუ რა მოხდა სინამდვილეში 25 თებერვალს. არანაირი გასაბჭოება არ იყო, რომ ეს არ იყო ქართველი ხალხის ნება”, – ამბობს ნესტან ბაგაური.
ნესტან ბაგაურის თქმით, აღსანიშნავია ასევე “რადიო თავისუფლების” გადაცემების არქივი, რომლის მოსმენა საბჭოთა პერიოდის საქართველოში აკრძალული იყო. ამ ჩანაწერებიდან ერთ-ერთია “საქართველოს დაპყრობა და ევროპა” – მიხეილ ხუნდაძის მოგონება, რომელიც 1981 წელს ჩაიწერა და საქართველოს დაპყრობის 60 წლისთავს მიეძღვნა.
კიდევ ერთი ექსპონატი, რომლის შესახებაც ნესტან ბაგაური გვიამბობს, არის გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელნაწერი დედანი – “იძულებითი პასუხი” მათდამი, ვინც მას ადანაშაულებდა, რომ თბილისს ალყა მოუხსნა. ეს წერილი ემიგრაციაში მყოფმა გიორგი კვინიტაძემ პრესაშიც გამოაქვეყნა.
ამ წერილში გიორგი კვინიტაძე ასაბუთებს, თუ რატომ მოუხსნა თბილისს ალყა და უკან დაიხია, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ რუსეთის ჯარებმა თბილისი აიღეს. როგორც ნესტან ბაგაური გვეუბნება, ემიგრაციაში მყოფ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს შორის მუდმივად იყო მსჯელობა 25 თებერვლის ირგვლივ და ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
მანუჩარ გუნცაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გვეუბნება, რომ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის მიმდინარე შეტაკებების დროს გენერალი კვინიტაძე ყველანაირი უფლებით სარგებლობდა და პასუხისმგებელი იყო იმ ბრძანებაზეც, რომლის გამოც თბილისი დატოვა.
გუნცაძის თქმით, კვინიტაძემ დაინახა, რომ რუსეთმა ალყაში მოაქცია ქართულ სამხედრო შენაერთები. მას იმედი ჰქონდა, რომ უკან დახევით რეგულარული არმიის რესურსს განაახლებდა და შემდეგ შეუტევდა რუსეთის ჯარებს, მაგრამ ვერ შეძლო და საბოლოოდ რუსულმა ჯარმა თბილისი აიღო.
კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც გუნცაძემ ისაუბრა, არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთისა და საქართველოში მოქმედი კომუნისტური პარტიის მიმართ, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრთას წარმოადგენდა. გუნცაძის თქმით, 1920 წლის 7 მაისის შემდეგ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ სხვა ქვეყნებიც აღიარებდნენ. შემდგომ კი კომუნისტური პარტიის უფლებები საქართველოში გაიზარდა.
მაგრამ საქართველოს მთავრობის იმედები არ გამართლდა. 7 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის იანვარში აღიარა, თუმცა თებერვლიდან მისი ოკუპაცია დაიწყო.
“ეს ყოველთვის ასე იყო, რუსეთი თავისი პირობის შემნახავი არ იყო”, – ამბობს გუნცაძე.
მისი შეფასებით, 1921 წლის თებერვლის თარიღები მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვისაც, რადგან ის ტერიტორიული პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოს აწუხებს, ამ პერიოდიდან დაიწყო.
“[სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე კონფლიქტები] მაშინ მოხდა სამხედრო აჯანყებები და კონფლიქტები. 21 წლის მოვლენები პირდაპირ ბმაში არის დღევანდელობასთან. მსგავსი გამოფენები, რომლებიც ოკუპაციამდელ მოვლენებს შეგვახსენებს, მნიშვნელოვანია, რათა არ დავივიწყოთ, რა მიზეზებით მოვედით დღევანდელობამდე და რამ იქონია გავლენა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე”, – ამბობს გუნცაძე.