საზოგადოებახელოვნება

20 რეიტინგული ფილმი სიყვარულზე

14 თებერვალი, 2017 • 14995
20 რეიტინგული ფილმი სიყვარულზე

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც imdb.com-ის რომანტიკული ფილმების რეიტინგში ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ.

1. „კასაბლანკა“ [Casablanca] – მაიკლ კურტისის ფილმი ეკრანებზე 1942 წელს გამოვიდა. ეს არის სასიყვარულო ისტორია ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ფილმში მონაწილეობენ ჰემფრი ბოგარტი და ინგრიდ ბერგმანი.

2. „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ [City Lights] – ჩარლი ჩაპლინის 1931 წელს გადაღებული მუნჯი სურათი რეტინგების მიხედვით დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ფილმად რჩება.  უსახლკარო კაცი ქუჩაში ხვდება ყვავილების გამყიდველ ბრმა გოგონას და მისთვის მხედველობის აღსადგენად ფულის შეგროვებას იწყებს.

3. „ლა ლა ლენდი“ [La La Land]  – 2016 წელს გადაღებული ამერიკული მიუზიკლი რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის მონაწილეობით  წლევანდელ ოსკარზე 14 ნომინაციაზეა წარდგენილი. ფილმი მოგვითხრობს ჯაზმენ პიანისტზე, რომელსაც მსახიობი უყვარდება.

4. „ახალი დროება“ [Modern Times] – ჩაპლინის 1936 წელს გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირიც ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ ცხოვრებას, აშშ-ში.

5, ამერიკული სილამაზე [American Beauty] –  რეჟისორ სემ მენდესის ფილმი, კევინ სპეისის მონაწილეობით, 1999 წელსაა გადაღებული და შუა ხნის მამაკაცის კრიზისზე გვიყვება, რომელსაც თავისი შვილის მეგობარი მოსწონს.

6. „ამელი“ [Amélie] – ჟან პიერ ჟენეს რომანტიკული კომედია ფრანგი გოგონას, ამელი პულენის არაჩვეულებრივ თავგადასავალზეა, რომელიც სიყვარულს პოულობს. ფილმში მონაწილეობს ოდრი ტატუ.

7. „თავბრუსხვევა“ [Vertigo] – ალფრედ ჰიჩკოკის 1958 წელს გადაღებული  მისტიკური ტრილერი. ყოფილ პოლიციელს სთხოვენ, მისი ძველი მეგობრის ცოლით დაინტერესდეს, რომელსაც მოჩვენებები აწუხებს.

8. „დაქორწინდე მილიონერის ქალიშვილზე“ [Andaz Apna Apna]  – რომანტიკული, ინდური კომედია.

9. „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“ [Eternal Sunshine of the Spotless Mind] – მელოდრამა ჯიმ კერისა და ქეით უინსლეტის მონაწილეობით. წყვილი გადაწყვეტს გონებიდან ამოიშალოს ცუდი მოგონებები ერთმანეთის შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ ასე უფრო მეტად ეყვარებათ ერთმანეთი.

10. „წვიმის ქვეშ მომღერლები“ [Singin’ in the Rain] – 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი მსახიობი წყვილის სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებული ჯინ კელის საცეკვაო ნომრები დღემდე განუმეორებლად მიიჩნევა.

11. „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ [Some Like It Hot] – ბილი უაილდერის კომედია მერლინ მონროს, ტონი კურტისისა და ჯეკ ლემონის მონაწილეობით.

12.  „ბინა“ [The Apartment] – ბილი უაილდერის 1960 წელს გადაღებული მელოდრამა ხუთი ოსკარის მფლობელია. ფილმი დიდი კომპანიის თანამშრომელზე გვიამბობს, რომელიც თავის უფროსს სახლის გასაღებსაც აძლევს, რომ კარიერაში წინ წაიწიოს, თუმცა იგი არჩევანის წინაშე დადგება.

13. „აისი: სიმღერა მიჯნურებზე“ [Sunrise] – 1927 წელს გადაღებული, სამი ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გერმანელი რეჟისორის ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს პირველ ჰოლივუდურ ნამუშევარს წარმოადგენს.

14. „ზაფრანის ფერი“ [Rang De Basanti] – ინდოელი რეჟისორის, რაკეშ ომპრაკაშ მეჰრას 2007 წელს გადაღებული ფილმი ექვსი მეგობრის შესახებ, რომელთაც ინგლისელი რეჟისორი ეხმარება დოკუმენტური ფილმის გადაღებაში.

15. „ძმა მუნა: ბედნიერების გამყიდველი“ [Munna Bhai M.B.B.S.] – ინდური რომანტიკული კომედია.

16. „ქარწაღებულნი“ [Gone with the Wind] – მარგარეთ მიტჩელის ბესტსელერის ეკრანიზაცია კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის მონაწილეობით.

17. „პიქეი“ [PK] –  პატარა ქალაქში ჩამოდის უცხოპლანეტელი ინიციალებით P.K., რომელსაც სურს ადამიანის ბუნების შესწავლა, თუმცა თავისი უცნაური ქცევისა და ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო, ადამიანები მას უხეშად ეპყრობიან. ინდური ფილმი.

18. „რებეკა“[Rebecca] – ალფრედ ჰიჩკოკის 1940 წელს გადაღებული მისტიკური მელოდრამა, ორი ოსკარის მფლობელი ფილმი.

19. „ლაგაანი: ერთხელ ინდოეთში“ [Lagaan: Once Upon a Time in India] – ინდოეთის პატარა სოფლის მცხოვრებლები სასწორზე დებენ საკუთარ მომავალს, თამაშობენ რა კრიკეტს სასტიკი ბრიტანული წესებით.

20. „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ [It Happened One Night] – რეჟისორ ფრენკ კაპრას რომანტიკული კომედია, რომელმაც ხუთი ოსკარი მიიღო 1935 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი