ხელოვნება

რა ადგილს იკავებს კულტურა პარტიების საარჩევნო კამპანიაში

12 სექტემბერი, 2012 •
რა ადგილს იკავებს კულტურა პარტიების საარჩევნო კამპანიაში

როგორც ამ პროგრამებიდან ირკვევა, მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2%, დაახლოებით 140 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯამში, კულტურაზე, რელიგიაზე, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტზე.

ამავე სფეროებისთვის “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ორჯერ მეტის, 280 მილიონის დახარჯვას აპირებს.

ბიუჯეტის 3%-ის, ანუ დაახლოებით 210 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს კოალიცია “ქართული ოცნება” მხოლოდ კულტურის სფეროსთვის.

თუმცა რა მიმართულებით დაიხარჯება ეს თანხები და რა არის კულტურის სფეროდან პრიორიტეტული საარჩევნო სუბიექტებისთვის, გაურკვეველია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამაში – “მეტი სარგებელი ხალხს” არაფერია ნათქვამი კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად საქართველოს ესტრადის მომღერლების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა იმ კონცერტებში, რომლებიც საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობების ფარგლებში გაიმართა 8 სექტემბერს.

ამ კონცერტების მონაწილე მომღერლების ნაწილი 1998 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაშინდელ მმართველ პარტიას – “საქართველოს მოქალაქეთა კავშირს” უჭერდა მხარს, ნაწილი დიდ სცენაზე კომპანია “ჯეოსელის” პროექტის – “ჯეოსტარის” საშუალებით მოხვდა, ნაწილმა მოქმედი მთავრობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ჯერ ანდერგრაუნდში და შემდეგ ქუჩაში გამართული კონცერტებიდან გადაინაცვლა. მომღერალი მერაბ სეფაშვილი  უკვე მეორე არჩევნებია, რაც მმართველი პარტიის ლიდერს უძღვნის სიმღერას – “ჩემი გმირი გიწოდე”.

“ამ ადამიანების გვერდით დაყენება მხოლოდ საარჩევნო ხმების მოზიდვას ემსახურება და ხშირ შემთხვევაში, პარტიის გამარჯვების შემდეგ ამ ადამიანებს არავითარი როლი აღარ ეკისრებათ,” – ამბობს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არც არის აუცილებელი პოლიტიკური პარტიის პროგრამაში ხელოვნების მიმართულება იყოს განვითარებული.

საქართველოს მოქმედ 2012 წლის ბიუჯეტიდან კულტურის სფეროში მთავრობის მიერ ისეთი პროგრამები ფინანსდება, როგორიცაა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა, ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. თუმცა მმართველი პარტიის პროგრამიდან გაურკვეველია, მომავალში როგორ და რა პროგრამებზე გადაანაწილებს ის საბიუჯეტო სახსრებს კულტურის სფეროში.

“ქრისტიან-დემოკრატების” საარჩევნო პროგრამაში, “ნაციონალური მოძრაობის‘ პროგრამის მსგავსად, არაფერია ნათქვამი, თუ როგორ აპირებენ ისინი კულტურის სფეროს განვითარებასა და მხარდაჭერას.  

თუმცა სწორედ, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით საკონცერტო ტურნე გახდა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ქდმ-ს მხარდამჭერი კონცერტი – “მიდი, მოვდივარ!” – “ქუჩის ბიჭების”, ნინი ქარსელაძისა და “ნიკოლშოუს” მონაწილეობით უკვე ჩატარდა ზუგდიდსა და ბათუმში, უახლოეს დღეებში დაგეგმილია ქუთაისშიც.

უფრო მეტიც “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი – ზურაბ ხაჩიძე “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დიდუბეში. ხაჩიძე ამბობს, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა უკეთესად იციან, რა პრობლემებია ამ სფეროში და შესაბამისად, მათი მოგვარებაც უკეთესად შეუძლიათ:

“შემდეგში მე ვაპირებ ვიმუშაო ამ ხაზით, ძალიან კარგად ვიცნობ ამ სფეროს და ვიცი ამ სფეროში, რა ხდება. შევხვდები კულტურის მოღვაწეებს,გავეცნობი იმ პრობლემებს, რასაც ისინი აწყდებიან და შემდეგ უკვე ვიბრძოლებ პარლამენტში, რომ ეს პრობლემები მოეხსნათ”, – აცხადებს ზურაბ ხაჩიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კოალიცია “ქართული ოცნების” პიარ-კამპანიაში ამავე კოალიციის ლიდერის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი მონაწილეობს, თუმცა საქართველოში არსებულ საარჩევნო ისტორიაში ეს უცხო მოვლენა არ არის, როცა პოლიტიკური ლიდერის აქტივობას მისი ოჯახის წევრი “აჰიტებს”. ამ კუთხით სტაჟიანი პრაქტიკა საქართველოში ძმებმა გაჩეჩილაძეებმა დააგროვეს, როდესაც ლევან გაჩეჩილაძისა და მისი გუნდის პოლიტიკურ აქტივობას პიარ-კამპანიას “უცნობი”, იგივე გია გაჩეჩილაძე უწევდა. 

 

კოალიცია “ქართული ოცნების” 60-გვერდიან პროგრამაში ნახევარი გვერდი აქვს დათმობილი კულტურის სფეროს.

 

“კულტურა ქვეყნის მსოფლიო ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და იგი საგანგებო სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. დღეს უკიდურესად მცირეა ბიუჯეტიდან კულტურისათვის გამოყოფილი თანხა. მოუწესრიგებელია კულტურის საკანონმდებლო ბაზა. დღევანდელი ხელისუფლების კულტურის პოლიტიკა ძირითადად იდეოლოგიზებული და პოლიტიზებულია”, – ნათქვამია კოალიციის პროგრამაში.

“ქართული ოცნების” კულტურის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: კულტურის სფეროში და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფა; კულტურის სფეროში დაფინანსების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნების ნიმუშის მიხედვით; საგადასახადო პრივილეგიების დაწესება კულტურაში ინვესტირების მსურველთათვის; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში კულტურისა და ხელოვნების სფეროს მუშაკები ყველაზე დიდი დოზით სწორედ “ქართული ოცნების” რიგებში არიან წარმოდგენილნი. კოალიციის მხარდამჭერ საჯარო შეხვედრებში ხშირად მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები.

“ეს მეთოდი ხშირად ამართლებს. ჩვენ, ამომრჩევლებს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები გვიყვარს ხოლმე, იმპულსური, გრძნობითი ელემენტით ვართ დაკავშირებულნი და აქედან გამომდინარე, არ ვაყენებთ იმის გააზრებას, რამდენად ერკვევა ეს ადამიანი პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პროცესებში”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.
 

მისივე თქმით, ცნობილი მომღერლების, მსახიობებისა და რეჟისორების მონაწილეობა ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო პიარ-კამპანიაში დასავლეთშიც გავრცელებული ფორმაა, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთში ცნობილი სახეები მხარდაჭერას კონკრეტული საკითხის მიმართ აფიქსირებენ, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი პოლიტიკური ძალის პროგრამაში:

“ხშირად ისინი უფრო გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, ვთქვათ, გენდერულ საკითზებზე, უმცირესობების თემებზე და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი