ხელოვნება

ფამუქი ლიტერატურაზე, მწერლობასა და ცოტა პოლიტიკაზე [ვიდეო]

13 მარტი, 2014 • • 1536
ფამუქი ლიტერატურაზე, მწერლობასა და ცოტა პოლიტიკაზე [ვიდეო]

დარბაზში მყოფ აუდიტორიას ნობელის პრემიის 2006 წლის ლაურეატმა უთხრა, რომ 2006 წლამდე პროფესორი არასოდეს ყოფილა, სანამ კოლუმბიის უნივერისტეტის პროფესორობას მიიღებდა. 2005 წლიდან ის ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ასწავლის იმას, “რითიც მისი გონება არის მოცული.”

“სურათები და სიტყვები”- ფამუქის განმარტებით არის კვლევა, ისტორიული კავშირისა მხატვრობასა და ლიტერატურას შორის, რომელსაც ის სტუდენტებს უკითხავს. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ სანამ მწერლობას დაიწყებდა, იგი ხატავდა და მისმა ადრეულმა პროფესიამ განსაზღვრა მისი ინტერესი ფერებისადმი. ასე შეუახამა ერთმანეთს მხატვრობა და მწერლობა, მისთვის ორი ახლობელი პროფესია.

 

მოკლე მისალმების შემდეგ ფამუქმა აუდიტორიასთან გასაუბრება ისურვა და მათ კითხვებს მოუსმინა. ნახევარი საათის განმავლობაში დასმული კითხვები შეეხო მწერლობას, თურქეთს, პოლიტიკასა და ვლადიმერ პუტინსაც კი.

)

 

ფამუქის თქმით, არსებობენ გულუბრყვილო მწერლები და გულუბრყვილო მკითხველები. გულუბრყვილო მწერლები არ ფიქრობენ თვითშემეცნებაზე, დეტალებზე, ტექნიკაზე, მორალზე და ისე ქმნიან ნაწარმოებებს, თითქოს ისინი ღმერთისგან იყოს ბოძებული. ფამუქსითვის მათ საპირწონედ არიან მწერლები, რომლებიც უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი არიან, ისინი ფიქრობენ ტექნიკაზე, დეტალებზე და იმაზე, რომ დაწერონ ტექსტები ისეთ საკითხებზე, რომელზეც თავად ფიქრობენ. მწერალი საკუთარ თავს მეორე ტიპის მწერლებს მიაკუთვნებს.

ორჰან ფამუქის თქმით, თითოეულ ნოველას აქვს დაფარული მაქსიმა, რომელიც სიუჟეტის მიღმა იმალება. მკითხველი დგას “ნაწარმოების ტყეში” და ეძებს იმ შინაარსს, რომელიც მწერალმა ნაწარმოებში ჩადო.

 

“მკითხველი ხედავს ხეებს მის წინ, მაგრამ ზოგადი პეიზაჟის, საერთო ლანდშაფტის დანახვა მას არ შეუძლია. ეს ის გრძნობაა, როცა დაკარგული ვართ რომანის ტყეში, როცა ვფიქრობთ, რატომ აღწერა მწერალმა ეს ქალაქი, ეს ქუჩა ან ეს პერსონაჟი?”

 

ფამუქისთვის ყველა მკითხველს ტექსტის თავისებური ინტერპრეტაცია აქვს. “მე არ შემიძლია ვთქვა, რომ იმან გაიგო ჩემი ნაწარმოები და ამან ვერ. მე პატივს ვცემ ინტერპრეტაციის მარავალფერონებას”,- თქვა ფამუქმა.

 

არ ჰკითხოთ რჩევა ყველა მწერალს, ასე უპასუხა მან დარბაზიდან დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ურჩევდა დამწყებ მწერლებს. თავად ფამუქს კი ყოფნის პატარა ოთხკუთხედი სივრცე, სადაც თავისი ფანქარი და ფურცელი ეგულება.

“დიახ, წიგნების წერა ყოველთვის არის საშიში იმ გაგებით, რომ ხანდახან ბედნიერი ხარ, ხანდახან მოწყენილი, მაგრამ ის არასოდეს მთავრდება. როცა ვასრულებ წიგნის წერას, მე უფრო მეტს ვფიქრობ მასზე, თუ რას იტყვიან ჩემი ოპონენტები, რას იტყვიან გამომცემლები, რას იტყვის ეს ხალხი, ის ხალხი. ეს არის ნაწილი მწერლად ყოფნის.”

 

დარბაზიდან შეკითხვა თურქეთსა და მის ევროპულ მომავალს შეეხო. როგორც ფამუქმა განმარტა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარალელების გავლება და შედარებები, იდენტობების ძიება ახლა იმდენად აქტუალური არ არის მისთვის.

 

მწერალმა დარბაზს გაუმხილა, რომ ათი წლის წინ მისი გონება დატვირთული იყო ამ საკითხებზე ფიქრით და მასთან ერთად თურქეთის ისტორიითაც. თურქეთის ადგილი რუკაზე, თურქეთის ისტორია და მისი მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის წარმოშობდა კითხვებს თურქეთის იდენტობის შესახებ და დასავლეთისა და აღმოსავლეთის ძიება აისახებოდა თურქეთის პოლიტიკაზე. თუმცა ეს საკითხები ახლა იმდენად აქტუალური არაა არც მისთვის და არც თურქეთისთის.

 

“შესაძლოა იმიტომაც, რომ ახლა თურქეთი არის უფრო დიდი და უფრო ძლიერი ქვეყანა და ევროპული გავლენა ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო ახლა ნაკლებად ვფიქრობ ამ საკითხებზე, როგორიცაა დასავლეთისა და აღმოსავლეთის იდენტურობის პრობლემები.”

ფამუქმა თქვა, რომ 10 წლის წინ აქტიურად მუშაობდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მისი აზრით, ეს არის პოლიტიკური იდეა და არა მარტო. ფამუქს მიაჩნია, რომ თურქეთის ევროკავშირში შესვლა იქნებოდა ძალიან კარგი თურქული სასამართლო სისტემისთვის, ეკონომიკური სისტემისთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების დაცვისთვის.

 

“თუმცა თურქეთის ევროკავშირთან დააახლოება შეჩერდა ქვეყანაში შექმნილი ნაციონალური და სხვა ძალების წინააღმდეგობის და იმ ეკონომიკური პრობლემებს გამო, რომელიც 2010 წლიდან ევროპას შეემთხვა. თურქეთი და ევროკავშირი არ არის ახლა მნიშვნელოვანი თემა. ახლა თურქეთს და ევროპას საკუთარი პრობლემები აქვთ.”

 

ფამუქი ამბობს, რომ  თურქეთის მილიონობით მოქალაქე უჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ რაიმე ცვლილების მიღწევა დღესდღეობით ძალიან ძნელია, რადგან ორივე მხარეს თავისი შიდა პრობლემები აქვს.

 

ფოტოაპარატით მომარჯვებულმა ფამუქმა, რომელიც საუბრისას დროდადრო სურათებს იღებდა, დარბაზი დატოვა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტებს ავტოგრაფები დაურიგა.

 

მწერალთან მორიგი შეხვედრა 13 მარტს, 19:00 საათზე რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, რომლის ორგანიზატორი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა და რომელზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი. შეხვედრაზე დასწრება შეზღუდულია. ორჰან ფამუქი თბილისს 14 მარტს დატოვებს.

ორჰან ფამუქი თბილისში
ორჰან ფამუქი თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი