ხელოვნება

დაბადება: როგორ მოკვდა „საიდუმლო სირობის“ მწერალი

20 მარტი, 2012 •
დაბადება: როგორ მოკვდა „საიდუმლო სირობის“ მწერალი

გუგლში ერეკლე დეისაძის სახელს ვწერ და ვეძებ: პირველივე შედეგი „საიდუმლო სირობა“. დეისაძე ადამიანების თავებშიც ასე „ისერჩება“ – „საიდუმლო სირობა“. მაგრამ ერეკლე დეისაძეს აღარ სურს „საიდუმლო სირობაზე“ საუბარი. „ინტერვიუ ჩავწეროთ, ოღონდ ერთი პირობით, საიდუმლო სირობის” ხსენებაც არ იყოს, რადგან ყელში მაქვს უკვე ეგ წიგნი. ხალხისთვისაც, არა მგონია, საინტერესო იყოს, სხვა რაზეც გენებოთ, ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ მზად ვარ,“ _ ამ პირობით დამთანხმდა ერეკლე დეისაძე ინტერვიუზე. ეკოს არსებობისთვის ცოტა რამ სჭირდება. „სიგარეტი, ყავა, სიყვარული და რეაქცია. ნუ, ფულიც, ალბათ, რომელიც არასოდეს არ მაქვს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ,“ _ ამბობს ის.

„ნუ გეშინია დედა,

ნუ კეტავ ფანჯრებს,

მე გალაკტიონი არა ვარ…“

დაიბადა ქუთაისში, როგორც თვითონ ამბობს, ტრადიციულ ოჯახში. „ოჯახი ძალიან ტრადიციული მყავს, დედა, მამა, ბებია და ძმა. მათაც არ მოსწონთ ჩემი გამოხტომები,” რადგან ეშინიათ, თორემ ხშირად უთქვამთ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ და ამით ამაყობენ კიდევაც გულის სიღრმეში. ეშინიათ საზოგადოების რეაქციის, აგრესიის ჩემ მიმართ, მაგრამ იმის გაცნობიერება უჭირთ, რომ მე რეაქციის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, რადგან რეაქციონერი ვარ და ეს მაძლევს არსებობის საბაბს. ჩემი ძმა ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის’ ‘სოლისტია, ნანუკა ჟორჟოლიანს უყვარს განსაკუთრებით მათი მუსიკა. თუმცა მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი ძმა ყველაზე მაგარი კაცია, ძალიან მიყვარს. ვცხოვრობ ზასტავაზე, უბანია ეგეთი. ყველაზე დიდი სკოლა ჩემთვის ქუთაისი აღმოჩნდა. მან საკუთარი თავი მაპოვნინა. ვსწავლობდი 23-ე სკოლაში, სადაც პედაგოგებთან პრობლემები მქონდა ჩემი განსხვავებული შეხედულებების გამო. ამის გამო  ბოლო ორი წელიწადი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გავატარე, სკოლა დავამთავრე და შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვედი,“ – ამბობს ერეკლე დეისაძე. ოთხი წელია თბილისში ცხოვრობს. თეატრალურ უნივერსიტეტში დოკუმენტური კინოს რეჟისურას სწავლობს. წელს ამთავრებს. აპირებს, ფილმი გადაიღოს. „ვფიქრობ, ახალი და საინტერესო იქნება ხალხისთვის რეჟისორის ამპლუაში მყოფი ერეკლე დეისაძე. ჩემი მეგობარი მწერლის მიშა ბახსოლიანის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით ვიღებ, ძალიან საინტერესო ტექსტია, რომელმაც თავის დროზე სხვადასხვა ლიტერატურული პრემია მიიღო. როცა ეს ტექსტი წავიკითხე, თავიდანვე ვთქვი, ეს ეკრანზე უნდა გადავიტანო-მეთქი. „ფორმულა კრეატივთან“ ვმეგობრობ, ბიჭებმა მითხრეს, გადაღებაში დაგეხმარებითო, ეს იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული სურათი, სროლებითა და ინტრიგებით“.”ჩვენ შეგვიძლია, გავეცალოთ ქალაქს, რათა გადავრჩეთ” _ თავიდან ფიქრობდა, რომ ქუთაისიდან წასვლა “გადარჩენა” იყო. „ასე მეგონა, მაგრამ როცა თბილისში ჩამოვედი და აქაური სიტუაცია თავიდან ბოლომდე შევისწავლე, მივხვდი, რომ ქუთაისი თბილისზე კარგი ქალაქია. თბილისი ჩეჩმას ჰგავს, უფრო ზუსტად კი მეძავს მონაზვნის სამოსში, რომელიც პატიოსნებაზე მორალს გიკითხავს. თუმცა თბილისმაც ძალიან ბევრი მასწავლა, აქ უამრავი კარგი ადამიანი ცხოვრობს და ისინი ჩემი მეგობრები არიან. თუმცა ხანდახან კარცერივითაა, თავს პატიმრად ვგრძნობ, ზემოთ მოყვანილი ფრაზაც ამ შიშის შედეგია. სხვათა შორის, ქუთაისი და ბათუმი ჩემთვის ყველაზე ახლო და მშობლიური ქალაქებია, იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩემი წიგნის ირგვლივ ატეხილი ხმაური იყო და თავის გადასარჩენად მალვაში ვიმყოფებოდი, 5 თვე დავყავი ბათუმში და ამ ქალაქმა მიმიღო, შემინახა და მომიარა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი სიყვარული ბათუმის მიმართ, მანდ უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს, რომლებსაც არასოდეს დავუვიწყებ იმ სითბოს, რაც იმ დროს ჩემ მიმართ გამოხატეს.

„ტრაგედიაც ამას ჰქვია,

აპლოდისმენტები მომიძღვნა და

შემთხვევით მოვყევი ხელისგულებს შორის…“

ერეკლე ამბობს, რომ არეული გრაფიკი და ცხოვრების წესი აქვს. „დღე მძინავს და ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ. კლუბები, მეგობრები, მსუბუქი ნარკოტიკები და უამრავი რჯულის ხალხი, ეს არის ჩემი ყოველდღიურობა, პარალელურად მუსიკასაც ჩავუჯექი და ალბომის ჩაწერა დავიწყე. არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული მოვლენა ვარ, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ვარ, მაგრამ ის, რასაც მე ვაკეთებ, ყველას შეუძლია გააკეთოს, თუ საკუთარ კომპლექსებზე თვალს არ დახუჭავს და შიშის დაძლევას შეეცდება. ჩემი შემოქმედება კომპლექსების დაძლევის მცდელობაა. საერთოდ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მას კომპლექსები არა აქვს,  შეუმდგარი ადამიანია. ჩემ შემთხვევაში ეს უფრო შიშია და ამ შიშის დაძლევაში მეხმარება მუსიკა და ლიტერატურა. მუსიკა და ლიტერატურა ჩემთვის ჰაერივითაა, საკუთარ არსებობაში მარწმუნებს.   შესაბამისად, ნებისმიერ დაძლეულ კომპლექსს ახალი კომპლექსი მოჰყვება და ეს ძალიან კარგია. სხვაგვარად ერთ წერტილში იყინები და ვერ ახერხებ განვითარებას. აი, როგორც საქართველოს დაემართა, მას უჭირს საკუთარ კომპლექსებზე საუბარი  და იმიტომაც გავიყინეთ ერთ წერტილში“. ამბობს, რომ ეგოისტია, კაცთმოყვარე ეგოისტი. მისი იდეალური სამყაროს მოდელი ასეთია:„ალბათ გაგჩენიათ კითხვა _ რატომ ვარსებობ? ეს შეკითხვა ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა დაუსვას საკუთარ თავს. ჩემს შემთხვევაში მივხვდი, იმიტომ, რომ სამყარო აღვწერო. მე მისი შეცვლა ჯერჯერობით არ შემიძლია, ამას განსაკუთრებული ტალანტი სჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე აღმწერი ვარ, რომელსაც სურვილი აქვს, სამყარო უფრო კარგი იყოს. მინდა, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, თუმცა სიყვარული არასოდეს არ არის საკმარისი. მე ეგოისტი ვარ და მინდა, ადამიანებმა ღიად ისაუბრონ იმაზე, რაც აწუხებთ.  აქ ყველაფერი პირიქითაა, ზოგი ამას მენტალობას აბრალებს, ზოგი _ ეკლესიას, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ეკონომიკური სიდუხჭირე და მძიმე სოციალური ფონია. ანუ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ადამიანს, რაღაც იდეალებზე იფიქროს, როცა ის მშიერია და ცდილობს გადარჩეს, როგორც ბიოლოგიური ცხოველი.  ამიტომ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებისთვისაც ერეკლე დეისაძე მიუღებელია და მასში ,,ქართველობის მტერს” ხედავენ, თუმცა თვითონ ცნება ,,ქართველობაც” ბოლომდე არ მესმის, რას ნიშნავს“.   „ჩაძინებულ ასტრონომებს ღმერთი ვარსკვლავებიდან უჭვრეტდა, მერე ნიცშე გაახსენდა და სიცილით მოკვდა.“

ერეკლე დეისაძეს უყვარს თავისი მასწავლებლები. ამბობს, რომ ბევრს სწავლობს მათგან. „ჩემი მასწავლებელი თავის დროზე იყო ქრისტე, ჯორდანო ბრუნო, თუ ფაქი, ჯონ ლენონი, სოროკინი, მიშელ უელბეკი და ვაჟა ფშაველა.  ახლა ჯონ მაუსია.  მაგრამ ყველაზე მეტს მაინც საზოგადოებისგან და საკუთარი გამოცდილებიდან ვსწავლობ,“  _ ამბობს ის. საკუთარ თავს სათაურის მწერალი დაარქვა. თუმცა ახლა ამბობს, რომ „საიდუმლო სირობის“ მწერალი ერეკლე დეისაძე უკვე მოკლა და მოახერხა ის, რაც მწერალმა უნდა მოახერხოს – მკითხველი ტექსტამდე მიიყვანა. „სათაური ის თემაა, რომელზეც ყოველთვის ბევრს ვფიქრობ, რადგან სათაური გარკვეულწილად კარგად ყიდის პროდუქტს. ახალი ნაწარმოები მაქვს მზად, ფაქტობრივად რომანია ,,დამლაგებელი” ჰქვია და ტექსტის ნახევარს საზოგადოება უკვე გაეცნო ჟურნალ ,,ტაბულა-არტის” მეშვეობით. როცა უცნობი ადამიანები მწერდნენ ფეისბუქზე, წავიკითხეთ და ძალიან მოგვეწონაო, მივხვდი, რომ მცდელობა გამომივიდა და უკვე ჩემი მკითხველი ტექსტთან მივიყვანე“.

„ყველაფერი აივსო სიცარიელით,

კიბეს მთელი ღამე

ფეხის ხმა ესიზმრებოდა.“

ეკო ამბობს, რომ სკანდალებსა და  ტექსტებს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში თბილი და მხიარული ადამიანია. უყვარს მეგობრები, რომლებიც მუდმივად გვერდში უდგანან და აფასებს მათ. „მეგობრები ძალიან მიდგანან გვერდში და ძალიან ბევრნი არიან. ისინი მზად არიან, ჩემ გამო ნებისმიერ რისკზე წავიდნენ, რადგან ძალიან ახლოს მიცნობენ.  მხიარული და თავისუფალი ხალხია, ყველასთან არ მაქვს საერთო ინტერესები, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც მათთან ურთიერთობა საინტერესოა. უმეტესობას ჩემი გახმაურებული წიგნი არც წაუკითხავს, რადგან ფეხებზე ჰკიდია, რას დავწერ, მათთვის მთავარია, რეალურ ცხოვრებაში როგორი ვარ. რეალურ ცხოვრებაში კი ძალიან მხიარული, ნიჭიერი და თბილი ადამიანი ვარ, ნუ, ისინი ასე მხედავენ.“ახლა შეყვარებულია. თუმცა არც არასდროს ყოფილა სიყვარულის გარეშე. „მე სულ მიყვარს, ოღონდ ერთი კონკრეტული ვინმე არა, ეგ არ შემიძლია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რის გამოც ბევრი გოგო მშორდება. ეს გოგოები უცნაურები არიან, თუ რომელიმესთან ხარ, სხვისკენ გახედვას გიკრძალავენ და უნდათ მარტო ერთის საკუთრება იყო. მე თვითონ მესაკუთრე არ ვარ, რადგან თუ გოგონა ჩემთან კომფორტულად გრძნობს თავს, მას ბოლომდე ვენდობი. ეჭვიანი საერთოდ არ ვარ, თუ ჩემზე მეტად სხვა დააინტერესებს, პრობლემა ჩემში ყოფილა, ან საერთოდ რატომ უნდა ჩავთვალო ეს პრობლემად, რაც მეტ ადამიანთან გექნება ურთიერთობა, მით უკეთესია, გამოცდილებაც გემატება და ბევრ რამეს სწავლობ“. წერს  ჰაიკუებს, სიმღერებს.

„ვიღაცები დღემდე ფიქრობენ, რომ მე პოეტი უფრო ვარ, ვიდრე – მუსიკოსი. თუმცა ეს ხელს ერთმანეთს არ უშლის, რაღაც მომენტში მუსიკაც ხომ პოეზიაა. ჩემთვის ყველაზე მთავარი, პირველ რიგში, ტექსტია, რომელიც პუბლიკას უნდა მიაწოდო. პირველი სიმღერა იყო “პრეზიდენტო”,’რომელმაც მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ტექსტიდან გამომდინარე. სხვათა შორის, ეს სიმღერა “იმედის” ეთერშიც გავიდა და “იუთუბზეც” დიდი პოპულარულობით სარგებლობს, დღემდე მთხოვენ კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულებას და ძალიან მიხარია, როცა ტექსტს ყველა მსმენელი ერთხმად მღერის“.

ერეკლე დეისაძე, დათო აბრამიშვილის ფოტო
ერეკლე დეისაძე, დათო აბრამიშვილის ფოტო

სტატიაში გამოყენებული ჰაიკუებისს ავტორი არის ერეკლე დეისაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი