ოსკარი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკის, წლის საუკეთესო კინოსურათისთვის, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის… გამოიცანით რომელი ფილმია? ოსკარების ისტორიაში ხშირად ხდება, როცა წლის ფავორიტი ფილმი სამ, ოთხ, ხუთ, რვა პრიზს იგებს. ჰოლივუდის ისტორიის შემქმნელები ამ დროს ერთგავრ ინფანტილიზმში ვარდებიან და ჯილდოებს უშურველად გასცემენ. ასე მოხდა ოსკარების წლევანდელ ცერემონიალზეც – ფრანგი რეჟისორის, მიშელ აზანავიჩუსის შავ-თეთრ უხმო ფილმს, „არტისტს“, ხუთი ოქროს ქანდაკება ერგო.
რაზეა ფილმი? ალბათ თბილისში ცოტა კინოსმოყვარული დარჩა, რომელსაც „არტისტი“ ჯერ კიდევ არ ჩამოუტვირთავს ქართული თუ რუსული პირატული ვებ-გვერდებიდან, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც სურათი უცნობია, ვიტყვი, რომ ის კინოს ისტორიაზეა, კერძოდ კი, მუნჯი, იგივე უხმო კინოს ეპოქაზე. აი, ასე, მარტივად და მოკლედ შეიძლება ამ ფილმის დახასიათება, ფინალის მოყოლის და ფილმის ნახვის წინასწარი განწყობის გაფუჭების გარეშე, თუკი მაყურებლის მოტყუება გვინდა.
სინამდვილეში კი „არტისტი“ ყველაფერია კინოს ისტორიის გარდა. ხოლო მათ, ვისაც კინოს ნამდვილი და უტყუარი ისტორია გაინტერესებთ, შეგიძლიათ 2011 წელსავე გამოსული „ავრი“ ნახოთ, ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმაკის სურათი (სხვათა შორის, კვირაზე მეტია იმ უხსენებელ საიტზე დაიდო, ყველამ რომ ვიცით).
ეს, რაც პირატული საიტების კვირის მიმოხილვას შეეხებოდა. ახლა ისევ აზანავიჩუსზე გადავიდეთ. მაშ, რატომ არ ვარგა ფილმი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო იოლია, ვიდრე იმაზე, თუ რამ გამოიწვია მსოფლიოს ძლევამოსილი კინოკრიტიკოსების „არტისტით“ აღფრთოვანება. თავიდან ისიც კი ვიფიქრე, ბრიტანული პერიოდული გამოცემის, „გარდიანის“ რედაქტორებმა კრიტიკოსებს გინების დაწერა ხომ არ აუკრძალეს ფილმის შემოსავლების სასარგებლოდ–მეთქი. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არა. მაშინ რა ხდება ფილმში ისეთი, რამაც პიტერ ბრედშოუს სიხარულის ცრემლები აღვრევინა? ღმერთმა უწყის, მაგრამ პირველ რიგში – ჩვენ.
დასაფასებელია ის ფაქტი, რომ რეჟისორი კარგად მოემზადა, წაიკითხა წიგნები მუნჯი კინოს ეპოქაზე, ნახა, რაც მთავარია, ეს ფილმები და შეეცადა გაეგო, როგორია საუკუნის დასაწყისის კინოენის სტრუქტურა. მოპოვებული ცოდნა, ბუნებრივია, გამოიყენა კიდეც. მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგად ნასწავლი საზეპიროსავით გამოუვიდა, ლექსივით, რომლის ყველა სტროფს გაკვეთილზე ზუსტად იმეორებ, მაგრამ მეხსიერების ბრწყინვალე დემონსტრირებისა და დახარჯული დროის მიღმა სიცარიელე გამკივანი ხმით ყვირის.
„არტისტი“ არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიშელ აზანავიჩუსი კონკრეტულ ეპოქაზე იღებს ფილმს. ასეთია მისი OSS 117 ფილმების სერია. თუმცა მის წინა ფილმებს „არტისტისგან“ საკითხისადმი ირონიული მიდგომა განასხვავებს. OSS 117-ში რეჟისორი შაყირობს და ეს კარგადაც გამოსდის. ფილმის ყურება სახალისოა, თუმცა ერთხელ ნახავ და ამით მორჩა. ბოლო ნამუშევარში რეჟისორი ისტორიის პაროდიზაციას არ ეწევა, შესაბამისად, ამოცანა გაცილებით რთული ხდება. ავტორმა თანამედროვე მაყურებელი ძველი წესებით შექმნილ ახალ რეალობაში უნდა შეიყვანოს და პერსონაჟების სატკივარი განაცდევინოს. ჟანრობრივად „არტისტი“ კომიკური ელემენტებით გაჯერებული დრამაა. მაყურებელმა უნდა იცინოს კიდეც, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იტიროს. თუმცა სწორედ მაშინ, როცა პერსონაჟის პიროვნული ტრაგედია გულისამაჩუყებელი ხდება, იკარგება ტრაგიკულობის ის შეგრძნება, რომელიც შეიძლება შემზარავი იყოს, მაგრამ სენტიმენტალური არასოდეს.
შეცდომა რომ არ ვახსენოთ, რეჟისორის მთავარი მიქარვა მუნჯი კინოს ტექნიკურ მახასიათებლებთან თავისი ფილმის მაქსიმალური დაახლოების მცდელობაა. მართალია, შეილა რობერტსისთვის მიცემულ ინტერვიუში აზანავიჩუსი ამბობს, რომ „მთავარი არა ტექნიკური ასპექტებია, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამ რაღაცეებს“, მაგრამ უშუალოდ ფილმი სხვა რამეს ამტკიცებს. კერძოდ იმას, რომ ფილმში ისტორიის გაყალბება ხდება. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რეჟისორი ფილმის მხატვრულობას ფაქტობრივ რეალობას სწირავს, არამედ იმიტომ, რომ ისტორიის ფალსიფიკაციას მისი ზუსტი გამეორების სურვილით გამოხატავს. არა ესთეტიკის, არამედ შინაარსგამოცლილი ფორმის ზედაპირული გამეორებით, რომელსაც თანამედროვე კონტექსტს ვერ არგებს.
ის, რომ ფილმი შავ-თეთრია, კიდევ უფრო აშორებს მას უხმო კინოს რეალობიდან. აკი კაურისმაკის ფერად კადრებში უფრო კარგად იგრძნობა იგივე გერმანული ექსპრესიონიზმი, ვიდრე აზანავიჩუსის შავ-თეთრ სურათში ჰოლივუდის 20-იანი წლების დრამა. ვინაიდან არტისტი ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურია, უფრო მეტიც, სამარხვო აჭარული ხაჭაპური – თან მარხვას იცავ, თან ფორმასაც ინარჩუნებ.
აზანავიჩუსმა რეალურად სწორედ ტექნიკური მახასიათებლებისკენ აიღო გეზი, რაც უპირობო მარცხს ნიშნავს. რადგანაც უხმო კინო დიაფრაგმის კადრში დახურვას, ორმაგ ექსპოზიციას, ან მსახიობის მიერ წარბის ექსპრესიულად აზიდვას არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, დიაფრაგმის დახურვის ხერხი ტრიუფოსთან უფრო რეალისტურია, რომელიც მუნჯ ფილმებს არ იღებდა, ვიდრე აზანავიჩუსთან, თანამედროვე დიგიტალური შესაძლებლობების ულევ ზღვაში. რადგანაც ტრიუფომ კინო გაცილებით უკეთ იცოდა და სპეციფიკური ეპოქის სურათებს სპეციალურად, ფილმის გადაღების მოსამზადებელ პერიოდში კი არ უყურებდა, არამედ ამით ცხოვრობდა.
„არტისტის“ ყველაზე კარგი ეპიზოდი ჟან დიუჟარდენის ხილვაა, სიზმარი, რომელიც კინოში ხმის მოსვლას მოასწავებს. კინოში ხმოვანი ექსპერიმენტები „ჯაზის მომღერლით“ (1926) არ დაწყებულა. მეცნიერები ხმის ეფექტის შექმნას და მუნჯი გამოსახულების ამეტყველებას კინოს დაბადებიდან მოყოლებული ცდილობდნენ. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს, როცა ბევრმა პროდიუსერმა გაიაზრა, რომ ხმოვანი კინო გადარჩენის ერთადერთი და კინოენის განვითარების მომდევნო ფაზა იქნებოდა, ბევრმა ვარსკვლავმა სამუშაო დაკარგა. იყვნენ უზომოდ პოპულარული მსახიობები, რომლებსაც უბრალოდ არაშესაფერისი ხმა და მეტყველების მანერა აღმოაჩნდათ და რომელთა შემოქმედებითი კარიერაც ფილმების ალაპარაკებამ დაასრულა. იგივე მოსდის დაგლას ფერბენქს-რუდოლფ ვალენტინო-ჯონ გილბერტის მიქსს, ჟან დიუჟარდენის პერსონაჟს. ის კინოს ახალი ეტაპისთვის შეუფერებელი აღმოჩნდება. „არტისტის“ ყველაზე კარგი სცენა სწორედ იმ მომენტს უკავშირდება, როცა ბევრი მსახიობისა და რეჟისორისთვის ავისმომასწავებელი ეპოქა ჰოლივუდს კარზე მოადგება. ჯორჯ ვალენტინს (ჟან დიუჟარდენი) კოშმარული ხილვა ეწვევა, სადაც ფილმის პირველი ხმოვანი ეფექტები ფიქსირდება. აქ რეჟისორი კარგად გადმოსცემს შოკს, რომელიც კინოს ალაპარაკებამ გამოიწვია კინემატოგრაფისტებში. გამოსახულების ოპტიკური დამახინჯების შეზავებით საგნების მოძრაობის ხმასთან, ქუჩაში მომღერალი ქალების ჰალუცინაციასა და ქარის ხმოვან ეფექტთან, პერსონაჟის ფსიქოლოგიური განწყობა მაყურებელზე იდეალურად გადადის. თუმცა ჯორჯ ვალენტინის სუბიექტური რეალობის გადმოცემაში რეჟისორს ეპიზოდთან თავისუფალი, შემოქმედებითი მიდგომა შველის და არა მუნჯი კინოს ტექნიკური სპეციფიკის გაზეპირება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მწარედ აგებს აზანავიჩუსი კინოობანას აზარტულ თამაშს.
თუმცა ბევრი ასე არ ფიქრობს. ამის დასტურია 5 ოსკარი, კიდევ 73 სხვა პრიზი (მათ შორის ოქროს პალმის რტო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის) და 67 ნომინაცია, რომელიც „არტისტს“ ხვდა წილად. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ დახარჯოთ 1.36’ წუთი იმის ყურებაში, რაც მხოლოდ ერთი შეხედვით გაფიქრებინებთ, რომ კინოს ბავშვობა მოენატრა, 20-იანი წლების სპონტანურობის, იმპროვიზაციებისა და მორალური თავისუფლების ეპოქა, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად გავს თანამედროვე სამყარო თავისი კონსერვატიზმით, მემარჯვენე-მილიტარისტული რიტორიკითა და რეპრესიული კულტურული პოლიტიკით.
