ქართველი ჯაზ–შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი უკვე 11 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. Carnegie Hall, Blue Note, Irridium, Jazz Standard, Kitano Jazz, ეს იმ ჯაზ–კლუბების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი მელიქიშვილს, საკუთარ კვარტეტთან ერთად, სხვადასხვა დროს დაუკრავს, ჩამონათვალში კი ნიუ იორკის თითქმის ყველა ლეგენდარული ჯაზ–კლუბი შედის.
მისი სახელი და გვარი საქართველოში ბევრს ვერაფერს გეტყვით, ამერიკაში კი სასცენო ფსევდონიმით, George Mel–ით იცნობენ.
გიორგი მელიქიშვილი საქართველოდან 18 წლის წინ წავიდა, ამჟამად ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს და 2007 წელს ამერიკის მთავრობისგან საპატიო მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით “Artist Green Card”–ით სარგებლობს.
თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1980–ან წლებში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც მუსიკა მუდმივად ჟღერდა, როგორც თავად ამბობს, ვერც ქართულმა და ვერც კლასიკურმა მუსიკამ მასში მუსიკოსი ვერ გააღვიძა მანამ, სანამ სახლში შემთხვევით მამამისის მეგობრის კუთვნილი კასეტა არ აღმოაჩინა:
“მაშინ 14 წლის ვიყავი, კასეტაზე კი Beatles, Pink Floyd, Deep Purple და სხვა ჩანაწერები აღმოვაჩინე, როკ’ნ’როლმა ტალღასავით წამიღო და ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა”, – იხსენებს გიორგი მელიქიშვილი.
მას შემდეგ როკის დიდი კოლექციონერი და მელომანი გახდა. თუმცა 18 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ მხოლოდ მუსიკის მოსმენა საკმარისი არ იყო:
“გამიჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება, თავი გამომეხატა იმ მუსიკის დაკვრით, რასაც დღე და ღამე ვუსმენდი. დავიწყე დრამზე დაკვრის სწავლა, ისიც არ ვიცი, როგორ და რატომ ავირჩიე ეს ინსტრუმენტი, უფრო ინსტრუმენტმა “მიპოვა”.
19 წლის ასაკში თანამოაზრეების პოვნაც მოახერხა და ერთად ბლუზ–როკ ჯგუფი “Limousin” ჩამოაყალიბეს.
როგორც გიორგი იხსენებს, მაშინ როკის დაკვრა, თანაც ინგლისურენოვანის, არცთუ ისე იოლი იყო:
“კომუნისტური რეჟიმი როკს “დასავლეთის პროპაგანდად” ახასიათებდა და თბილისის მთელი როკი, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, ასე ვთქვათ, “ანდერგრაუნდის” სტატუსით იყო, მაგრამ სულ მალე ის, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, დაიშალა და ეს მიმდინარეობა ძალიან პოპულარული გახდა”.
პირველი წარმატება, ჯგუფთან ერთად, 1990 წელს იზეიმა, როცა თბილისში, სპორტის სასახლეში უზარმაზარი როკ–ფესტივალი ჩატარდა, სადაც თითქმის ყველა ქართული როკ–ჯგუფი უკრავდა.
“Limousin”–ი კონცერტისთვის თავდაუზოგავად ემზადებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სარდაფში გადიოდნენ რეპეტიციას და ფესტივალზე ბლუზ–როკის კატეგორიაში პირველი ადგილი აიღეს:
“გაოცებული ვიყავი, თურმე რამდენი ჯგუფი იყო იმ დროს თბილისში, რომელიც ჩვენთვის ანდერგრაუნდიდან ფესტივალზე ამოტივტივდა..!!! Hard-Rocki, New Wave, Punk, Heavy Metal,Trash Metal, Post-punk,Soul-Rock, თითქმის ყველა მიმდინარეობა იყო წარმოდგენილი.
ამის მერე პოპულარობამაც არ დააყოვნა და პრინციპში თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში ყველა სტადიონზე და საკონცერტო დარბაზში დაგვიკრავს, ხშირი იყო ტელე, საგაზეთო და რადიოინტერვიუები. ეს გახლავთ ჩემი, როგორც ოფიციალური პროფესიონალური მუსიკოსის, ცხოვრების ხანმოკლე დასაწყისი.”
თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში “ომისა და ნგრევის” პერიოდი დადგა, “Limousin”–ი იძულებული გახდა, ქვეყნის ფარგლები დაეტოვებინა, საკმაოდ ბუნდოვან დაპირებას დათანხმდა და ამსტერდამში გაემგზავრა. ჯგუფის წევრები საქართველოში მალევე დაბრუნდნენ, გიორგი მელიქიშვილმა კი ამსტერდამში დარჩენა გადაწყვიტა:
“ამსტერდამში დღისით ნებისმიერ სამუშაოს ვთანხმდებოდი, რისი შოვნაც კი შემეძლო უცხო ენისა და სტატუსის გარეშე, შემდეგ კი ფიზიკურად დაღლილი, მაგრამ სულიერად ამაღლებული მივდიოდი rock jam-session–ებზე, სანამ არ შევუერთდი იქაური სცენის რამდენიმე გამოჩენილ მუსიკოსს და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მუსიკა არის ჩემი ცხოვრება და ის ძალა და შთაგონება, რომლის გარეშე ცხოვრების დროებით თუ მუდმივ სირთულეებს ვერ გავუმკლავდებოდი და რომლის გარეშე ცხოვრებას დიდი აზრი ჩემთვის არ ჰქონდა.”
ჯაზით პირველად მეგობარი გოგოს გამო დაინტერესდა, რომელიც მასზე ასაკით უფროსი ჯაზ–შემსრულებელი იყო. ამის შემდეგ მისი მუსიკალური განვითარების შემდგომი ეტაპი დაიწყო.
“თავიდან კლასიკური ჯაზის მოსმენა დავიწყე– Jonh Coltrane, Miles Davis, Bill Evans, Cannonball Adderley. ჯაზი ჩემთვის არის “მენტალიტეტი”, რომელიც მუსიკოსისგან მოითხოვს უმაღლეს ტექნიკურ სრულყოფას, მუდმივად რისკზე წასვლას და, სამაგიეროდ, ისეთი თავისუფლების გრძნობით აჯილდოვებს, რომლისთვისაც ცხოვრება მართლა ღირს.”
ამსტერდამში ამერიკელი ჯაზმენებისგან გაკვეთილები ითხოვა, თუმცა იმის გამო, რომ ასაკით ძალიან პატარა, 25 წლის, იყო და არანაირი მუსიკალური განათლება არ გააჩნდა, უარი მიიღო:
“არც მომისმინეს! მირჩიეს, ან, უფრო სწორად, მიბიძგეს, მეცადა ჯაზის სკოლები ამერიკაში, რომლებსაც ასაკობრივად უფრო მოქნილი სისტემა გააჩნიათ. მათი დაჟინებით, რეკომენდაციით და დახმარებით, ყოველგვარი მოლოდინის და იმედის გარეშე, მასალები ბოსტონის ჯაზის და პოპულარული მუსიკის სახელგანთქმულ აკადემიას Berklee College Of Music გავუგზავნე. როგორც ჩანს, ჩემმა როკის “CV”-მ იმოქმედა”.
გიორგი მელიქიშვილი აკადემიაში მიიღეს და სტიპენდიაც დაუნიშნეს, ამიტომ სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა აიღო და 1996 წლის მაისში, ცხოვრებაში პირველად, აკადემიური მუსიკალური განათლების მისაღებად აშშ–ში გაემგზავრა:
“ასე დაიწყო ჩემი პროფესიონალური მუსიკალური ცხოვრების უკვე მესამე და საბოლოო, ამერიკული ეტაპისათვის საფუძვლიანი მომზადება. უკვე ვიცოდი, რომ უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, იმ ქვეყანაში მეცხოვრა, რომლის მუსიკალურ ტრადიციასაც ცხოვრება მივანდე. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩემი სრული ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო სწორედ ამერიკაში – ჯაზის სამშობლოში და ეს ხანგრძლივი პროცესი მთელ ცხოვრებას შეიცავს.”
ბერკლის სტიპენდია და მისი წარმატებით “Magna Cum Laude” დამთავრება, ნიუ იორკში და მის (და აშშ–ს) გარეთ ყველა თაობის და უამრავი მიმდინარეობების უთვალავ, მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსთან დაკვრა/თანამშრომლობა, Carnegie Hall, Blue Note, Irridium, Jazz Standard, Kitano Jazz და ნიუ იორკის თითქმის ყველა ლეგენდარულ ჯაზ–კლუბში გამოსვლა, გასულ წელს უკვე როგორც საკუთარი კვარტეტის ლიდერი; 11 წელიწადი ნიუ იორკში მოღვაწეობა როგორც ერთ–ერთი ყველაზე სასურველი დრამერი/სესიური მუსიკოსი, ამერიკის მთავრობისგან საპატიო “Extraordinary Abilities In The Arts” სტატუსის მინიჭება, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღწეული წარმატებების ჩამონათვალია, თუმცა ამერიკული ოცნება ჯერ ბოლომდე არ ახდენია:
“ჩემს კარიერაში, ჩემი სოლიდური ასაკის მიუხედავად, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ ყველაფერი საუკეთესო წინ არის. ჩემთვის დღეს ყველაზე დიდი მიღწევა არის იმ “მუსიკალური ოჯახის” შეკრება, რომელიც ჩემი მუსიკის ერთგულია ყოველგვარი მსხვილი კონტრაქტის, მედიის მუდმივი ყურადღების და “ვარსკვლავის” სტატუსის გარეშე. შეიძლება ზოგიერთისთვის აქაც და თბილისშიც ეს არაფერს ნიშნავს, ჩემთვის კი ეს უდიდესი წარმატებაა”.
ახლა 42 წლისაა, ჯე ოჯახი არ ჰყავს და მისი ერთი ჩვეულებრივი დღე ასე გამოიყურება:
“ჩემი დღე იწყება დილის 10 საათზე, 11–დან 2–მდე ტექნიკაზე მეთოდური მუშაობაა, 2–დან 6–მდე ან კერძო სტუდენტები, ან jam-session–ი, ან რეპეტიცია, საღამოს კი 8–დან 12–მდე კონცერტჰოლში, კლუბში, ბარში ან კერძო ივენთზე გამოსვლა და დაკვრა. თუ სამუშაო არ მაქვს (და არც ქალბატონებთან პაემანი), მაშინ საღამოს კომპოზიციას ან არანჟირებას ვუთმობ, ეს პროცესი იოლად შეიძლება ღამის 2 საათამდე გაგრძელდეს, სამწუხაროდ, დღე–ღამეში სულ 24 საათია, ეგა არის და ეგ.”
გარდა მუსიკის შექმნისა, მუსიკას თავადაც მუდმივად უსმენს:
“ჩემი სულიერი პარალელები ყველაზე ახლოს აისახება შემდეგი გენიოსების შემოქმედებაში, რომლის გარეშე ჩემი არტისტული ზრდა ვერ მოხდებოდა: Bach, Bethoven, Debussy, John Coltrane, Miles Davis, Wayne Shorter,Louis Armstrong, Thelonious Monk, Bill Evans, Keith Jarrett, Jimi Hendrix, Led Zeppelin, Joni Mitchell, Hermeto Pascoal, Antonio Carlos Jobim.. ეს სულ მცირე.”
საქართველოში ჩამოსვლას და აქ მოღვაწეობას არ აპირებს. როგორც გიორგი მელიქიშვილი ამბობს, საქართველოში რომ გაეცნოთ, არც არასოდეს მოუნდომებია, მხოლოდ ერთხელ, 1999 წელს, ბერკლის კოლეჯის დაფინანსებით, თბილისში, კონსერვატორიაში მასტერკლასები ჩაატარა. თუმცა მასტერკლასის ჩატარების სურვილი კვლავ გაუჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებულ ჯაზ–ფესტივალს ადევნებდა თვალ–ყურს:
“სიმართლე გითხრათ, პირველად გამიჩნდა სურვილი, გავაცნო ქართულ საზოგადოებას ის, რასაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ასე რომ, დროებით დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი, იმედია, გამოინახება საქართველოში ამის ინტერესი და საშუალება.”