ხელოვნება

ვაცლავ ჰაველის სამი პიესა ქართულ ენაზე ითარგმნა

15 თებერვალი, 2012 •
ვაცლავ ჰაველის სამი პიესა ქართულ ენაზე ითარგმნა

გამომცემლობა “სიესტა” მკითხველს ახალ წიგნს სთავაზობს, ვაცლავ ჰაველის პიესების კრებულის პრეზენტაცია წიგნის მაღაზია “დიოგენეში” მოეწყო.

“ის, რომ ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტი იყო, ბევრად უფრო საინტერესოს ხდის მის პიესებს, მას ძალიან საინტერესო დროს მოუწია მოღვაწეობა და მგონია, რომ მის მიერ დანახული და შეფასებული ცხოვრება მკითხველს განსაკუთრებულად დააინტერესებს”, – აღნიშნა გამომცემლობა “სიესტას” დირექტორმა ქეთი კიღურაძემ.

ცნობილი ჩეხი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სამი პიესა ქართულ ენაზე მაია ნაჭყებიამ თარგმნა:

“ჰაველი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო ჩვენს ეპოქაში, მე მისი პიესების კითხვა და თარგმნა ჯერ კიდევ 1990-ან წლებში დავიწყე”, – ამბობს მაია ნაჭყებია. მისი თქმით, კრებულში შესული სამივე პიესა საკმაოდ აქტუალურ თებემს შეეხება.

პირველი პიესა “ზეიმი ბაღში” 1963 წელს გამოვიდა. პიესაზე ამბობდნენ, რომ ვაცლავ ჰაველმა მისი დაწერით სამყაროს კატაპულტირება მოახდინა. პიესა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის ვითარებას ასახავს, აქ არის საუბარი იმაზე, თუ როგორი იყო იმდროინდელი ადამიანი, რომელიც ცდილობდა შენიღბულიყო ფრაზებით, არ გამოეთქვა საკუთარი აზრი და მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა სიტუაცია. პიესის მთავარი გმირიც ადამიანია, რომელმაც ფრაზებზე ააგო თავისი კარიერა და ბოლოს თავის ფრაზებშივე დაიკარგა.

მეორე პიესა ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. პიესაში ის პერიოდია აღწერილი, როდესაც რეპრესიები დაიწყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც მთავრობის პოლიტიკას  არ ეთანხმებოდა.

მესამე პიესა, რომელიც 1987 წელსაა დაწერილი, დროთა უწყვეტობას ეხება. მოქმედება ერთ-ერთ ძველ ციხე-დარბაზში ხდება, სადაც დროებით ცხოვრობს არქიტექტორთა ჯგუფი, რომლებსაც ძველი ქალაქის რეკონსტრუქცია აქვთ დავალებული, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მოქალაქეებს არ სურთ ძველი ტრადიციების და იმ ქალაქის დაკარგვა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. პიესა იმ პირებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით სხვა ადამიანების ბედს წყვეტენ.

ქართულად თარგმნილი პიესების კრებული წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება და მისი ფასი 10 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი