ხელოვნება

ბერას დაპირისპირების გაგრძელება გარემოს დაცვის მინისტრთან

28 ნოემბერი, 2011 • 1168
ბერას დაპირისპირების გაგრძელება გარემოს დაცვის მინისტრთან

 

”მინისტრებმა მოინდომეს რეპერობა ამ ბოლოს, ასაკით უფროსთან გარჩევები არ მომწონს, არ იბაზროთ ჩემზე და პატიებაც არ მთხოვოთ, ჯერ ისწავლე ქართული ან–ბან–გან–დ..ო” – ეს ამონარიდია ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერიდან ”ჩვენი დროა”, რომლის პრემიერაც ბერას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შედგა.

 

ამ სიტყვებით ბერა ივანიშვილისა და გარემოს დაცვის მინისტრის Facebook–დაპირისპირების გრძელდება. შეგახსენებთ, რომ საკუთარ Facebook გვერდზე გოგა ხაჩიძემ ბერა ივანიშვილის სიმღერას  ”ქართულ ოცნება” აგრესიული ჩლიფინა რეპი უწოდა.

მოგვიანებით გოგა ხაჩიძემ, ასევე, Facebook-ის გვერდზე ”მოკლე განცხადება” გამოაქვეყნა:

“გარემოს დაცვის მინისტრი, 16 წლის ბავშვს ებრძვის”-ო  – მსგავსი სათაურის სტატიები რომ ვნახე, პირველად მაშინ დავინტერესდი და  გავიგე, რომ  თურმე ბერა 16 წლის, ანუ ჩემი უფროსი ბიჭის თანატოლი ყოფილა. ჩემი შვილიც ცოტა ხნის წინ გახდა 16 წლის და დაბადების დღეზე, მთელი ჩემი დარიგებები და მოთხოვნები ორ კონკრეტულ პირობაში მოვაქციე: კანონი არ დაარღვიო და ზრდილობიანი იყავი მეთქი.  ვფიქრობ,  მეტი მოთხოვნა სხვისი შვილების მიმართაც არ უნდა მქონდეს.მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილის სიმღერების ტექსტი და ზოგადი კონტექსტი, ჩემის აზრით, მისსავე ასაკს არ შეესაბამება;მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უსამართლობად მიმაჩნია,  მილიარდერის ოჯახში, ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვისგან  “ქართულ ოცნებაზე”  აგრესიული ტონით “რეპვა”,   გულახდილად ვაღიარებ, რომ  კრიტიკა  გადაჭარბებული გამომივიდა.   გადაჭარბებული, ისევ და ისევ მისი ასაკის გამო. ვიღებ შენიშვნას, გარკვეულწილად ის სამართლიანი იყო.”

მოგვიანებით მინისტრს ბერამ თავის სიმღერით  ”ვერავინ ვერასდროს ვერსად” უპასუხა ერთი წინადადებით – ”გოგა, წვიმად გადაიქეცი”, რაზეც გოგა ხაჩიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”პირველ ”თხოვნას”, ”წვიმად გადაქცევას” ვგულისხმობ, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ დავაკმაყოფილებ. ”თხოვნის ავტორს მამა-შვილურად მინდა ავუხსნა: მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სიურპრიზი აღმოჩნდეს, არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ფულიც კი ვერ აგვარებს. ეს, ალბათ, უფრო მომავლის საქმეა და ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე იქნება დამოკიდებული”, –  წერს მინისტრი მოკლე განცხადებაში.

ბერას აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმაც კითხა გადაცემაში ”აკრედიტაციის გარეშე”, სადაც ბერამ თქვა, რომ:

”ჩემი მუსიკა გააკრიტიკა და პასუხი მუსიკიდანვე მიიღო, არც მეტი არც ნაკლები, რეალურად ეს მუსიკის ფარგლებში მოხდა, რამდენადაც ვიცი 16 წლის შვილი ყავს, ამხელა კაცია და არც ჩემ თავს ვაკადრებ და არც არავის, რამე ზედმეტი ვაკადრო, ეს საკითხი ამოწურულია”- აღნიშნა ბერამ გადაცემაში ”აკრედიტაციის გარეშე”.

თუმცა დღეს გავრცელებულ სიმღერაში ”ჩვენი დროა” ბერა გოგა ხაჩიძეს კვლავ შეეხო. ჯერჯერობით, მინისტრის რეაქცია აღნიშნულ სიმღერასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა მის Facebook გვერდზე პირველი გამოხმაურება უკვე გამოჩნდა

”ეს არის უნიჭობა და უზნეობა.. გოგა, ერთი საპასუხო გარეპვა უნდა მას რა:))))))))” – წერს ერთ–ერთი კომენტატორი.

ბერა ივანიშვილი ახალ სიმღერაში 11 დეკემბერსაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შეეხო:

”დაელოდე 11 დეკემბერს, გპირდები ქართული ოცნება”.

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია 11 დეკემბერს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი