
“რას იტყვის ხალხი?” – იუსტინა მელნიკევიჩის ამ სახელწოდების გამოფენა “ევროპის სახლში” 22 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, გაიხსნება და 5 დეკემბრამდე გასტანს.
იუსტინა მელნიკევიჩი პოლონელი ფოტოგრაფია, რომელიც ბოლო 9 წელია საქართველოში ცხოვრობს. იგი პოლონეთში დაიბადა, უნივერსიტეტში არტ-კრიტიკას სწავლობდა ფილმების განხრით, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი პოლონურ ყოველდღიურ გაზეთში რეპორტიორად დაიწყო მუშაობა:
“გაზეთში 1999 წლიდან ვიყავი, მას შემდეგ 11 წელიწადი გავიდა და ფოტოგრაფია ჩემს პროფესიად გადაიქცა” – იხსენებს იუსტინა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. მისი თქმით, ერთი წლის შემდეგ გაზეთს თავი დაანება და დამოუკიდებელ რეპორტიორად დაიწყო მუშაობა:
“მინდოდა, თვითონ გადამეწყვიტა, რას გადავიღებდი და როგორ, სხვისი მითითებების გარეშე, და მუშაობა დამოუკიდებლად დავიწყე. ძალიან მალე, 2001 წელს, გრძელვადიან პროექტზე შემომთავაზეს მუშაობა, რომელიც ძირითადად სამხრეთ კავკასიას ეხებოდა”
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოუწია იუსტინას საქართველოში ჩამოსვლა. 2002 წელს აქ საცხოვრებლად გადმოვიდა, პროექტზე მუშაობა რომ დაესრულებინა და საბოლოოდ თბილისში ცხოვრება გადაწყვიტა.
“მომწონს ეს ქვეყანა, საქართველო ჩემთვის საცხოვრებლადაც და სამუშაოდაც ძალიან საინტერესო ადგილია”
იუსტინა საკუთარ თავს დოკუმენტალისტ ფოტოგრაფს უწოდებს. ფოტოების გადასაღებად ბევრს მოგზაურობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში.
ფოტოგრაფი აქტიურად იყო ჩართული 2008 წლის აგვისტოს ომის გაშუქებაშიც, იგი ამ პერიოდში “New Yourk Times”-ისთვის მუშაობდა. აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტოებმა მას ორი პრიზი მოუტანა, მისი ნამუშევარი world press photo-ს გამარჯვებული გახდა, მეორე პრიზი კი საფრანგეთში, ქალ რეპორტიორთა საერთაშორისო კონკურსზე მიიღო.
ომის პერიოდის გახსენება არ უნდა, ამბობს, რომ ეს წარსულში იყო და ახლა ახალ პროექტზე საუბარი ჯობს:
“გრძელვადიანი პროექტის შემდეგ ძალიან მჭირდებოდა რაიმე სიახლე, ამიტომ ახალი თემის აღება გადავწყვიტე. თავდაპირველად მინდოდა ერთი სიყვარულის ისტორია მომეყოლა, მაგრამ პანკისის ხეობაში ყოფნისას უფრო დეტალურად დავინტერესდი ქალების ტრადიციული როლებით და იმით, თუ რა ხდება მაშინ, როცა ქალები საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არ ემორჩილებიან”.
ქალები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამ თემაზე მუშაობა სოროსის ფონდის დახმარებით დაიწყო, გადასაღებად კი ოთხი ქვეყანა შეარჩია– საქართველო, პოლონეთი, ბელორუსია და სომხეთი:
“საქართველო და პოლონეთი ჩემი პირადი გრძნობებიდან გამომდინარე გადავიღე. პოლონეთში ძირითადად ის ქალები აღმოჩნდნენ ჩემს ობიექტივში, ვინც ჩემს ცხოვრებაზე გავლენა იქონია– დედაჩემი, ჩემი სკოლის მასწავლებელი და ა.შ. სომხეთში უფრო სპეციფიკურ ისტორიას შევეხე. იქ არის სოფლები, რომლებშიც არც ერთი კაცი არ ცხოვრობს, რადგან ყველა მათგანი რუსეთშია სამუშაოდ წასული”.
რაც შეეხება საქართველოს, გადაღებები კახეთში, მარნეულში, პანკისში და თბილისში მიდიოდა. ფოტოები დაახლოებით 15 ქალის ისტორიას მოგვითხრობს. გადაღებულ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი შორენა ბეგაშვილია. როგორც იუსტინა ამბობს, შორენას გადაღების იდეა პანკისში დაებადა:
“როცა ერთ გოგოს ვიღებდი პანკისში, ასეთი სიტუაცია დამხვდა, ყველა ქალი საღამოობით უყურებდა სერიალს “ანხელი”, კაცები ისხდნენ და დასცინოდნენ. ერთხელაც გოგომ, რომელსაც ვიღებდი, თავის ძმას გადახედა და უთხრა, რა გაცინებს, სამაგიეროდ შენ ყოველ შაბათს შორენას უყურებო. მე ტელევიზორს არ ვუყურებ და დამაინტერესა, რა იყო ეს “ღამე შორენასთან ერთად”. თბილისში რომ ჩამოვედი, შორენა ბეგაშვილს დავუკავშირდი და გადავიღე.”
ყველა ფოტოს თან ახლავს ნაწყვეტები ქალების მიერ ნაამბობი ისტორიებიდან, ეს ნაწყვეტები ფოტოებთან ერთად გამოიფინება. საბოლოოდ კი იუსტინა მელნიკევიჩი ფოტოების და ისტორიების გაერთიანებას ერთ წიგნად აპირებს.
“ეს ისტორიები სარკმელია იმ რამდენიმე ქალის სამყაროში, რომლებმაც გული გადამიშალეს და საკუთარი ცხოვრების ისტორიები გამიზიარეს, რისთვისაც მუდამ მათი მადლიერი ვიქნები. ეს არის ჩემი, როგორც ქალის, მცირე წვლილი მუდმივად განახლებად საქართველოს სურათში”.





