ხელოვნება

როგორ წყდება, რას წაიკითხავს ქართულად მკითხველი

19 ოქტომბერი, 2011 • 1203
როგორ წყდება, რას წაიკითხავს ქართულად მკითხველი

ვინ ადგენს იმ წიგნების სიას, რომლებიც ქართულად უნდა ითარგმნოს, ან არსებობს თუ არა სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ლიტერატურაზეა მოთხოვნა საზოგადოებაში.

დღეს ცნობილ ბრიტანელ მწერალს ჯულიან ბარნსს “ბუკერის პრემია გადაეცა. ბარნსის ნაწარმოებები 30–მდე ენაზეა ნათარგმნი და ბესტსელერებადაა ქცეული, თუმცა ქართულად  ჯერ არ უთარგმნიათ და, როგორც გამომცემლობები აცხადებენ,  ჯერჯერობით თარგმნა არც იგეგმება.

სხვადასხვა გამომცემლობაში სათარგმნი წიგნების არჩევა განსხვავებულად ხდება.

გამომცემლობა “დიოგენეს” რედაქტორი ლალი ქადაგიძე აცხადებს, რომ წიგნის თარგმნისას რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ “პირველ რიგში გვაინტერესებს დიდი ავტორები, შემოთავაზებებს მთარგმნელებისგანაც ვიღებთ. ვითვალისწინებთ იმასაც, როგორი სახის ლიტერეატურა იყიდება, თუმცა ამაზე დიდი აქცენტი არ არის” – ამბობს ლალი ქადაგიძე. გამომცემლობაში ასევე არ არის ზუსტი ინფორმაცია ბესტსელერების შესახებ.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში” კი, რედაქტორის, დიანა ყასიმაშვილის განცხადებით სათარგმნ წიგნებს სარედაქციო კოლეგია არჩევს: “სარედაქციო კოლეგია არჩევს, რამდენად საინტერესოა ესა თუ ის წიგნი, წიგნი აუცილებლად უნდა იყოს პოპულარული. სტატისტიკა გაყიდვებთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია და არ ვუკვეთავთ, მაღაზიებიდან ვიღებთ შეძლებისდაგვარად ცნობებს. მეეჭვება,  რომ გამომცემლობები აკეთებდნენ იმის აღწერას, თუ სად რამდენი წიგნი იყიდება” – აცხადებს დიანა ყასიმაშვილი. მისი თქმით, ასეთი ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სარედაქციო კოლეგია ცდილობს გამოსცეს ისეთი წიგნები, რაც  საზოგადოებას მათი აზრით დააინტერესებს.

მწერალი მალხაზ ხარბედია თვლის, რომ მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მკითხველის აზრის გათვალისწინება, გამომცემლობები გავლენას მაინც ვერ მოახდენენ საზოგადოებაზე და ვერ უკარნახებენ, რა წაიკითხონ და რა– არა. ხარბედია ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი იარსებებს რაიმე ორგანო, რომელიც ყოველთვიურ და ყოველწლიურ სტატისტიკას დაადგენს და გამოავლენს ბესტსელერებს: “დასავლეთში ყველაფრის სტატისტიკა არსებობს, ჩვენთან კი, ამ სფეროში თითქმის არანაირი. ყველა მაღაზიას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში თავისი მონაცემები წარმოადგინოს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა,  არსებობდეს ზოგადი, მიუკერძოებელი ორგანო” – აცხადებს მალხაზ ხარბედია – “თუ ვინმე მოაბამს თავს, ძალიან კარგი იქნება. გავიგებდით, რა არის საქართველოში ბესტსელერი, აქ ამ მხრივ უცნაურობებიც ხდება ხოლმე და ეს გამოკითხვები კარგად აჩვენებდა ამ უცნაურობებსაც.

ერთ–ერთ უცნაურობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მსოფლიო ბესტსელერები ხშირად საქართველოში ნაკლებად იყიდება.
2010 წელს წიგნების გაყიდვის მონაცემების შეჯამებამ გამოავლინა, რომ სტიგ ლარსონის ტრილოგია ”მილენიუმი” წლის მთავარი ბესტსელერია. ტრილოგიაში შედის წიგნები: ”გოგონა დრაკონის ტატუთი”, ”გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”, ”გოგონა, რომელიც აფეთქებდა”.

“ეს წიგნი სხვა ქვეყნებში ბესტსელერია, ჩვენთან კი გაყიდვები ნაკლებად იყო” – აცხადებენ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გაყიდვების დეპარტამენტში. ამის გამო გამომცემლობამ პიარაქციაც კი დაგეგმა და წიგნი გარკვეულ აუდიტორიას უფასოდ დაურიგა. მათი აზრით, არსებობს მიზეზებიც, რის გამოც წიგნის გაყიდვები შედარებით მცირე იყო, წიგნის გამოსვლა ზაფხულის პერიოდს დაემთხვა და პრეზენტაციაც ვერ მოეწყო, თუმცა შესაძლოა ჩვენთან მკითხველის გემოვნებაც განსხვავებულია.

სტატისტიკის დეპარტამენტში თეონა ოსიტაშვილის განცხადებით, ამ მხრივ მკითხველის მოთხოვნების შესწავლა არ ხდება, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია არსებობს ჟურნალ–გაზეთებისა და წიგნების გაყიდვების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა არ ხდება კვლევა პოპულარული ავტორების ან ჟანრების შესახებ.
მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სტატისტიკა, მალხაზ ხარბედიას აზრით, ნებისმიერ სახის ლიტერატურის თარგმანი მაინც მუდმივად უნდა კეთდებოდეს. “ახალი თარგმანების გარეშე ენაც ვერ განვითარდება. კლასიკური ნაწარმოებებიც რომ ავიღოთ, მაგალითად, შექსპირის “ჰამლეტი”, ჩემი აზრით, ყველა თაობაში თავიდან უნდა ითარგმოს. 60–იან წლებს თავისი ჰამლეტი უნდა ჰყავდეს, 90–იან წლებს–  თავისი, ერთმა თარგმანმაცკი შეიძლება მთლიანად შეცვალოს თანამედროვე ქართული ენა.”

რაც შეეხება თანამედროვე ლიტერატურის თარგმნას, მალხაზ ხარბედიას თქმით, ბოლო წლებში ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა და არაერთი დასავლური თუ აღმოსავლური რომანი ითარგმნა, “თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ქართველი მკითხველი კითხულობს თანამედროვე ლიტერატურას”, მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ითარგმნებოდეს არა მარტო კლასიკა, არამედ თანამედროვე ლიტერატურაც და მსგავს მასალას მკითხველი თანამედროვე ქართულ ენაზე გაეცნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი