ეკონომიკა

უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდა, მოთხოვნა მშენებარე ბინებზეა

14 ოქტომბერი, 2014 • • 3019
უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდა, მოთხოვნა მშენებარე ბინებზეა

“2007 წელს მშპ–ში მშენებლობის წილი 12% იყო. 2014 წლის ორ კვარტალში 7,4%–ია. წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.”

 

რეალთორთა ასოციაციის წევრი უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას სამშენებლო ბიზნესში ახალი კომპანიების შემოსვლას და ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებას უკავშირებს: 

 

“შემოვიდნენ ახალი მცირე ზომის კომპანიები ბაზარზე, რომლებიც მომხმარებელს დასრულებულ პროექტებს სთავაზობენ. დღეს, 2009 წლის გამოცდილების შემდეგ ჰაერს არც არავინ ყიდის და არც არავინ ყიდულობს. საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა აინტერესებთ უკრაინის, რუსეთის, ევროკავშირის ქვეყნების და აშშ–ის მოქალაქეებს.” 

 

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 365,8 მლნ ლარი, მეორე კვარტალში 458,5 მლნ ლარი იყო. ორ კვარტლის მონაცემებით, მშპ–ში მშენებლობის წილი 7,4% –ია. 2013 წელს მშპ–ში მშენებლობის სექტორის წილმა 6,7%–ი შეადგინა, 2012 წელს 7,8%, ხოლო 2011 წელს -7%.

 

ვებპორტალ ყვითელ ფურცლებში 125 დეველოპერული კომპანია იძებნება. 

 

“myclient.ge” რეალთორ ექსპერტი ნინო კაპანაძე “ნეტგაზთთან” ამბობს, რომ 2014 წლის ორ კვარტალში მშპ–ში მშენებლობის წილი (7,4%) ბაზრის აქტიურობის მაჩვენებელია: 

 

“ბოლო ორ წელიწადში მშენებლობის სექტორი გაიზარდა. უცხოურ კომპანიებსაც აინტერესებთ ქართული ბაზარი. მალე ადგილობრივ ბაზარზე ჰოლანდიელი ინვესტორები შემოვლენ და რეალთორების ასოციაციას შექმნიან. მათ უკვე დაიწყეს საქართველოს ბაზრის შესწავლა და ახლა იწყებენ ბაზრის ათვისებას.” 

უძრავი ქონების სააგენტო “მერკურის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მშენებარე ბინებზეა:

 

“ჩვენ ძირითადად ყიდვა–გაყიდვაზე ვართ  ორიენტირებული. ამისკენ წაგვიყვანა ბაზარმა. ყველაზე მზარდი მოთხოვნა არის საბურთალოზე, ვაკეზე. ვაკეში რესურსი მწირია და მეორადი ბინები იყიდება. თეთრი კარკასის ფასი საბურთალოზე 900–1000 აშშ დოლარია. ბაზარი აქტიურია როგორც ცენტრალურ უბნებში, ისე პერიფერიებში. გარეუბნებში, გლდანში და ვარკეთილში თეთრი კარკასის ფასი 500 აშშ დოლარია. ყველაზე მაღლი ფასია მთაწმინდაზე და სოლოლაკში, სადაც 1 კვადრატის ფასი 2000 აშშ დოლარია.”

 

მშენებარე ბინების ყიდვა–გაყიდვის ბაზარზე არსებულ აქტივობაზე საუბრობენ სამშენებლო კომპანიებიც.

 

კომპანია “ტრიდე გრუპი”  მომხმარებელს დასრულებულ ბინებს (შავი კარკასი) სთავაზობს. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სოფო დვალი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კომპანიამ 6 თვეში 150 ბინა გაყიდა: 

 

“ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ბაზარი აქტიურია. ჩვენთან 1 კვადრატის (შავი კარკასის) ფასი 600–650 აშშ დოლარია.”

 

“ტრიდე გრუპის” გაყიდვების მენეჯერი აქტიურობას ბაზარზე კომპანიების ახალ შემოთავაზებას უკავშირებს: “დღეს ბაზარზე დაუსრულებელი პროექტი თითქმის არავის გამოაქვს. თან ჩვენ მომხმარებელს პარკინგს და სარეკრეაციო ზონას ვთავაზობთ.”

 

მომხმარებელს მზა პროდუქტს სთავაზობს კომპანია “დირსი”. საცხოვრებელ კომპლექსს ორთაჭალაში აზერბაიჯანული საინვესტიციო ჰოლდინგი AS Group Investment–ი აშენებს:

 

“კომპანია აშენებს ბაქოში, მოსკოვში, თბილისში. “დირსი” არის ყველაზე დიდი სამშენებლო კომპლექსი სამხრეთ კავკასიაში. მშენებლობა დავიწყეთ 2011 წელს და უკვე 11 საცხოვრებელი კომპლექსი დასრულებულია. აქტიურია მყიდველი. 250%-ით გაიზარდა ჩვენი გაყიდვები ზაფხულში. აქციის პირობებში 1 კვადრატული მეტრი 900 დოლარად გავყიდეთ. ბინები დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოთი და მოპირკეთებული სააბაზანოთი. აქცია დასრულდა, თუმცა 900 დოლარი 1 კვადრატულ მეტრზე გადახდის გარკვეულ პირობებზე შენარჩუნდა. თუკი ბინას ყიდულობენ განვადებით, კვადრატულის ფასი 1 200 დოლარია. გასათვალისწინებელია ხედი, სართული, მდებარეობა და ბინის ფართი,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ნუკი ბარბარე ჩოხელი. 


სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უძრავ ქონებას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ემიგრანტი ქართველები ყიდულობენ. 


კომპანია “თბილისის დიპლომატიური სოფლის”  გაყიდვების მენეჯერი ირაკლი გოქსაძე “ნეტგაზეთთნ” ამბობს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ააშენა, თითქმის ყველა ბინა გაიყიდა:

 

“გაყიდვა–გაქირავებაში არის 43 ბინა. ამ დროისათვის 35 უკვე გაყიდულია. “დიპლომატიური სოფელი” მდებარეობს დიდ დიღომში. 1 კვადრატული მეტრის ფასები იწყება 1150 აშშ დოლარიდან. გვაქვს 155 კვადრატის და 196 კვადრატის მოცულობის ბინები. 155 კვადრატიანის ფასი შავი კარკასის შემთხვევაში არის 1250 აშშ დოლარი 1 კვ. და 196 კვადრატიანის ფასი არის 1150 აშშ დოლრი. მთლიანობაში გამოდის 155 – 200 ათასი აშშ დოლარი.”

 

ირაკლი გოქსაძე ამბობს, რომ კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: “ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასები არ არის ხელმისაწვდომი. ამ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობს, იხდის 1 კვადრატზე მომსახურეობის 2 ლარს. კომპლექსის აშენებისთანავე გაიყიდა 16 სახლი, რომელიც აშშ–ის საელჩომ იყიდა.”  


კომპანია ბინებსაც უცხოელებზე აქირავებს: “155 კვადრატიანი ბინა ქირავდება – 2750 აშშ დოლარად, 196 კვადრატიანის შემთხვევაში ბინის ქირა არის 3 400 დოლარი. ეს თანხა შეიცავს მომსახურების გადასახადს.”  


“საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებამ 41 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის სექტორში 21 მლნ აშშ დოლარი შედგინა.  


მასალების გადაბეჭდვის წესი