ეკონომიკა

ევროკავშირის 4,5 მლნ ევროს გრანტი სურსათის ეროვნულ სააგენტოს

8 ივლისი, 2014 • • 1298
ევროკავშირის 4,5 მლნ ევროს გრანტი სურსათის ეროვნულ სააგენტოს

საქართველოში ევროკავშირის წარმპომადგენლობის ინფორმაციით, 2014 წლის 2 ივლისს ევროკავშირმა და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (NFA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას. 


გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან დაახლოებული ეფექტური სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) მართვის სისტემის ჩამოყალიბებას.

 

საგრანტო დაფინანსების მეშვეობით სააგენტო განახორციელებს რიგ ღონისძიებებს: შეიქმნება ახალი სასწავლო მოდულები სურსათის უვნებლობის ინსპექტორების, ვეტერინარების, მცენარეთა დაცვის ექსპერტებისა და სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებისათვის;


დაინერგება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა შორის აღსანიშნავია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა, დაავადებათა ზედამხედველობის სისტემები და სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზის საინფორმაციო ტექნოლოგიები.


გრანტი ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელს უფრო საიმედო ანალიზის უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრების სანიტარულ და ფიტოსანიტარულ (SPS) კონტროლზე, ტექნიკური კონსულტაციებისა და ტრენინგების პირდაპირი ბენეფიციარი იქნება.


ქართული და ევროპული სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის ექსპერტები, ასევე, იურისტები,  ერთად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სისტემების დაახლოებას ევროკავშირის სისტემებთან.

 

“მოსალოდნელია, რომ ყველა ეს ქმედება ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის საკითხებზე, განსაკუთრებით მომხმარებლებს, ფერმერებს, რეალიზატორებსა და გადამამუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შორის” – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორამციაში. 

 

“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” ფარგლებში საქართველოში სურსათის უვნებლობის რეგულაციების რეფორმა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს საკვები პროდუქტები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამით გაუმჯობესდება ქართველი მომხმარებელის უსაფრთხოება და გაიზრდება ქართული საკვები პროდუქტების ექსპორტი.

საქართველო და ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი

 

რეფორმები მოიცავს ისეთ ზოგად წესებს სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორიცაა: სავალდებულო საკვების შემოწმება და ჰიგიენის სტანდარტები კვების ჯაჭვის ყველა მონაკვეთზე, ანუ წარმოების, შენახვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

 

ეს პროექტი არ არის იზოლირებული ინიციატივა, არამედ წარმოადგენს ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი ეხმარება საქართველოს საკვების და სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციაში.


ევროკავშირი მხარს უჭერდა ამ ქმედების წინა ეტაპსაც 2.7 მილიონი ევროს მეშვეობით 18 თვის განმავლობაში, 2014 წლის აპრილამდე.


სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას, რისთვისაც 52 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი სხვადასხვა გრანტებისა და მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი