ეკონომიკა

რას შეცვლის ფერმერებისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

25 სექტემბერი, 2013 • 1279
რას შეცვლის ფერმერებისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

„პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ იგივე კრიტერიუმები უნდა მოქმედებდეს საქართველოში, რაც ევროპაშია. მნიშვნელობა არ ექნება, სად შეჭამთ ქართულ ხორცს – თბილისში თუ პარიზში,“ – ამბობს ხუან-ხოსე ეჩანოვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე.

ეჩანოვეს თქმით, ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ფერმერებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება მოუწევთ, რათა პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესონ:

“თუკი ფერმერები ხარისხის ამაღლებაში ფულს ჩადებენ, სტანდარტების დაკმაყოფილებით შეძლებენ უფრო ფართო ბაზარზე გასვლას. ეს  ხარჯები არ არის უბრალოდ ხარჯები ეს არის ინვესტიცია, რომელიც  შემდეგ მოიტანს სარგებელს“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში მცხოვრები როინ ფსუტურის მეცხოველეობის ფერმა 45 მსხვილი რქოსანი პირუტყვისგან შედგება. ფსუტური ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ნედლი ხორცის ექსპორტის სურვილი აქვს და ამისათვის მზადება უკვე დაიწყო:   

 

„მარტო ერთ ფერმერს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა გაუჭირდება. ფერმის გადასაიარაღებლად სოლიდური ინვესტიციებია საჭირო.“

 

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ფერმერმა  სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი შექმნა, სადაც 10 ფერმერია გაწევრიანებული. კონსულტაციები პოლონეთის საელჩოს ექსპერტებმა გაუწიეს:

 

„ჩემს ფერმას ახლა ევროკავშირის სტანდარტებთან შედარებით დაბალი ჭერი აქვს. ასევე, მზის სინათლე ნაკლებია, მეტი ფანჯრები უნდა იყოს. მთავარია, ასევე, ჰიგიენური პირობების და სისუფთავის დაცვა და ეკოლოგიურად სუფთა საკვები. ევროკავშირის ბაზარზე რომ გავიდეთ, ფერმა უნდა დავშალოთ და სტანდარტების დაცვით ავაგოთ. შემდეგ უნდა დავიცვათ სხვა კრიტერიუმები,” – ამბობს ფსუტური.    

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე განმარტავს, რომ შეუძლებელი იქნება ევროკავშირში ისეთი საქონლის ხორცის შეტანა, რომელიც სახლის პირობებში დაკლეს და არა შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილ სასაკლაოზე.

საქართველოში დღეს უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ფერმერი პირუტყვს სასაკლაოზე აკვლევინებს. ხორცის ხარისხს სასაკლაოს ვეტერინარი ადგენს, შემდეგ კი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ხვდება.

თუმცა  ხუან-ხოსე ეჩანოვეს განცხადებით,  ცხოველური წარმოშობის სურსათის ევროკავშირში ექსპორტირებისთვის, ასევე, აუცილებელი იქნება სურსათის უვნებლობისა და დაავადებათა კონტროლის კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება:

“საქართველოში უნდა იყოს მიღებული რიგი ზომები, მაგალითად, იგივე დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით. ეს სამუშაო  მიმდინარეობს, მაგრამ არ არის დასრულებული. სურსათის უვნებლობის კრიტერიუმები საქართველოსთვის არც იმაზე რთულია და არც იმაზე მარტივი,  ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვყნისათვის მთელ მსოფლიოში.“

საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გამოიცა დადგენილება,  რომლითაც განისაზღვრა ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუცია-რეალიზაციის, ასევე, ბიოწარმოების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესები.

 

აღნიშნული დადგენილების მიხედვით, მაგალითად, მეცხოველეობისთვის ბიოწარმოების მიზნით, ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50% ბიომეურნეობაში ან იმავე რეგიონში არსებულ სხვა ბიომეურნეობაში მზადდება;  ახალშობილი ძუძუმწოვრები უმჯობესია იკვებებოდნენ დედის რძით; დაუშვებელია ცხოველთა დიეტა, რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს; ტრანსპორტირებისას უნდა შემცირდეს ცხოველების სტრესი და ტრავმის ალბათობა და ა.შ. ეს დადგენილება 2014 წლის 1 იავრიდან ამოქმედდება.

საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება მიმდინარე წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზეა დაგეგმილი, თუმცა მისი ხელმოწერა მომავალი წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი და ამ დროისთვის საქართველო პროდუქციის წარმოების კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

“ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადაიარაღების პროცესს ყველა ფერმერი ერთად დაიწყებს,“ – მიიჩნევს როინ ფსუტური, რომელიც უკვე აწარმოებს გადაიარაღების პროცესს თავის ფერმაში.    

 

2013 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 17% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი