ახალი ამბები

პარლამენტმა ელჩობის კანდიდატებს მოუსმინა

7 თებერვალი, 2013 • • 1079
პარლამენტმა ელჩობის კანდიდატებს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის თქმით, განხილვა უაღრესად საინტერესო იყო:

 

“განხილვა იყო ძალიან ხანგრძლივი, შრომატევადი, უაღრესად საინტერესო. სხვათა შორის, ძალიან კონსტრუქციული ხასიათის, უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთობლივად კარგად ვიმუშავეთ. სამი კომიტეტის სხდომა იყო და ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი. იყო, რა თქმა უნდა, შეკითხვები, არ იყო პოლიტიკური შეკითხვები, მაგრამ ყველაზე უფრო დაძაბული განხილვა შეეხო ბატონ არჩილ გეგეშიძეს. ეს გასაგებია, ის ინიშნება ამერიკის ელჩად. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას ეყოლება ძალიან ღირსეული წარმომადგენლები იმ ქვეყნებში, სადაც ესენი დაინიშნებიან.”

 

უნგრეთში საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკის კანდიდატურა, ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიას, აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძეს, ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძის, უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლებას, იტალიის რესპუბლიკაში ელჩად და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში ელჩად და UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკა სირაძე-დელონე კანდიდატურები განიხილება. 

 

ეკა სირაძე-დელონეს თქმით, მას კითხვები იუნესკოზე დაუსვეს:

 

“მოსმენამ საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა, ძალიან საინტერესო კითხვები იყო. კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში დაისვა კითხვები იუნესკოსთან ურთიერთობასა და ბაგრატისა და გელათის მონასტრის საკითხებზე. ჩემს პრიორიტეტებზე დეტალურად ვერ გესაუბრებით, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, საფრანგეთშიც და საქართველოშიც შეიცვალა აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისთავად ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტერგირებასთან დაკავშირებით საფრანგეთის მხარდაჭერა, ევროინტეგრაციაში საფრანგეთის მხარდაჭერა, იუნესკო და დიასპორასთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”

 

“აქტიურად ვიმუშავებ ძალიან ევროინტერგრაციის მიმართულებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთიბაში ჩეხეთის პოტენციალი მთლიანად უნდა იქნეს გამოყენებული. ჩეხეთი საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ქვეყანაა ჩვენთვის. ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული და პოლიტიკურად ძლიერი ქვეყანაა. პერსპექტივები არის ძალიან დიდი და სამუშაო აირს ბევრი. არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა  ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობის კანდიდატმა ზაალ გოგსაძემ.

 

გოგსაძისა და  სირაძე-დელონეს გარდა, დღევანდელ შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობის კანდიდატი ზაზა კანდელაკი, ლატვიის რესპუბლიკაში ელჩობის კანდიდატი თეიმურაზ ჯანჯალია, აშშ-ში ელჩობის კანდიდატი არჩილ გეგეშიძე, უკრაინაში ელჩობის კანდიდატი  მიხეილ უკლება, იტალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობის კანდიდატი და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის კანდიდატი კარლო სიხარულიძე ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი