5 მაისს ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” გაიხსნება

5 მაისიდან 9 ივნისამდე ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება. ფესტივალი თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ხელოვან მანანა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენით გაიხსნება.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.

6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი იქნება ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“ (საკონცერტო შესრულება), რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს.

ჯ.ვერდის „დონ კარლოსი“ საკონცერტო ვერსიით პირველად სრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. სპეციალურად ამ კონცერტისათვის პირველად საქართველოს დედაქალაქს სტუმრად ეწვევა ცნობილი ესპანელი დირიჟორი ხოსე ლუის გომესი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი.

8 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოს უმასპინძლებს, რომელიც კომპოზიტორის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

20 მაისს კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი ცნობილ პერკუსიონისტს და მარიმბას დიდოსტატს, დირიჟორს -„ადამიან ორკესტრს“ – ხენ ციმბალისტას უმასპინძლებს (ისრაელი). ხენ ციმბალისტა საქართველოში მეორედ იმყოფება, შარშან ფესტივალის ფარგლებში მან კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე დაუვიწყარ კონცერტთან ერთად მასტერკლასები ჩაატარა მომავალი დრამერებისათვის. კონცერტი წელს ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

22 მაისი – კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართული საგუნდო მუსიკის საღამო ჩატარდება. შესრულდება ქართველ კომპოზიტორთა და საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. საღამო ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს

1 ივნისი – კონსერვატორიის დიდ დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის საღამოს სერგეი ბაბაიანი ჩაატრებს. იგი ფესტივალის საპატიო მონაწილეა და პროექტით – ი.ს. ბახი „კარგად ტემპერირებული კლავირი“ (24 პრელუდია და ფუგა, I ტომი) წარდგება მსმენელის წინაშე.

5 ივნისი – დიდი საკონცერტო დარბაზი ევ. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს უმასპინძლებს. პროგრამა: პროკოფიევი, კონცერტი #3 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის დო მაჟორი, op. 26. საღამო ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 125 წლისთავს

ფესტივალი 9 ივნისს, ბათუმში დაიხურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი