საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სათხილამურო კურორტებზე პატრულირებას საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს.
მინისტრის თქმით, განისაზღვრა სათხილამურო ტრასა, თოვლმავლით სიარულის არეალი; შეიზღუდა ალკოჰოლურ მდგომარეობაში თოვლმავლის ტარება; ალკოჰოლურ მდგომარეობაში სრიალის შეზღუდვა; შეიზღუდება ასევე 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის თოვლმავლის ტარების უფლებაც.
მინისტრის განმარტებით, მარკირებულ სასრიალო ტრასებზე თოვლმავლით სიარული შეიზღუდა, რადგანაც თოვლმავლები შედიოდნენ იმ ადგილებში, სადაც მოთხილამურეები სრიალებდნენ და მათ საფრთხეს უქმნიდნენ.
“ჯარიმები არის შემდეგი: პირველი შემთხვევა შეიძლება იყოს გაფრთხილება ან 100 ლარი ჯარიმა, მეორე შემთხვევა არის 200 ლარი და მესამე შემთხვევა უკვე სხვა აქტებით რეგულირდება, – ეს არის თოვლმავალთან მიმართებაში.”
“იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი, რომელიც სრიალებს, ან არ არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ აშკარად უქმნის საფრთხეს თავის სიცოცხლეს და სხვის სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში არის გაფრთხილება, ამის შემდეგ არის 20-ლარიანი ჯარიმა და არის ჩადებული სასრიალო საშუალების 1-დღიანი ჩამორთმევა,”- განმარტავს ქუმსიშვილი
კანონის აღსრულებას შსს უზრუნველყოფს, ხოლო იმ სათხილამურო ტრასების მარკირებასა და განსაზღვრას, სადაც თხილამურით სრიალი ან თოვლმავლით სრიალი იქნება დაშვებული, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.
სასრიალო ტრასებზე “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი უკვე დაახლოებით 1 კვირაა უკვე დაიწყო.
