შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ ბათუმის სტადიონზე, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტებისას დაკავებული ყველა თურქი ქომაგი გათავისუფლებულია.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ოთხი თანამშრომელი დაშავდა, სტადიონის ინფრასტრუქტურას კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, როგორც ირკვევა უწყება დაკავებულთა სისხლის სამართლის წესით დასჯას არ გეგმავს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის ნაცვლად
ჟურნალისტებთან საუბრისას სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის მიზანი საპოლიციო ღონისძიების დროს ქომაგების დაჭერა არ ყოფილა და სამართალდამცველები მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აგრესიული გულშემატკივრების განრიდებას ცდილობდნენ. მინისტრის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე შედეგი აუცილებლად დადგება.
„შედეგში ვგულისხმობ, მათ შორის შესაძლებელია, მაგაზე იმსჯელებს სასამართლო, აეკრძალოთ მათ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით“, — აღნიშნა თამაზაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და განაცხადა, რომ მათ მოსალოდნელი დიდი საფრთხეები აირიდეს თავიდან. მან დაშავებულ ოთხ სამართალდამცველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება უსურვა.
მაშინ, რატომ სხედან ციხეში მზია ამაღლობელი და სინდისის სხვა პატიმრები?
ბრიფინგზე ჟურნალისტებმა თამაზაშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვეს ორმაგი სტანდარტების შესახებ. მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თურქულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა, სტადიონზე კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მიყენებულია მატერიალური ზიანი, თუმცა ქომაგები გაათავისუფლეს მაშინ, როდესაც ელენე ხოშტარია, არჩილ მუსელიანცი და მზია ამაღლობელი და სხვა პატიმრები, სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში იმყოფებიან.
ელენე ხოშტარიას ბრალად ედება საარჩევნო პოსტერის დაზიანება, ხოლო მზია ამაღლობელს პოლიციელზე ძალადობა.
სულხან თამაზაშვილმა ამ საქმეების გაიგივება გამორიცხა და განაცხადა, რომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი „განსხვავებული მოვლენაა“, რადგან მისი აზრით, სპორტული ღონისძიებების დროს ქომაგებს განსაკუთრებული აგრესია და “ემოციები ახასიათებთ”.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა ქომაგების ქმედებასა და მზია ამაღლობელის საქმეს შორის, მინისტრმა უპასუხა:
„ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას (განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას) გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა, და ეს არის ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა]“, — განაცხადა თამაზაშვილმა.

რომელი კანონი ანიჭებს ქომაგებს პოლიციაზე თავდასხმაზე დაუსჯელობის იმუნიტეტს, მინისტრმა აღარ უპასუხა.
თურქ კოლეგასთან საუბრის ჩანაწერი და საზღვარზე აღკვეთილი ბანერები
მინისტრმა დაადასტურა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა უარყო თურქულ მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულთა გათავისუფლება თურქული მხარის მოთხოვნა იყო. თამაზაშვილის თქმით, მის კოლეგას მსგავსი კითხვა არ დაუსვამს და თავად მიაწოდა ინფორმაცია როგორც დაშავებული პოლიციელების, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების შესახებ.
თამაზაშვილის განმარტებით, საუბარი თავად არ ჩაუწერია, თუმცა ჩანაწერი რომ ჰქონოდა, სრულ ვერსიას გაავრცელებდა, რათა აქცენტი პრევენციულ ღონისძიებებზე გაეკეთებინა. მისი ინფორმაციით, მატჩის დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 14:00-15:00 საათზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც “ბეშიქთაშის” ქომაგები შეურაცხმყოფელ და პროვოკაციულ ბანერებთან პოზირებდნენ.
„საზღვარზე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში და დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული“, — აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ საღამოსთვის არც ერთი ასეთი ბანერი სტადიონზე არ მოხვედრილა, რის შესახებაც საპოლიციო ატაშეების მეშვეობით კოლეგები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი.
დროშის ჩამოხსნის ინციდენტი
შს მინისტრი თურქულ მედიაში გავრცელებულ კადრებსაც გამოეხმაურა, რომელიც სტადიონზე დროშის ჩამოხსნას ეხებოდა. თამაზაშვილის განმარტებით, კადრებში სახელმწიფოს ან პოლიციის წარმომადგენელი არ ფიგურირებს. მისი თქმით, უეფას წესებისა და მატჩისწინა თათბირზე მიღებული მოთხოვნის თანახმად, სტადიონზე მხოლოდ თურქეთის, ისრაელისა და მასპინძელი საქართველოს სახელმწიფო დროშების გამოყენება იყო დაშვებული. ამ პირობის დარღვევის გამო, უეფას დელეგატის მითითებით, დროშის აღება „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელმა მოითხოვა.
რაც შეეხება ბათუმის სტადიონის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანს, სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ ზარალი „მნიშვნელოვანია“. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი საქართველოში ჩატარდა, თამაშის მასპინძელი და ორგანიზატორი თურქული კლუბი „ბეშიქთაში“ იყო. მინისტრის ვარაუდით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს ზარალის ანაზღაურების სახით 200 ათას ლარამდე ჯარიმას დააკისრებს.
