ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინთან შეხვედრამდე, თბილისში ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელ იური ბალაშოვთან საუბრები გაიმართა. მისი თქმით, ბალაშოვი თავდაპირველად იძლეოდა დაპირებას, რომ წლის ბოლომდე ყველა ქართული კომპანია სიიდან ამოიღებოდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ანალოგიური დამოკიდებულება უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც გამოიკვეთა.

იური ბალაშოვი

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, ფლობდა თუ არა წინასწარ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან კიდევ ორი ქართული კომპანიის შესაძლო სანქცირების გეგმებსა და მამუკა ფიფიას მიერ დასახელებულ თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

„რაც შეეხება შეხვედრას, არის ბატონი ბალაშოვი, რომელიც არის, თუ არ ვცდები, ქართულ-რუსული სავაჭრო პალატის თანახელმძღვანელი. მასთან იყო საუბრები გალუზინთან შეხვედრამდე. მისი მხრიდან იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია იქნებოდა ამოღებული სიიდან, თუმცა მისი მხრიდანაც შეიცვალა ეს პოზიცია და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც მოვისმინეთ ჩვენ ანალოგიური პოზიცია, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი“, — განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებას ადგილზე ჟურნალისტებთან პოლემიკა მოჰყვა. მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, თუ რისი იმედი აქვს ხელისუფლებას დეოკუპაციის პროცესში მაშინ, როცა ღვინოზეც კი “გადააგდო” მოსკოვმა, კობახიძემ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა.

„თქვენ გადაგაგდეს 20%-ის ოკუპაციის ნაწილში და ამიტომ ჩუმად ვიქნებოდი თქვენს ადგილას, იმიტომ, რომ თქვენმა პარტიამ ჩააბარა 20% რუსეთის ფედერაციას და გადაგდებაზე თქვენს ადგილას არ ვისაუბრებდი“, — მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძემ ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და დიალოგის ფორმატზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა „ურთულესია“, რადგან რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და განხორციელებული აქვს ეგრეთ წოდებული აღიარება. კობახიძის თქმით, ეს სტატუს-კვო ხელისუფლებამ „მემკვიდრეობით გადმოიბარა“ და ვითარება თანმიმდევრულ მიდგომასა და მოთმინებით მუშაობას მოითხოვს.

მინსკი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელებას ელოდება