ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მმართველ გუნდში არსებულ ურთიერთობებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის ქონა გუნდური იერარქიიდან გამომდინარე ბუნებრივი და ლოგიკურია.
„ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი. შესაბამისად, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა სწორედ ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის არსებობს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებული მამუკა მდინარაძეზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ემოციებით არ ხელმძღვანელობენ და გადაწყვეტილებები პრაგმატული მოსაზრებებით მიიღება: „პოლიტიკაში არ ბრაზდებიან, რომ იცოდეთ, საერთოდ არ ბრაზდებიან პოლიტიკაში. პოლიტიკაში ყველა საკითხთან დაკავშირებით პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, — აღნიშნა კობახიძემ.
