რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია აღიაროს ვინმე, ვისაც ქიროტონია (ხელდასმა) არ გააჩნია.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყოველთვის ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ქიროტონია არ გააჩნია და ჩვენ არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ დგახართ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ვილოცებთ თქვენთვის“, — განაცხადა თეოდორე ჭუაძემ, რუსეთის საპატრიარქოს ცნობით.

მანამდე რუსეთის პატრიარქი კირილი საუბრობდა გაყოფაზე მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით.

„ჩვენი ეკლესიისა და მრავალი სხვა ეკლესიის მაგალითზე ვიცით, რომ განყოფანი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე ხშირად კი ადამიანური ცოდვების გამო ხდებოდა, შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ჭრილობად ეკლესიის სხეულზე. სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა განკურნებაც აუცილებელია. ამ მკურნალობის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შეიძლება ყველაზე არასახარბიელო აღმოჩნდეს. ამიტომ, ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაში წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ღვთის წყალობით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ განიკურნოს ეს ჭრილობები, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შესაძლოა გაჭიანურებული სენის ხასიათი მიიღოს“, — განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილემ და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ეკლესიის დადებითი როლი და მნიშვნელობა, რომელიც კანონიკური სიმართლის მხარეს დგას.

საქართველოს საპატრიარქო არ ადასტურებს, რომ თეოდორე ჭუაძის განცხადება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე ქართული ეკლესიის პოზიციას შეეხება. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ესაუბრა მეუფე თეოდორეს და მან თქვა, რომ „ზოგადად საუბარი შეეხებოდა იმას, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას გარკვეული მტკივნეული საკითხები შეემატა ბოლო პერიოდებში“.

„საუბარი შეეხებოდა იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულზე ერთგვარი წყლულები გაჩნდა, რომლის განკურნებაზეც საუბარი იყო ყველა იქ მყოფი დამსწრე მონაწილეების მხრიდან. და, ზოგადად, საუბარი იყო, რომ ერთობას ხელს შეუწყობს საეკლესიო კანონიკის ზედმიწევნითი დაცვა. ჩვენ რომ ვნახოთ ეს განცხადება, იქ უკრაინა ნახსენები არ არის. შეიძლება იყოს კერძო პირები, მაგრამ ვერასოდეს, სინოდის სახელით, თუ სინოდს არ უმსჯელია, ვერავინ იტყვის ქართული ეკლესიის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ საკითხზე, რაც საგარეო საკითხს ეხება. ძალიან ზოგადად იყო ნათქვამი“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.

მან უარყო, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლას საქართველოს საპატრიარქოზე უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მიზნით.

„მსოფლიო საპატრიარქოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საგარეო ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ქართული ეკლესიის დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში და გასაგებია, რომ საზოგადოებას აქვს შეკითხვები, თუმცა ყველა უნდა მიეჩვიოს ამას, რომ ქართულ ეკლესიას ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან აქვს ურთიერთობები და ეს არის კარგი“, — თქვა ჯაღმაიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.