სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი 23 ნოემბერს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვებგვერდი შეიქმნა იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს ახალი კონსტიტუციის პროექტის გაცნობა და მასთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარდგენა.
„10:00 საათზე პირდაპირ ეთერში მივმართავ საზოგადოებას. ეს შენი კონსტიტუციაა“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
პროექტის ავტორები განმარტავენ, რა ახალი დებულებებია გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში:
„ახალი კონსტიტუციის მიღების მიზანია სომხეთის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ კონსტიტუცია ნამდვილად აღიქმებოდეს ხალხის ნების გამოხატულებად. მრავალი წლის განმავლობაში მოქმედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები და ეჭვები, როგორც მისი გამოყენების, ისე იმის შესახებ, მიღებული იყო თუ არა იგი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი კონსტიტუცია საყოველთაო რეფერენდუმზე მიიღონ და მოქალაქეთა რეალური მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობდეს.
კონსტიტუცია არ უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი კანონი, რომელსაც რეალური მნიშვნელობა ექნება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. იგი განსაზღვრავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და მოვალეობებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზებისა და საქმიანობის პრინციპებს.
ახალი კონსტიტუციის საფუძველში დევს იდეა, რომ სომხეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი ხალხია და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. სახელმწიფო ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს, სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები კი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხალხის საკეთილდღეოდ უნდა ფუნქციონირებდეს, მოქალაქეებს კი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ახალი კონსტიტუცია ასევე ეფუძნება უწყვეტი სახელმწიფოებრიობის იდეას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ დღევანდელი პრობლემების გადაჭრისკენ, არამედ სომხეთის გრძელვადიანი განვითარებისკენაც. მიზანი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, უსაფრთხო, განვითარებული და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს გადაცემა. ახალი კონსტიტუცია სომხეთის რესპუბლიკას წარმოაჩენს როგორც „მშვიდობის გზაჯვარედინს“, რითაც მშვიდობა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ საკითხად განისაზღვრება.
ახალი კონსტიტუციის მიღება ეროვნული იდენტობის განვითარების ახალ ეტაპადაც განიხილება – სახელმწიფოებრიობას მოკლებული ერის მოქმედების მოდელიდან იმ ხალხის გააზრებულ ქცევაზე გადასვლად, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს აშენებს. ამ მიდგომის ფარგლებში იდენტობის ახალი გაგება ყალიბდება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო და იდენტობა მხოლოდ ურთიერთდაკავშირებული ცნებები არ არის, ისინი სახელმწიფო იდენტობის საფუძველს წარმოადგენს.
ახალი კონსტიტუციის ცენტრში ადამიანია, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონსტიტუციით უფლებების განმტკიცება, არამედ მათი რეალური დაცვის უზრუნველყოფაც. ამისთვის მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი უფლებებით სარგებლობა, როგორ ხდება მათი დაცვა და რა პირობებში შეიძლება მათი შეზღუდვა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ თითოეულ ადამიანს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მოვალეობები და პასუხისმგებლობაც აქვს.
ახალი კონსტიტუცია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსს. პარლამენტს უნდა ჰქონდეს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობა, მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამო, სასამართლოები კი დამოუკიდებლობას უნდა ინარჩუნებდნენ და მართლმსაჯულებას უზრუნველყოფდნენ. მნიშვნელოვანია სასამართლოების კავშირიც ხალხთან. ამასთან, ხაზგასმულია პოლიტიკური პარტიებისა და მასმედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრებაში.
ახალი კონსტიტუცია უნდა გახდეს მოქალაქეთა საერთო შეთანხმება იმის შესახებ, როგორი სახელმწიფოს შექმნა სურთ და რა პრინციპებით უნდა მოქმედებდეს იგი. მის საფუძველში დევს მშვიდობიანი, უსაფრთხო, თავისუფალი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სომხეთის იდეა, სადაც სახელმწიფო ხალხს ემსახურება, ადამიანის უფლებებს იცავს და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია კონსტიტუციის პროექტში.
სომხეთში ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესი 2022 წელს დაიწყო.
ახალი კონსტიტუციის შემუშავების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის ფონზე: ბაქო სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის ერთ-ერთ პირობად სომხეთის კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის 1990 წლის დეკლარაციაზე მითითების ამოღებას ასახელებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები სომხეთის შიდა საქმეა, თუმცა ახალი დოკუმენტი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებას აღარ შეიცავს. ოპოზიცია ინიციატივას აზერბაიჯანის მოთხოვნებთან დათმობად აფასებს. ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო რეფერენდუმზე გასატანად პარლამენტის 105 დეპუტატიდან სულ მცირე 70-ის მხარდაჭერაა საჭირო. ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას 2027 წელს გეგმავს.
სომხეთში მოქმედი კონსტიტუცია 1995 წელს მიიღეს, 2015 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა.
