სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა. მათი ვინაობა უცნობია. „პრაიმ ტაიმმა“ მოგვიანებით კი „სანდო წყარომ“ გაავრცელა ცნობა, რომ შეწყალებულთა შორის სავარაუდოდ, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილიცაა. სამთავრობო მედიამ თავდაპირველად ეს ცნობა დადასტურებული ფორმით გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია შეცვალა და სიტყვა „სავარაუდო“ დაამატა.

„ნეტგაზეთმა“ ინფორმაციის გადამოწმება სცადა მის ადვოკატთან ასევე ოჯახთან, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული არაა დატოვებს თუ არა ის ციხეს.

გარდა ამისა, „სანდო წყარომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, შეწყალებულთა შორის არიან გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია. ეს ცნობაც, ამ ეტაპზე, არაა დადასტურებული.


გიორგი ოკმელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების პერიოდში, 2024 წლის მაისში, საკუთარ სახლში დააკავეს. 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
თავდაპირველად, გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუმატეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფდა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას, ის ამბობდა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.
რაც შეეხება გიორგი მინდაძესა და ანრი კვარაცხელიას: 
  • ანრი კვარაცხელიას 2025 წელს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაბადებული ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს, გამთენიისას, სახლში დააკავეს. მას ედავებოდნენ პირველ დეკემბერს აქციაზე გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რამაც „საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას“. მის საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.
  • 2025 წლის ივლისში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ის 21 წლის იყო. პროკურატურა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ედავება 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას, რამაც, ბრალდების ვერსიით, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა. თავად ჯაჭვაძე ამბობს, რომ დაზიანება მიიღო, თუმცა, არა იმდენად სერიოზული, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებოდა.