ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) განცხადებით, მის ნათქვამზე გამოხმაურებებით ხელისუფლებამ თავის თავი წარმოაჩინა.
ამის შესახებ მიტროპოლიტმა იობმა დღეს, 21 ნოემბერს, ქადაგებისას ისაუბრა.
მიტროპოლიტის თქმით, ხელისუფლების გამოხმაურებებით წარმოჩინდა, რომ ისინი მორწმუნეები არ არიან.
„მე ჩემს წინა ქადაგებაში ყველა ჩემს სიტყვას ახსნას გავუკეთებ. რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით… მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აი აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი.
ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის, იმიტომ, რომ მას არ სურს დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს. ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. აი, ეს არის მორწმუნეობა, ესაა ეკლესიურობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, ფარისევლობა არის როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“
ბევრს ჰგონია, რომ სანთელი დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
დღეს მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ.
10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.
მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ მიტროპოლიტის განცხადება უპასუხისმგებლობაა. „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თქვა, რომ მიტროპოლიტ იობს ღმერთმა შეუნდოს.
მიტროპოლიტ იობის კრიტიკის პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. მისი შეფასებით, მსგავსი საჯარო დაპირისპირება დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა კი მიტრიპოლიტ იობს აგინა.
„იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, – მიმართა მიტროპოლიტ იობს ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალური ქსელიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.
