ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს საჯარო მოხელის შეურაცხყოფის საბაბით.

თავად სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ის იმ წინადადების გამო დააჯარიმეს, სადაც “მკვლელებოს და ვირთხებოს” ამბობდა.

ბოლო პერიოდში ცხოველთა დამცველები აქტიურად აპროტესტებენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის მუშაობას.

ცხოველთა დამცველების აქციებმა თბილისში პერმანენტული ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები უკანონოდ მოკლული ძაღლების მასობრივი სამარხების აღმოჩენის შესახებ. ისინი მერიის მუნიციპალური თავშესაფრისაგან პასუხებს და გამჭვირვალობას ითხოვენ იმაზე თუ საიდან მიჰყავთ ძაღლები და რამდენად კანონიერად აძინებენ მათ. მერია ბრალდებებს უარყოფს და ცხოველთა დამცველებს პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება. მუნიციპალურ თავშესაფართან აქციაზე ცხოველთა ერთი-ერთი დამცველი, დავით ზანდუკელიც დააკავეს სისხლის სამართლის წესით.